ზურაბ აბაშიძე - მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. ხელშეკრულებას თბილისმა ისტერიის გარეშე, თუმცა პრინციპულად უნდა უპასუხოს

ზურაბ აბაშიძე - მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. ხელშეკრულებას თბილისმა ისტერიის გარეშე, თუმცა პრინციპულად უნდა უპასუხოს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას თბილისმა ისტერიის გარეშე, თუმცა პრინციპულად უნდა უპასუხოს. როგორც ზურაბ აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად აამოქმედებს საერთაშორისო ბერკეტებს.

"საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს მიცემული შესაბამისი დავალებები. ის აქტიურად მუშაობს სამოქმედო გეგმაზე, სისტემურ მიდგომაზე, რათა პასუხი გაეცეს ახალ გამოწვევას. ჩვენი მიზანია, ეს ე.წ. ხელშეკრულება დაიგმოს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, მიეცეს მას შესაბამისი შეფასებები და ჩვენი პარტნიორები მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა ხდება რეგიონში. ეს არა მხოლოდ ერთჯერადი ნაბიჯები, არამედ კომპლექსური, სისტემური მიდგომა იქნება. ეს არის ბერკეტი, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ამაზე მეტის გაკეთება წარმოუდგენელია. რუსეთი არ არის ქვეყანა, რომელსაც იოლად მოუვლი. უფრო დიდ ქვეყნებსაც კი უჭირთ ამის გაკეთება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის შეფასებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული, "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმება აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

"მიუხედავად ამისა, ამას ისტერიის გარეშე, მშვიდად, მაგრამ მტკიცედ და პრინციპულად უნდა ვუპასუხოთ", - აღნიშნა აბაშიძემ.

რუსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. შეთანხმებას მოეწერა ხელი. რუსული მედიის ცნობით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა