ფარულ მოსმენებზე წვდომის მექანიზმთან დაკავშირებულ კანონპროექტზე შეთანხმება არ შედგა

ფარულ მოსმენებზე წვდომის მექანიზმთან დაკავშირებულ კანონპროექტზე შეთანხმება არ შედგა

ფარულ მოსმენებზე წვდომის მექანიზმების შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი საერთო კანონპროექტზე ვერ შეთანხმდა. კანონმდებლებს გადაწყვეტილების მიღებისას არჩევანის გაკეთება რამდენიმე პროექტს შორის მოუწევთ.

პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია დეპუტატების ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის კანონპროექტი, რომელიც ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს და აქედან ერთი გასაღები რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება.

რიგით მეორე კანონპროექტს პარლამენტში ხვალ დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე დაარეგისტრირებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს გასაღების კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის გადაცემას სთავაზობს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ საკანონმდებლო წინადადებას. არ არის გამორიცხული, მესამე პროექტად მისი ინიცირება რომელიმე დამოუკიდებელი დეპუტატის ან დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფის სახელით მოხდეს. არასამთავრობო ორგანიზაციები ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედების ინიციატივით გამოდიან, რომელთაგან ერთი გასაღები ექნება სასამართლოს, ხოლო მეორე მობილურ კომპანიებს.

როგორც სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, სამივე პროექტი კონცეპტუალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან და რომელიმე ერთ პროექტზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.

"ინიციატორები თავთავიანთ პოზიციაზე დარჩნენ. თუმცა მეტნაკლებად გამოითქვა მხარდაჭერა სხვა პროექტზეც. არ მინდა დავაზუსტო, თუ ვინ რას დაუჭირა მხარი. შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ სამუშაო ჯგუფი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ერთიან პოზიციას ვერ წარუდგენს", - აღნიშნა ხმალაძემ.

სწორედ ხვალ იწურება ვადა, როცა ფარული მოსმენების გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტში კანონპროექტის რეგისტრაცია უნდა განხორციელებულიყო. ორშაბათს საკანონმდებლო ინიციატივები ბიუროს წარედგინება და მომავალ კვირას განსახილველად პარლამენტის კომიტეტებსა და სესიაზე გავა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა