რა ქონებას ფლობს ირაკლი ალასანია - თავდაცვის ყოფილი მინისტრის დეკლარირებული შემოსავლები

რა ქონებას ფლობს ირაკლი ალასანია - თავდაცვის ყოფილი მინისტრის დეკლარირებული შემოსავლები

ირაკლი ალასანია დღეს უკვე თავდაცვის ყოფილი მინისტრია. პრემიერ-მინისტრმა დაკავებული თანამდებობიდან გუშინ გადააყენა. ალასანია წლებია ქართულ პოლიტიკაშია და ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ ითვლება. იყო დრო, როცა ამერიკაში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად, რის შემდეგაც თბილისში დაბრუნდა. ჰყავს ორი შვილი, ნიკა და ეკატერინე ალასანიები. ნიკა ალასანია რამდენიმე თვის წინ ჯარში წავიდა, ეკა კი სტუდენტია. როგორც ამბობენ, ქალიშვილი მამას ძალიან ჰგავს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი სუსტი სქესის წარმომადგენლებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ამ მხრივ სკანდალში მხოლოდ ერთხელ აღმოჩნდა, როდესაც მის პირად ცხოვრებაზე არა რომელიმე ტაბლოიდმა, არამედ იმ დროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ასობით ჟურნალისტის წინაშე ისაუბრა.

Ambebi.ge ირაკლი ალასანიას ქონებრივი დეკლარაციით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ მისი ქონება არ არის მრავალფეროვანი. როგორც მინისტრის დეკლარაციაშია ასახული, მას აქვს სახლი ამაღლების ქუჩაზე, რომელიც 142 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ავტოფარეხი და არასაცხოვრებელი ფართი, რომელთა 100 პროცენტიანი მფლობელი მისი მეუღლე ნათია ფანჯიკიძეა.

როგორც ალასანიას დეკლარაციიდან ირკვევა, მას ავტომობილიც კი არ ჰყავს. ერთადერთი ძვირადღირებული ნივთი, რომელიც ალასანიას აქვს, 5000 დოლარად შეფასებული სანადირო თოფია, რომელიც სომხეთის თავდაცვის მინისტრმა უსახსოვრა.

რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს, მის საკუთრებაშია 12 000 ლარი და 5 000 დოლარი. თუ 2013 წელს შევსებული დეკლარაციით ვიმსჯელებთ, ერთი წლის მანძილზე თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობისას, მას ხელფასის სახით აღებული აქვს 9811.96 ლარი. მის მეუღლეს, ნათია ფანჯიკიძეს კი 11447 ლარი. ნათია ფანჯიკიძე ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ცენტრში "მენტალვიტაში" მუშაობს. ასევე, აქვს სარეაბილიტაციო ცენტრი "კამარა", სადაც თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელია და წამალდამოკიდებულ პირებს უსასყიდლოდ ეხმარება ნარკომანიის დაძლევაში.

რაც შეეხება არაოფიციალურ ცნობებს ირაკლი ალასანიას შესახებ, მას განსაკუთრებულად უყვარს ომის თემაზე დაწერილი წიგნები, რომლებსაც მუდმივად იძენს. ასევე, ყოფილი მინისტრი აგროვებს ხანჯლებს, დანებს და ვერტმფრენების მაკეტებს. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ნათია ფანჯიკიძე აღნიშნავს, სანამ ალასანიების ოჯახი საცხოვრებლად ამერიკაში წავიდოდა, დოლიძეზე ე.წ. ხრუშჩოვკებში ცხოვრობდნენ, ახალი სახლი კი ამერიკაში ყოფნის პერიოდში შეიძინეს, ამბობს, რომ კარგად ვერ დააპროექტა ბინა, ამიტომ მის ვაჟიშვილს, ნიკა ალასანიას მისაღებში დაძინება უწევს, რადგან საკუთარი ოთახი არ აქვს.

ნათია ფანჯიკიძემ სახლის ფერების შერჩევისას საკუთარი პროფესიით იხელმძღვანელა და ფერები შესაბამისად შეარჩია. ალასანიებს სახლში პატარა ბაღიც აქვთ გაშენებული.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა