რუსული გამოცემა კახა ბენდუქიძის დღემდე გამოუქვეყნებელ ინტერვიუს ავრცელებს

რუსული გამოცემა კახა ბენდუქიძის დღემდე გამოუქვეყნებელ ინტერვიუს ავრცელებს

რუსული გამოცემა "სნობ.რუ" კახა ბენდუქიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, სათაურით "უკრაინამ ორ ომში უნდა გაიმარჯვოს".

ინტერვიუს ავტორის, მარია სნეგოვაიას განცხადებით, აღნიშნული ინტერვიუ კახა ბენდუქიძესთან 1-5 აგვისტოს "სკაიპის" საშუალებით ჩაიწერა და დღემდე არ გამოქვეყნებულა. მისი ინფორმაციით, იმ დროისთვის ბენდუქიძე უკრაინაში არ იმყოფებოდა და დადიოდა ხმები მის მიერ უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს საკონსულტაციო ჯგუფის მოსალოდნელი დატოვების შესახებ. სნეგოვაიას თქმით, მის რესპონდენტს ამ ინტერვიუში სურდა გარკვეული რედაქტირების განხორციელება, მაგრამ ამისთვის დრო ვერ გამონახა, შესაბამისად, აღნიშნული ინტერვიუ რესპონდენტთან შეუთანხმებელია.

ინტერვიუს პირველი ნაწილი უკრაინას ეხება და კახა ბენდუქიძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია უკრაინაში რეფორმების გატარება. მისივე თქმით, ქვეყანამ სასწრაფოდ უნდა განახორციელოს ხარჯების მკვეთრი შემცირება.

"რასაც არ შეეხები, სრულ უგუნურებას ვხედავ. სოციალური პოლიტიკის, საბიუჯეტო მოწყობის, სამინისტროების მოწყობის კუთხით შეიძლება არსებობს უფრო უცნაური მოწყობა, მაგრამ მე მსგავსი არ მინახავს", - ამბობს ინტერვიუში ბენდუქიძე. მისი თქმით, ის ლიბერტარიანელია და მიაჩნია, რომ თავისუფალი ეკონომიკა წარმატების გასაღებია და სხვა შესაძლებლობა არც არსებობს. მისივე თქმით, უკრაინა საქართველოს არ ჰგავს იმ თვალსაზრისით, რომ იდენტური ქვეყნები არ არსებობს, მაგრამ რაც საქართველოში კეთდებოდა, რაიმე განსაკუთრებულ ქართულ სპეციფიკასთან არ ყოფილა დაკავშირებული - ხინკალთან ან "ხვანჭკარასთან" - ეს დაკავშირებულია საზოგადოების ფუნქციონირების საფუძვლებთან, რისი გაკეთებაც შესაძლებელია უკრაინაში.

ინტერვიუს მეორე ნაწილი საქართველოს ეხება. ჟურნალისტის კითხვაზე, რასთან არის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დევნა, ბენდუქიძე პასუხობს, რომ "ეს არ არის მხოლოდ მიხელ სააკაშვილის წინააღმდეგ, არამედ ყველას მიმართ დევნა, ვისი დევნაც შეიძლება და ვინც საფრთხეს უქმნის ივანიშვილის სიმშვიდეს, რომელიც თავისთვის შეიქმნა. ყველას მიმართ ერთი სქემა მოქმედებს: ადამიანები ჯერ მიდიან როგორც მოწმეები, შემდეგ კი მათი საქმეები გადაკვალიფიცირდება ბრალდებაში. არჩევნებით, რომლითაც მან მოიგო ტყუილის გზით და აუსრულებელი დაპირებებით, ივანიშვილმა სიმშვიდე იყიდა. მას მიაჩნია, რომ ამ სიმშვიდეს ჰყავს მტრები - ესენი არიან ისინი, ვისაც მასზე უკეთესი თვალთახედვა გააჩნია და იბრძოდნენ ამ თვალსაზრისისთვის", - აცხადებს ბენდუქიძე და ვრცლად საუბრობს სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება ნორმალური გზით წასვლას არ აპირებს. ისინი ასუფთავებენ პოლიტიკურ მოედანს - ეს შეიძლება გარედან მაყურებლისთვის არ ჩანს, მაგრამ საქართველოში ეს ყველაფერი კარგად ჩანს. მისივე აზრით, ეს რუსეთის წისქვილზე ასხმს წყალს.

კითხვაზე - რაში სჭირდება ეს ივანიშვილს, ბენდუქიძე პასუხობს, რომ ივანიშვილს სრულიად საკუთარი ქვეყანა სჭირდება, რომელშიც ის მთავარი ოლიგარქია, რომელიც მან იყიდა და იქ ცხოვრებისთვის სიმშვიდე სჭირდება.

კითხვაზე - აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას, ბენდუქიძე ამბობს, რომ ახლა აპირებს. "ჩემი დაჭერა იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუკი ფალსიფიცირებული მოწმეები ეყოლებათ და დოკუმენტები ექნებათ. ჩემ წინააღმდეგ საქმეს, რის გამოც 12 საათის განმავლობაში მკითხავდნენ, აზრი აღარ აქვს. ყველა იურისტი მეუბნება, რომ ეს საქმე სასამართლომდეც ვერ მივა, რადგან ვერც ერთი მეტ-ნაკლებად პროფესიონალი პროკურორი ან გამომძიებელი ვერ შეძლებს დოკუმენტების გაფორმებას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა