პროექტები, რომლებმაც ქართული სოფელი უნდა გააძლიეროს

პროექტები, რომლებმაც ქართული სოფელი უნდა გააძლიეროს

სოფლის მეურნეობა ყოველთვის იყო მიჩნეული ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს სფეროდ. გამონაკლისი ამ მხრივ არც თანამედროვე ეპოქაა. ბპნ.გე სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიას სამინისტროს სამომავლო გეგმებსა და უმნიშვნელოვანეს პროექტებზე ესაუბრა.

- იმ პროექტებს შორის, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემუშავდა, ალბათ უმნიშვნელოვანესია ჯიშთა გამოცდის პროექტი. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ - რას ითვალისწინებს ეს პროექტი?

- ჩვენს სამინისტროში ჩამოყალიბდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ ჯიშთა გამოცდა გახლავთ. რა თქმა უნდა, გამორჩეულ ყურადღებას ვაქცევთ ხორბალს. სხვადასხვა ტერიტორიაზე, სხვადასხვა ზოლში უკვე დათესილია ხორბლის სხვადასხვა ჯიში, რომ მათი კვლევა და სელექცია დავიწყოთ, თუმცა ეს არის პროცესი, რომელსაც დრო სჭირდება. გარდა ამისა, სამინისტროში იქმნება თესლის სერტიფიცირების ცენტრი, რომელიც მომავალი წლის დასაწყისიდან დაიწყებს თესლის სერტიფიცირებას, რადგან თესლის ხარისხი ლაბორატორიულად უნდა იყოს შემოწმებული. აქამდე იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოდან უკვეთავდნენ სხვადასხვა თესლს და აქ ჩამოდიოდა არა ის ხარისხი, რაც საჭირო იყო. ეს იმის ბრალია, რომ არ არსებობს სერტიფიცირება და არ არსებობს კვლევის შესაძლებლობები. ამიტომ, ეს პროექტი პირველ რიგში ფერმერისათვის ხარისხიანი თესლის მიწოდებას ითვალისწინებს.

- გენმოდიფიცირებულ თესლს გულისხმობთ?

- შეიძლება ეს იყოს გენმოდიფიცირებული თესლი, მაგრამ მე ახლა გესაუბრებით ნებისმიერი თესლის შემადგენლობაზე, რომელსაც საქართველოში ვერ ვამოწმებდით, ამიტომ, სერტიფიცირების პრაქტიკის დანერგვა აუცილებელია. ამავე დროს, საჭიროა ჯიშების სელექციაც, დარაიონებაც, აქ მხოლოდ ქართულ ჯიშებზე არ არის ლაპარაკი. ჩვენ დაახლოებით 25-წლიანი ჩამორჩენა გვაქვს ამ მიმართულებით. ამ წლებში მეცნიერება ყველა მიმართულებით განვითარდა, მათ შორის, ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც და ჩვენ მათი გამოცდილებით აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ. მომავალ წელს კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ვაპირებთ: თურქეთიდან ვაპირებთ საინტერესო სახეობის თესლის შემოტანას, რათა შემდეგ მათი ადაპტაცია მოხდეს, დარაიონდეს და ჩვენს ბაზარზე ადგილობრივი, ქართული თესლი გაჩნდეს. დღეს მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის: შეიძლება გვალვაც იყოს პრობლემა, შეიძლება სხვა რამ, მაგრამ ყველა ძირითადი და მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ თესლი ან უვარგისია, ან არასწორად არის შერჩეული. ჩვენ უნდა მივიღოთ ოპტიმალური და საუკეთესო შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში - იქნება ეს ქართული ჯიშები, თუ სხვა ჯიშები, რომელსაც საქართველოში გავახარებთ. ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ქართული ჯიშები აღდგეს, თუმცა, ნებისმიერ სხვა კონფიგურაციასაც არ გამოვრიცხავთ. საქართველო თავისი კლიმატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ამიტომ, რაც სამცხეში შეიძლება კარგი იყოს, იმან შეიძლება კახეთში ვერ გაამართლოს, ამიტომ, რეგიონების მიხედვით უნდა შევარჩიოთ, სად რა თესლი უნდა იყოს გამოყენებული და სწორი რეკომენდაციები მივცეთ. ალბათ გახსოვთ რაც მოხდა "პიონერის" თესლთან დაკავშირებით: ეს იყო სწორედ გაუთვლელობისა და არასწორი მიდგომის ნიმუში. ყველგან ვერ იხარა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ ვარგოდა, უბრალოდ, არასწორად იყო შერჩეული კლიმატი და ნიადაგი, სადაც დათესეს. ამ საკითხებს სჭირდება სერიოზული კვლევა, შესწავლა, რისთვისაც სულ მცირე, 3-4 წელი მაინც დაგვჭირდება.

იხილეთ სტატია სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა