ირაკლი ალასანია დაკავების საკითხზე მთავრობის წევრებთან შეხვედრას გეგმავს

ირაკლი ალასანია დაკავების საკითხზე მთავრობის წევრებთან შეხვედრას გეგმავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მისი უწყების თანამშრომლების დაკავების საკითხზე პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას გეგმავს.

როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ განუცხადა, საკითხზე უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დისკუსია უნდა გაიმართოს.

"ვინაიდან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ამით ზიანი მიადგა, აუცილებელია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შედგეს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დისკუსიები. მე დაგეგმილი მაქვს საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრა – პრემიერ-მინისტრთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებთანაც ვგეგმავ შეხვედრას", - განაცხადა ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, როცა ყველაფერი დასრულდება, ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და "უკვე იმ პირების პასუხისმგებლობა დადგება, ვინც, შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება".

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე 3 ნოემბერს მთავარ პროკურატურაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი დაიკითხება.

ირაკლი ალასანია მიმდინარე კვირის განმავლობაში გერმანიაში იმყოფებოდა. ის ბერლინიდან გამთენიისას დაბრუნდა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა