ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხზე

ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ აკონკრეტებს, დააყენებს თუ არა თავდაცვის მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას უწყების მაღალჩინოსნების დაკავების გამო.

როგორც ღარიბაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, "გამოძიებას უნდა დაველოდოთ".

"მე არაფერს გეტყვით ამასთან დაკავშირებით, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. მინისტრი ჩამოვა, პასუხს გასცემს კითხვებზე. გპირდებით, პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე", - აღნიშნა პრემიერმა.

მისი განმარტებით, თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების დაკავების საქმე არ არის ჩვეულებრივი საქმე, ის მძიმე საქმეა და მომხდართან დაკავშირებით შეკითხვები მასაც აქვს.

"ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის დაკავებას. მეც განვიცადე და განვიცდი ამ ამბავს. ბუნებრივია, გულგრილი ვერ შევხვდები ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მინისტრის უწყებაში აგორებულ სკანდალს და შესაძლო კორუფციულ საქმეს, 5 ადამიანის დაკავებას. რა თქმა უნდა, მეც ვგრძნობ ჩემ წილ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, რომ მოსახლეობას განვუმარტოთ, რასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა მძიმეა, მეც მაქვს შეკითხვები, თუმცა ჯერ არ მინახავს მინისტრი ალასანია. ვაპირებ საუბარს, ალბათ თვითონაც განმარტავს მოქალაქეებისთვის, თუ რასთან გვაქვს საქმე. ამას გარკვევა სჭირდება და მასზე გულგრილი დამოკიდებულება არ შეიძლება. თუ მართლა ისეა, რაც პროკურატურისგან მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, მძიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ეს უწყების მაღალჩინოსნების მძიმე პასუხისმგებლობას დააყენებს", - განაცხადა პრემიერმა, თუმცა შეკითხვაზე, იგულისხმა თუ არა ირაკლი ალასანიაც, ღარიბაშვილმა განმარტა, რომ წინასწარ ვერ იტყვის.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, შეკითხვებს შორის, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით პირადად მას აქვს, არის ისიც, თუ რატომ გადაიხადა თავდაცვის სამინისტრომ კაბელებში 6,5 მლნ ლარი, როცა აღმოჩნდა, რომ სამუშაოები 2,5 მლნ ლარი ჯდებოდა.

"უნდა დაველოდოთ გამოძიებას, პროკურატურა გამჭვირვალედ წარმართავს პროცესს, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. რაც მე მითხრეს, ძალიან მოკლე ვადაში მოხდა ტენდერის ჩატარება, კომპანიებმა ვერ შეძლეს პირობებისთვის მომზადება. კითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებითაც, რატომ მოხდა, რომ 6,5 მლნ ავანსის სახით იქნა გადახდილი, როცა კონტრაქტის საერთო ღირებულება 6, 700 მლნ ლარი იყო? გარდა ამისა, არსებობს კითხვა, რატომ გადაიხადა თავდაცვის სამინისტრომ კაბელში 6,500 მლნ, როცა აღმოჩნდა, რომ სამუშაოები ჯდებოდა 2,500 მლნ - 4 მლნ გაიფლანგა", - განმარტა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, იქედან გამომდინარე, რომ მთავარი პროკურატურაც და თავდაცვის სამინისტროც მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურებია, მისთვის ორივე შემთხვევაში მტკივნეული იქნება საქმეზე დადებული გადაწყვეტილება.

"ორივე უწყება ჩემს დაქვემდებარებაშია და მე ორივე შემთხვევაში განვიცდი, რა შედეგით დასრულდება საქმე. თუ ერთმა ვერ დაამტკიცა დანაშაული, ჩემთვის ეს მტკივნეული იქნება და პირიქით", - განმარტა პრემიერმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა