გაიზიარებს თუ არა ირაკლი ალასანია დავით კირვალიძის ბედს?

გაიზიარებს თუ არა ირაკლი ალასანია დავით კირვალიძის ბედს?

გაიზიარებს თუ არა ირაკლი ალასანია სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, დავით კირვალიძის ბედს? - ეს მოლოდინი თავდაცვის სამინისტროდან, თანამდებობის 5 პირის დაკავების შემდეგ გაჩნდა. მათ 4 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას ედავებიან. უკვე გამოჩნდნენ არასამთავრობოები, რომლებმაც ალასანიას გადადგომა მოითხოვეს.

მოხდება თუ არა ალასანიას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ჯერ უცნობია - თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით, საფრანგეთშია. მას მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ახალი ხელისუფლების პირობებში, სამინისტროს სკანდალი პირველი არ არის. შეგახსენებთ სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დაკავების კიდევ ერთ ფაქტს, რომელიც 2013 წლის მაისში მოხდა და რომელსაც მინისტრის თანამდებობა შეეწირა. - გასულ წელს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს. მაშინდელმა მინისტრმა დავით კირვალიძემ, ოფიციალური ინფორმაციით, თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა, თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს საკითხი მაშინდელმა პრემიერმა - პირადად ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა.

დაკავებულებს მაშინ დაახლოებით მილიონის გაფლანგვას ედავებოდნენ. კირვალიძემ გადადგომამდე თქვა, რომ გამოძიება ყველაფერს გაარკვევდა. ყოფილი მინისტრი ე.წ. მოდულში დაკითხვაზეც იმყოფებოდა. ბიძინა ივანიშვილმა კი, იმ პერიოდში, განაცხადა, რომ თუ კი გამოძიება არ დაადასტურებს ამ საქმესთან კირვალიძის კავშირს, მას თანამდებობაზე დააბრუნებდა.

ე.წ. ტრაქტორების საქმეზე, სახელმწიფო სახსრების 2 მილიონ 500 ათასი ლარის გაფლანგვაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს და "მექანიზატორის" 9 თანამდებობის პირი იყო ბრალდებული. ყველა მათგანის მიმართ, პროკურატურამ განრიდება გააკეთა, - რაც ნიშნავს, რომ ცხრავე პირს ბრალი იმ უწყებამ მოუხსნა, რომელმაც დააკავა. კირვალიძე კი, დაპირების მიუხედავად, თანამდებობაზე არ დაუბრუნებიათ.

რა ხდება ახლა თავდაცვის სამინისტროში?

პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ალასანიას უწყების მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება ასეთია: "2013 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ცნობილი გახდა, რომ სს ,,სილქნეტი", კერძო სამეწარმეო მიზნებისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეული მიმართულებით გეგმავდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას. ბრალდებულებმა კი, განიზრახეს "სილქნეტის" სასარგებლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვა. დანაშაულის შესანიღბად, მათ ვითომდა ბაზრის საკვლევად და შესაძენი ქონებისა და მომსახურების მისაღებად საჭირო ყველაზე დაბალი ფასის განსასაზღვრად, გამოაცხადეს საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ, სადაც მონაწილეობის მისაღებად თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტმა მოწვევა ,,სილქნეტთან" ერთად გაუგზავნა საქართველოში მოქმედ 9 კომპანიას, რომლებსაც წინადადებების წარმოსადგენად ვადა მიეცათ 5 სექტემბრამდე. ვინაიდან მოკლე ვადა იყო, მხოლოდ 4-მა კომპანიამ შეძლო ზოგადი ხარჯთაღრიცხვის წარდგენა.

ხსენებულმა თანამდებობის პირებმა მიიღეს ყველა ზომა, რომ "სილქნეტისთვის" უპირატესობის მინიჭებით და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებით, რაც გამოიხატებოდა სხვა კომპანიებისათვის ქონებაზე და მომსახურებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში, ამ უკანასკნელს გაემარჯვა გამოცხადებულ საიდუმლო შესყიდვაში და ასეც მოხდა.

2013 წლის 26 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ "სილქნეტთან" გააფორმა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შესყიდვის, ქსელური აპარატურის, შეძენა-მონტაჟისა და მომსახურების პირობით. ამ ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ "სილქნეტს" უნდა გადაუხადოს ჯამში 6 720 877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) გადარიცხულია უკვე 6 480 877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ სს "სილქნეტისგან" 2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეადგენს მხოლოდ 2 618 004.82 ლარს.

ბრალდების ინფორმაციით, დაკავებულებმა ,,სილქნეტის" სასარგებლოდ გაფლანგეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872.6 ლარი.

მათ ბრალის დადასტურების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ", - ეს პროკურატურის ინფორმაციაა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ალასანია საფრანგეთსა და გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის შეწყვეტას არ აპირებს და შეხვედრებს განაგრძობს, მისმა უწყებამ კი, უკვე გაავრცელა განცხადება.

თავდაცვის სამინისტრო ინიციატივით გამოდის მოეხსნას გრიფი "საიდუმლო" შესყიდვას, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურამ სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ თავდაცვის სამინისტრო დაინტერესებულია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება და გამოთქვამს სრულ მზადყოფნას გააგრძელოს ინტენსიური თანამშრობლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

"თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი შესყიდვებს ახორცილებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. სამინისტროში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რომ შესყიდვების სისტემა მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს. სატენდერო კომისიის სხდომებს დამკვირვებლის სტატუსით ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თავდაცვის სამინისტრო მიერთებულია ნატო-ს კეთილსინდისიერების ამაღლების ინიციატივას. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ექსპერტებმა 2013 წელს სამინისტროს ანტიკორუფციული რეფორმები დადებითად შეაფასეს და წარმატებული გამოცდილების გაზიარება ნატო-ს პარტნიორი სახელმწიფოებისთვის ითხოვეს.

გასული წლებისგან განსხვავებით ფარული შესყიდვების პროცენტული მაჩვენებელი მკვეთრად არის შემცირებული და წელს საერთო შესყიდვების 16 პროცენტს შეადგენს, მაშინ, როდესაც 2012 წელს შესყიდვების 74 პროცენტი საიდუმლო წესით ხორციელდებოდა.

საიდუმლო შესყიდვების შემთხვევებშიც კი, როდესაც თავდაცვის სამინისტროს კანონით აქვს უფლება მხოლოდ ერთ კომპანიასთან აწარმოოს მოლაპარაკება, ხორცილდება ფასთა გამოკითხვა. ასე მოხდა ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვის დროს, როდესაც სახელმწიფო საიდუმლო დაშვების მქონე ყველა კომპანიას დაეგზავნა განაცხადი, რათა წარმოედგინათ საკუთარი შემოთავაზება.

ამ კონკრეტულ შესყიდვას საიდუმლო გრიფი ადევს", - განმარტავენ სამინისტროში.

ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა - "სილქნეტმაც".

კომპანიაში აცხადებენ, რომ ტენდერის ყველა ეტაპზე, "სილქნეტის" წარმომადგენელთა ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან.

"წარდგენილი წინადადება ჩაითვალა საუკეთესოდ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან და "სილქნეტი" გამოცხადდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიად. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვაობა "სილქნეტის" მიერ წარდგენილ წინადადებასა და მეორე ადგილზე გასული კომპანიის მიერ წარდგენილ წინადადებას შორის 2 მილიონ 400 ათას ლარზე მეტია, მესამე ადგილზე გასულ კომპანიას შორის კი - 3 მილიონ 600 ათასი ლარზე მეტი. შეგვიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ტენდერის ყველა ეტაპზე, "სილქნეტის" წარმომადგენელთა ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან. დღეისათვის სილქნეტის მხრიდან მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების დროულად შესრულების მიზნით. ", - აცხადებენ კომპანიაში.

"სილქნეთის" მიერ განხორციელებულ შესყიდვას გრიფით საიდუმლო ადევს. დაარღვია თუ არა პროკურატურამ ამ შესყიდვაზე გამოქვეყნებული ინფორმაცით სახელწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შესახებ კანონი? - ამბები.გე მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა სადაც აღნიშნეს, რომ საგამოძიებო უწყევბამ მხოლოდ ის ნაწილი გაასაჯაროა, რომელზეც კომპეტენტური ორგანოსგან თანხმობა ჰქონდა. საიდუმლო ნაწილი კი, როგორც პროკურატურაში გვითხრეს, არ გახმაურებულა.

მთავრობის უახლოესი სხდომა სავარაუდოდ 30 ოქტომბერს გაიმართება. ჯერ უცნობია, შეეხებიან თუ არა მინისტრები და მთავრობის მეთაური ალასანიას უწყებაში არსებულ ვითარებას. ისიც უცნობია, როდის დაბრუნდება ირაკლი ალასანია. თუ კი მოვლენები გასულ წელს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომხდარის მსგავსად წარიმართა, არ არის გამორიცხული, ალასანიამ კირვალიძის ბედი გაიზიაროს.

თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს კი, ბრალი ოფიციალურად, 48 საათში წარედგინებათ, რის შემდეგაც მათ თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ. ადვოკატების ინფორმაციით, არცერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ სცნობს.

ხათუნა გაგნიძე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა