პრეზიდენტი, პრემიერი და მათი "შავი კატები"

პრეზიდენტი, პრემიერი და მათი "შავი კატები"

"მარგველაშვილსა და ღარიბაშვილს შორის არსებული რამდენიმეთვიანი კონფრონტაციული ურთიერთობის შემდეგ პრეზიდენტი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრს მასთან დაპირისპირებისაკენ მთავრობის ზოგიერთი წევრი უბიძგებდა, მაგრამ ღარიბაშვილს ეს არ გაუკეთებია. პრეზიდენტის თქმითვე, ასეთი ვარაუდის საფუძველს ზოგიერთი მინისტრის საჯარო, მწვავე კრიტიკა აძლევს. ვინ არიან (თუ იყვნენ) პრემიერის გამქეზებლები? - მართალია, მათი გვარები ქვეყნის პირველ პირს არ დაუსახელებია, მაგრამ ცხადია, რომ მარგველაშვილს ყველაზე ხშირად ალასანიას გუნდის წევრი მინისტრები აკრიტიკებდნენ და, დიდი ალბათობით, ქვეყნის პირველი პირი უკვე ყოფილ მინისტრებს - მაია ფანჯიკიძესა და ალექსი პეტრიაშვილს გულისხმობდა. უცნაურია, რატომ გადაწყვიტა ქვეყნის პირველმა პირმა ამდენთვიანი დაპირისპირების შემდეგ ღარიბაშვილის მისამართით ასეთი შემრიგებლური მესიჯის გაგზავნა და თან მთელი ამ უთანხმოების "ზოგიერთი მინისტრისათვის" გადაბრალება მაშინ, როდესაც უკვე გაზაფხულიდან მოყოლებული, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის რომ დაპირისპირება არსებობს და ეს დაპირისპირება ზოგჯერ საკმაოდ აშკარა და მწვავეა, ამის შესახებ პრესაში, დიდი ხანია, საუბრობენ.", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პრეზიდენტი, პრემიერი და მათი "შავი კატები".

"დაძაბულ ურთიერთობაზე ხმამაღლა საუბრობს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველიც და აბსოლუტურად ყველა ანალიტიკოსი თანხმდება იმაშიც, რომ ამ კონფრონტაციის მიზეზი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მარგველაშვილის კრიტიკაა. თავად ივანიშვილმაც პირველად მარტში გააკეთა განცხადება, რომ არჩევნების შემდეგ მარგველაშვილმა "ხასიათი გამოავლინა" და ამის გამო იმედგაცრუებულია. პოლიტოლოგ გია ნოდიას განმარტებით, "ფანჯიკიძე და პეტრიაშვილი როცა აცხადებდნენ, რომ ვიზიტებზე პრემიერს უნდა ევლო და არა პრეზიდენტს, ასეთი რამის თქმა უფრო მოეთხოვებოდათ, ვიდრე სხვა მინისტრებს, რადგან საგარეო პოლიტიკის საკითხები მათ თანამდებობრივად ეკუთვნოდათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა მინისტრებთან შედარებით მათთვის იყო განსაკუთრებით მიუღებელი მარგველაშვილი". პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირების პირველი ნიშანი პარლამენტში ქვეყნის პირველი პირის პირველი ყოველწლიური გამოსვლისას არც ერთი მინისტრის არმისვლა იყო. ამის შემდეგ კი მსგავსი უთანხმოებებს პატარ-პატარა, თუ დიდი გამომჟღავნებები დროდადრო თავს იჩენდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ღარიბაშვილი არც ერთ შეხვედრაზე მარგველაშვილთან ერთად არ ჩნდებოდა. სხვადასხვა შენობაში იღებდნენ ქვეყანაში ჩამოსულ უცხო ქვეყნის პირველ პირებს პრეზიდენტი და პრემიერი. იყო დაძაბული კამათი, თუ ვის უნდა მოეწერა ხელი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე და ვის უნდა ევლო მეტ-ნალებად მნიშვნელოვან ვიზიტებზე. ყველაზე მეტად ამ დაპირისპირებაში პრეზიდენტის წინააღმდეგ საგარეო უწყება იყო ჩართული და ეს თავად პრეზიდენტის კანცელარიიდან და მარგველაშვილის ყოფილი მრჩევლის, ვანო მაჭავარიანის მხრიდან საჯაროდ გაცხადდა. მაგალითად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგარეო უწყება ჯერ გაეროს თებერვალში გამოგზავნილი მოსაწვევის 3 თვით დამალვაში და შემდეგ ამ ვიზიტის ჩაშლაში დაადანაშაულა. საგარეო უწყებამ კი ნატო-ს უელსის სამიტზე, სადაც დელეგაციის ხელმძღვანელი პრეზიდენტი იყო, მარგველაშვილის არაკოლეგიალურ დამოკიდებულებაზე ილაპარაკა. მაია ფანჯიკიძის განმარტებით, მინისტრებს არც ერთ იმ შეხვედრაში არ მიაღებინეს მონაწილეობა, რომლებზეც წინასწარ იყვნენ ჩაწერილები, რადგან მათი დასწრება ქვეყნის პირველ პირს არ სიამოვნებდა", განაგრძობს გამოცემა.

"პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი აცხადებდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობდა, პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტებს ხელი შეშლოდა. მაგალითად, ჰააგის ბირთვული სამიტი მოიყვანა, საიდანაც, მისი ცნობით, მოსაწვევი ქვეყნის პრეზიდენტის სახელზე მოვიდა, მაგრამ საგარეო უწყებამ გააგზავნა საპასუხო წერილი, რომ სამიტს პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი დაესწრებოდა. ასევე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ვიზიტისას მთავრობა შეეცადა ხელი შეშლოდა პრეზიდენტისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრას. მისი განმარტებით, "აქ იყო თავის დამკვიდრების, პრემიერისთვის ერთგულების დამტკიცების მცდელობა, ამ შემთხვევაში როგორც მოქმედი, ასევე წინა პრემიერის წინაშე". მაშინ მარგველაშვილის უკვე გადამდგარი მრჩეველი ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემაც საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა და მაჭავარიანის განცხადებებს ჭორაობა უწოდა. თუმცა, პრეზიდენტის მიმართ მწვავე კრიტიკით ყველაზე მეტად მაინც ალასანიას გუნდის წევრები, მათ შორის მინისტრები მაია ფანჯიკიძე და ალექსი პეტრიაშვილი გამოირჩეოდნენ. სწორედ მათ უწევდათ პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ პრემიერის მხარდასაჭერი კომენტარების გაკეთება", - დასძენს გამოცემა.

"ყველაზე პირველებმა ფანჯიკიძემ და პეტრიაშვილმა განაცხადეს, რომ, მაგალითად, ასოცირების ხელშეკრულებაზე მაინცდამაინც პრემიერს უნდა მოეწერა ხელი; ასევე ის, რომ ნიუ-იორკში კლიმატის ცვლილებების სამიტზე პრემიერი უნდა წასულიყო და არა პრეზიდენტი; ასევე დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, საიდანაც მიწვევა მარგველაშვილსაც და ღარიბაშვილსაც ჰქონდათ, ღარიბაშვილი უნდა გამგზავრებულიყო და ა.შ. ამ კონფრონტაციული ისტორიის შემდეგ პრეზიდენტი მარგველაშვილი "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში სულ რამდენიმე დღის წინ აცხადებს, რომ პრემიერს მასთან დაპირისპირებისკენ მთავრობის ზოგიერთი წევრი უბიძგებდა და აღნიშნულის ვარაუდის საფუძველს ის გარემოება აძლევს, რომ მას ბევრი მინისტრი აკრიტიკებდა", - წერს სტატიის ავტორი,

"არც ერთი მწვავე განცხადება არ ყოფილა ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ჩემ მიმართ და არც ჩემი მხრიდან ყოფილა ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ. იყო მთავრობის წევრების მწვავე განცხადებები ჩემ მიმართ. როცა შენი მთავრობის ბევრი მინისტრი მკაცრად, ზრდილობის ზღვარზე აკრიტიკებს პრეზიდენტს, ალბათ, იგივე ხალხი ამას "ისედაც" საუბრობდა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრს ეს არ გაუკეთებია. ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან რთულ ვითარებაში, როცა, ალბათ, ბევრი უბიძგებდა, რომ ჩემთან ყოფილიყო დაპირისპირებული, ეს არ დაუშვა", - განმარტა მარგველაშვილმა და შეკითხვაზე, კონკრეტულად, ვის შეიძლებოდა მასსა და პრემიერს შორის დაპირისპირებისთვის ბიძგი მიეცა, აღნიშნა: "არ ვიცი, პოლიტიკაში ასე ხდება". ქვეყნის პირველი პირის თქმით, "ამ მომენტში" მასსა და პრემიერ-მინისტრს შორის ვერანაირ დაძაბულობას ვერ ხედავს", განაგრძობს სტატიის ავტორი.

"საჯარო კრიტიკა არ არის იმის დასტური, რომ სწორედ ის პირია იმ როლის შემსრულებელი, რაც მარგველაშვილმა თავის ფრაზაში იგულისხმა. საჯარო კრიტიკა ჰქონდა 2-3 მინისტრს, მაგრამ ასევე საპარლამენტო ფიგურებიც აკრიტიკებდნენ პრეზიდენტს. ასე რომ, მანდ გამოყოფა რომელიმე კონკრეტული გუნდისა ძნელია. თუმცა, მაინც ალასანიას გუნდის მინისტრები იყვნენ აქტიურები და მაშინვე გაჩნდა ასეთი ფორმულა - ეს გუნდი აქტიურობს იმიტომ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად თავისი ლიდერი ეგულებათო. მე არც ეს მიმაჩნია ადეკვატურად, იმიტომ, რომ ალასანიას ჰქონდა პრეზიდენტობის ამბიცია, ოღონდ ჰქონდა დიდი ხნის წინ. პრეზიდენტის ამჟამინდელი სტატუსი კი ალასანიასთვის მიმზიდველი ისედაც არაა და ამ ეტაპისთვის არ მგონია ის ბრძოლა გაგრძელებულიყო, რასაც საპრეზიდენტო ბრძოლას ეძახიან. ალასანია ერთ-ერთი იმათგანი იყო, რომელიც საპრეზიდენტო მმართველობას უჭერდა მხარს და პრეზიდენტობაც ამ სტილის მმართველობაში სურდა", აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

"საგარეო უწყებიდან წერილების მიწოდება-არმიწოდება ლოგიკურად აჩვენებს შიდა პარტიულ ქიშპობას და ამაში ჩართული იყო ეს უწყება, მაგრამ ეს მე უფრო ორგანიზაციულ საკითხად და ხელისუფლებაში არსებული გადაუჭრელი ცუდი კოორდინაციის თემად მიმაჩნია. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ საგარეო უწყება თანამდებობრივად ღარიბაშვილის ინსტიტუტს ეკუთვნის და ბუნებრივია, ის თანამდებობრივი იერარქიიდან არ ამოხტებოდა. თუკი იქნებოდა ზოგადი ტენდენცია იმისა, რომ მარგველაშვილს არ გასწეოდა ანგარიში, მაშინ ნებისმიერი საგარეო საქმეთა მინისტრი ისე მოიქცეოდა, როგორც ფანჯიკიძე. ისტორიის დასაწყისია ისიც, რომ თავიდან მარგველაშვილმა არ გაუწია გუნდს ანგარიში და გუნდისა და მარგველაშვილის დაპირისპირება წამოიწია, რომლის ერთ-ერთი განსახიერება იყო ივანიშვილის რეაქცია. ივანიშვილმა რეაქცია იყო მას შემდეგ, რაც არაგუნდურად მოიქცა მარგველაშვილი. მერე უკვე, რა თქმა უნდა, მარგველაშვილისკენ გუნდი აღარ გადასწევდა ჯოხს, იმიტომ, რომ თავად გუნდი თვლიდა, რომ დაზარალებული მხარე იყო", - განმარტავს საყვარელიძე.

"ვეთანხმები მარგველაშვილის განცხადებას - ღარიბაშვილის მხრიდან არც ერთი მწვავე განცხადება არ მახსოვსო. არც მე მახსოვს პირდაპირი მწვავე განცხადება. ირიბი მინიშნება იყო, მაგალითად, როდესაც დიდი კინკლაობა იყო ვინ მოაწერდა ხელს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას, პრეზიდენტმა პრძანებულება გამოსცა, რითაც ასე ვთქვათ ხელმოწერის უფლების დელეგირება პრემიერზე მოახდინა. პასუხად კი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მას არავითარი დამატებითი უფლება არ სჭირდება და კონსტიტუციაში რაც წერია, იმას აკეთებს. მას ამ განცხადებისას არ უხსენებია სახელი, უბრალოდ "ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე" იგულისხმა. თავად მარგველაშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მათ შორის პიროვნული დაპირისპირება არ არის და ეს არის იმ ფარგლების ძიება, რომელიც ახალმა კონსტიტუციამ არ დააკონკრეტა და ახლა ადამიანები, რომლებიც ამ თანამდებობებს იკავებენ, თავად არკვევენ უფლებამოსილების ფარგლებს იდაყვების, მხრების და მუჯლუგუნების კვრის ხარჯზე. თუ რეალურად ასეა და მჯერა რომ ასეა, ვივარაუდოთ, რომ იპოვეს ის ზღვარი და იმედია ორივე მხარე დაწყნარდება", - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.

"მთავარი იყო ის, რომ ივანიშვილიც გაბრაზდა მარგველაშვილზე და მინისტრები თვლიდნენ, რომ მათ უფროსს ჰქონდა პრეზიდენტთან პრობლემა, ამიტომაც მათაც დისტანცია უნდა დაეჭირათ მოძულებულ პირთან და ასეც იქცეოდნენ. ამიტომ, ჩემთვის ძალიან უცნაურია მარგველაშვილის ეს განცხადება. ივანიშვილი არ მალავს მარგველაშვილის გამო უკმაყოფილებას და მარგველაშვილი რატომ უსვამს ხაზს "ვიღაც მინისტრებს" მაშინ, როდესაც გაცილებით მნიშვნელოვან პირთან ჰქონდა კონფლიქტი - ეს გაუგებარია. თანაც, არა მარტო სხვა მინისტრების, ღარიბაშვილის მხრიდანაც გვახსოვს არანაკლები კრიტიკა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას - "მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" თავმჯდომარე გია ნოდია.

"როგორც ჩანს, მარგველაშვილს სურს ივანიშვილ-ღარიბაშვილთან ხიდები ბოლომდე არ დაწვას და ამიტომაც ცდილობს სხვას გადააბრალოს ეს კონფლიქტი. ამ მესიჯით მიანიშნა, რომ მათთან კარგი ურთიერთობა სურს. ახლა, როდესაც "თავისუფალი დემოკრატები" ოპოზიციაში გადავიდნენ, მარგველაშვილს ფასი დაედო და პრემიერი ცდილობს მასთან კარგი ურთიერთობა დაამყაროს, პრეზიდენტი კი მათ შორის დაპირისპირების სხვებისთვის გადაბრალებით ცდილობს ურთიერთობის აღდგენას. მარგველაშვილი შეხვდა ალასანიას და ამით აჩვენა, რომ მისი დამოკიდებულება ნეგატიური არ არის. ამავე დროს ღარიბაშვილს ეუბნება, რომ მასთან კარგი ურთიერთობა უნდა. ახალ პოლიტიკურ რეალობაში გამოდის, რომ ალასანიასაც სჭირდება მარგველაშვილთან კარგი ურთიერთობა, ღარიბაშვილსაც და "ქართულ ოცნებასაც", - წინა პერიოდისაგან განსხვავებით, როდესაც პრეზიდენტს არავინ არაფრად აგდებდა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ამ სიტუაციაში პრეზიდენტი ცდილობს ყველასთან მეტ-ნაკლებად კარგად იყოს, მაგრამ ხანდახან გააკრიტიკოს კიდეც, რომ ამით მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდეს. თავისთავად საინტერესოა ღარიბაშვილის მისვლა ბოლო უშიშროების საბჭოს სხდომაზე. იგი მივიდა იმ დროს, როდესაც ალასანიასთან დაიწყო კონფლიქტი. როგორც ჩანს, ღარიბაშვილსაც სურს მარგველაშვილთან შედარებით კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ადრე ეს არ უნდოდა. ღარიბაშვილის ამ შემრიგებლური ჟესტის საპასუხოდ გააკეთა სწორედ პრეზიდენტმა განცხადება, რომ თითქოს ეს დაპირისპირება სხვების ბრალია. ამდენად, "თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში გადასვლის გამო დიდი ალბათობით მარგველაშვილსა და ღარიბაშვილს შორს ურთიერთოებები დათბება", - მიიჩნევს გია ნოდია.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა