აკაკი ბობოხიძე - ზვიგენი გაუმაძღარია, ყველაფერს ყლაპავს და თქვენც გადაგყლაპავთ

აკაკი ბობოხიძე - ზვიგენი გაუმაძღარია, ყველაფერს ყლაპავს და თქვენც გადაგყლაპავთ

თქვენ არა ივანიშვილის კოალიციის, არამედ იმ საცოდავი რამდენიმე თანამდებობის ერთგულები ხართ, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან კოალიციაში ყოფნის გამო გეღირსათ და სამწუხაროდ, ვერ გეღირსათ, სააკაშვილის დროს, - ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თინა ხიდაშელს.

"ძალიან მეცოდებით, რომ ჩემი მოსმენა გიწევთ, ჩვენ ხომ საშინელი ადამიანები ვართ თურმე და დღეს ხმამაღლა ვლაპარაკობთ. რომაელი მონათმფლობელები მონებს ასმევდნენ და მერე შვილებს აყურებინებდნენ, თუ როგორი ცუდია სიმთვრალე. ქალბატონო თინათინ, ჩვენმა ცუდმა მაგალითმა ნუთუ ვეღარ დაგანახათ, რა ცუდია ის, რასაც ახლა აკეთებთ? ჩვენ გაჩვენეთ ყველაფერი, რას უნდა აკეთებდეთ და რას - არა, მიუხედავად ამისა, ჯიუტად აკეთებთ ყველაფერს, რასაც არ უნდა აკეთებდეთ. აქ ვიღაცებს გეშინიათ, რომ თქვენი პოზიციები "ნაციონალური მოძრაობისას" არ დაემთხვეს. როგორ დავიჯერო ეს ფარისევლური გამოსვლა, როდესაც პოლიტიკური ერთობა გააფორმეთ "ნაციონალური მოძრაობის" ორ ფრაქციასთან. მინდა დავით საგანელიძეს ვუთხრა, რომ მე ჩემი კოლეგებისთვის კაცისმჭამელები არ მიწოდებია, არამედ თქვენი პოზიცია გამოვხატე - როცა გინდათ, კაცისმჭამელებს გვიწოდებთ, როცა გჭირდებათ, მზად ხართ, თქვენი აზრით კაცისმჭამელებით გადაარჩინოთ ერთადერთი რამე – უმრავლესობა. კანონების მიღებას უმრავლესობა არ სჭირდება, უმრავლესობა სჭირდება მხოლოდ ერთ პოსტს და ეს არის თქვენი პოსტი, ბატონო დავით. "რესპუბლიკელებს" მინდა ვკითხო, თქვენ "ნაციონალური მოძრაობის" ორ ფრაქციასთან პოლიტიკური ერთობა არ გაწუხებთ და გაწუხებთ რაღაც სიტყვები არ დაემთხვას ერთმანეთს ჩვენს პოზიციებში?" - განაცხადა ბობოხიძემ.

ამასთან, ბობოხიძის თქმით, ძალიან ცუდად ენიშნა დავით უსუფაშვილის ფრაზა – მე რა ვქნა, მე?, იმიტომ რომ ერთ პოლიტიკურ ლიდერს ამ ფრაზის წარმოთქმა ცუდად დაუმთავრდა.

"შეიძლება პირიქითაც, ახლა იწყებს ის კაცი თავის რეალურ პოლიტიკურ ცხოვრებას. ამიტომ მე მინდა გკითხოთ თქვენ, როდის ხართ გულწრფელი? დიახ, თქვენ დატოვეთ "ნაციონალური მოძრაობა" 2004 წელს და თურმე იმიტომ, რომ პრინციპული შეუთავსებლობები გქონდათ იმ ხელისუფლებასთან. დღეს ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდება კი თქვენთვის ის წითელი ხაზი, რომლის ვერგადალახვის შემთხვევაში თქვენ დატოვებთ ამ ხელისუფლებას? არა, გამოდიხართ და გინდათ დაუმტკიცოთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ერთგული ხართ მისი კოალიციის. არა ხართ ერთგული მისი კოალიციის, იმ საცოდავი, რამდენიმე თანამდებობის ერთგულები ხართ, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან კოალიციაში ყოფნის გამო გეღირსათ და ვერ გეღირსათ, სამწუხაროდ, სააკაშვილის დროს. "ცხონებული კახა ბენდუქიძის ფრაზა მინდა გამოვიყენო და მართლა "ვაი, სააკაშვილო", ერთ და ორ თანამდებობას როგორ გადააყოლე მაშინ ის პოლიტიკური ერთობა, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" კოალიცია ერქვა. ჩემი მეგობრები – ბატონი ზვიადი, ბატონი დავითი და ასე შემდეგ, ხომ არ გავიდოდნენ იმ კოალიციიდან, ჩვენ რომ რაღაცა პატარა თანამდებობა მათთვის მიგვეცა? ეს ადამიანები გამოდიან და აკეთებენ იმას, რასაც მთელი ამ 9 წლის განმავლობაში, თითქოსდა ლანძღავდნენ, თითქოს აკრიტიკებდნენ და დღეს ამის ყველაფრის გამკეთებელი ხართ, ხალხო", - მიმართა ბობოხიძემ თინა ხიდაშელს.

ბობოხიძის თქმით, თვითონ ის მიდიოდა კომპრომისზე დემოკრატიასა და სახელმწიფოს შორის და დღესაც აქვს კითხვა, ღირდა თუ არა ამ კომპრომისად."მაგრამ ჩვენ წუმპედან უნდა ამოგვეყვანა ქვეყანა. შეიძლება, მოსმენებიც კი გამართლებული იყო, ტოტალური კორუფიის პირობებში ტოტალური ღონისძიებები იყო გასატარებელი. თქვენ რაში გჭირდებათ ეს ტოტალიტარიზმი, ტოტალური მართვის მეთოდები, თქვენ ხომ დალაგებული, ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტები ჩაგაბარეთ, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობენ. ამიტომ, როცა ლაპარაკობთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" მსგავსებაზე, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენთან მსგავსებისგან", - მიმართა აკაკი ბობოხიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. აკაკი ბობოხიძე, ასევე გამოეხმაურა გიორგი ვოლსკის, რომელმაც, ბობოხიძის აზრით, მისი სიტყვები დაამახინჯა და იმედი გამოთქვა, რომ ხალხი ამ ხელისუფლებას 4 წელიწადსაც არ აცდის.

"მე პირიქით ვთქვი, რომ თქვენი მმართველობა 4-წლიანი იქნება-თქო და იმედი მაქვს, ჩემი ნათქვამი არ განხორციელდება. გამოვიდა ბატონი ვოლსკი და აი, გადატრიალებას აანონსებსო. პირიქით ვთქვი, ბატონო გია, 4 წელი თქვენ ალბათ, იქნებით-თქო და იმედი მაქვს, რომ თქვენი წინასწარმეტყველება, რომ მე შევცდები, გამართლდება და არც ერთ შემთხვევაში ქართველი ხალხი თქვენს ხელისუფლებას მართლა არ მისცემს 4 წელიწადის ბოლომდე მისვლის საშუალებას, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება არის საქართველოს ჩიხში შემყვანი", - განაცხადა ბობოხიძემ.

იგი ასევე გამოეხმაურა ომარ ნიშნიანიძეს, რეპლიკით: "შენ ის კაცი იყავი, მაგიდაზე დამდგარი რომ იძახდი, მიშა მაგარიაო".

"უბედურება ისაა, რომ გიცნობთ ყველას. დღეში ხუთჯერ მოდიოდი და სადღეგრძელოებს მასწრებდი მიშასას. რა გჭირს? მაგით გინდა შენი წონა დაამტკიცო "ქართულ ოცნებაში"? ვერ დაამტკიცებ, იმიტომ რომ გიმეორებთ, ბატონებო, ზვიგენი არის გაუმაძღარი, ზვიგენი ანადგურებს და ყლაპავს ყველაფერს და თქვენც გადაგყლაპავთ", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა