ნათელი გახდა ეჭვები, რომელიც მქონდა პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით - ალასნიას "რეაქცია"

ნათელი გახდა ეჭვები, რომელიც მქონდა პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით - ალასნიას "რეაქცია"

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გაოცებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული საქმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფლობს.

როგორც ალასანიამ "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ივანიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება "ბრალმდებლის" საუბარს ჰგავდა.

"ჩემთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა ის ეჭვები, რომელიც მქონდა პოლიტიკურ შევიწროებასა და დევნასთან დაკავშირებით, როცა დავინახე, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი ზუსტად იმეორებდა იმ ბრალდებას და ნარატივს, რომელსაც მათ პროკურატურა სთავაზობდა - არც კი გაითვალისწინა თავდაცვის სამინისტროდან წამოსული ახსნა-განმარტება. ეს ყველაფერი დააგვირგვინა ბატონი ივანიშვილის გამოსვლამ, რომელიც იმაზე მეტად საუბრობდა საქმის დეტალებზე, ვიდრე პროკურატურა. გამაოცა, რადგან, პრაქტიკულად, ბრალმდებელი გამოვიდა ივანიშვილის სახით", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ არანაირი ვალდებულების განცდა არავის მიმართ, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილის მიმართ არ აქვს, რადგან 2012 წლის არჩევნებში გამარჯვება იყო საერთო საქმე, რომელშიც კოალიციის ყველა წევრმა პოლიტიკურმა ძალამ თავიანთი წვლილი შეიტანა.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დღეს პრეზიდენტი არავითარ შემთხვევაში არ იყო რომელიმე მხარის მხარდამჭერი.

"მე დავინახე პრეზიდენტი, რომელიც საუბრობდა სახელმწიფოებრივად იმ მტკივნეულ საკითხებზე, რაც დღეს საზოგადოებას აწუხებს და რაც მას აწუხებს, როგორც ქვეყნის პირველ პირს. ამიტომაც იყო აქცენტი გაკეთებული იმაზე, რომ რაც შექმნილია, აწყობილია, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ წარჩინებულ პროექტებად არის გამოცხადებული, იმ ინსტიტუტებს ნუ დავაკნინებთ. ნუ დავემსგავსებით ისეთ საზოგადოებას, სადაც თითოქოს ყველა გასვრილია, არ არსებობს სიწმინდე, არ არსებობს სიმართლე. ამ შემთხვევაში საზოგადოებას იმედი უქრება, რომ ამ პოლიტიკოსებს რამის კეთება შეუძლიათ".

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას შეფასებით, მთავარ პროკურატურასთან ერთად მის წინააღმდეგ პოლიტიკურ თამაშს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც თამაშობს. "აუდიტის სამსახური ჩემი მოთხოვნით შემოვიყვანე თავდაცვის სამინისტროში. სისტემური პრობლემები იყო ყველა უწყებაში, მათ შორის თავდაცვის სამინისტროში და აბსოლუტურად სწორი გავაკეთე. თავდაცვის სამინისტროსა და აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს შორის ყოველდღიური მუშაობა მიდიოდა, რომ სისტემური პრობლემები აღმოეფხვრათ. ახლა რა გახდა პრობლემური?! ახლა რატომ ამოვარდა ასეთი მინიშნებები?! ეს ყველაფერი საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ ესეც პოლიტიკურია. ეს არის ძალიან გამჭვირვალე და ცხადი".

ალასანია აქვე განმარტავს, რომ მათ ინტერესებში არ შედის, რომ პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი იყოს დასუსტებული.

"არ უნდა იყოს გადატანილი იერიში კონკრეტულ პოლიტიკურ პირებზე ან მინისტრებზე. ასევე, მინდა შევეხმიანო პრეზიდენტს, რომ ჩვენს ინტერესებში არ შედის, პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი იყოს დასუსტებული, რადგან ის არის ჩვენი სახე საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ის ახორციელებს მართვას ქვეყნის, ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს ასუსტებს. ამიტომაც არ შევედი კამათში - ის მართლაც ჩემთვის ძალიან გულსატკენი სიტყვები, რაც მან მთავრიბის სხდომაზე ჩვენს მიმართ თქვა, თითქოსდა ვუღალატეთ, ძალიან აკნინებს პრემიერის ინსტიტუტს და მე ვთხოვე და პირდაპირ ვუთხარი, რომ ეს მეორეჯერ აღარ გაიმეოროს", - აცხადებს ალასანია.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა