სამწუხაროა, რომ მაია ფანჯიკიძემ ოჯახის წევრის მიმართ გამოხატა სოლიდარობა და არა სახელმწიფოს მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის მხრიდან, თანამდებობის დატოვების შეფასებისას განაცხადა.
"ველოდით, რომ ალექსი პეტრიაშვილი, მაია ფანჯიკიძე დატოვებდნენ თანამდებობებს, თუმცა ძალიან ვწუხვარ, რომ მაია ფანჯიკიძემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ გამოხატა სოლიდარობა და არა ქვეყნის და სახელმწიფოს მიმართ, ეს არის ძალიან პრინციპული ჩემთვის, თუმცა, რა ვქნათ, ეს მათი არჩევანი და უფლებაა. ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას და წინსვლას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა დავით ზალკალიანმა, თამარ ბერუჩაშვილმა, დავით ჯალაღანიამ და ვლადიმერ გურგენიძემ თანამდებობები დატოვეს. მაია ფანჯიკიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთა. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას გადაყენების შემდეგ მინისტრთა კაბინეტი მაია ფანჯიკიძის გარდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმაც დატოვა.
მაია ფანჯიკიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა.