დავით საგანელიძე პრეზიდენტს მოუწოდებს, თუ აპირებს ვეტოს დადებას, ეს გააკეთოს რაც შეიძლება სწრაფად

დავით საგანელიძე პრეზიდენტს მოუწოდებს, თუ აპირებს ვეტოს დადებას, ეს გააკეთოს რაც შეიძლება სწრაფად

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პრეზიდენტს ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით დღეს მიღებულ კანონზე გადაწყვეტილების პირველ დეკემბრამდე მიღებისკენ მოუწოდებს.

როგორც საგანელიძემ პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, თუ პირველ დეკემბრამდე არ იქნება პრეზიდენტის მხრიდან გადაწყვეტილება მიღებული, ამ შემთხვევაში სამართალდამცველ სისტემას მუშაობაში პრობლემები შეექმნება.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეგულაციები, კანონი მოსმენების სფეროში, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია. ამ კანონში გათვალისწინებულია ყველა ის შენიშვნა, რომელიც იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, საზოგადოების მხრიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და ის შენიშვნები, რომელიც ჰქონდა პრეზიდენტს. გარკვეული სიტუაციის გამო ვალდებული ვარ გავაკეთო შემდეგი საგანგებო განცხადება. პრეზიდენტის მიერ პარლამენტს დათქმული ჰქონდა ვადა 1-ელ დეკემბრამდე. პარლამენტმა თავისი ვალდებულება შეასრულა. კანონპროექტი ხელმოწერილია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ და გადაგზავნილია პრეზიდენტთან. პრეზიდენტს მინდა შევახსენო და მივმართო, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და ხელი მოაწეროს ამ კანონპროექტს. პირველი დეკემბრიდან ყველა ის საქმიანობა რომელიც სამართალდამცველ სტრუქტურებს ამ სფეროში გააჩნიათ, იქნება სამართლებრივი რეგულაციების გარეშე, შეიქმნება გარკვეული ვაკუუმი, რაც ეროვნულ უსაფრთხოებასთან მიმართებაში გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევს. თუ პირველი დეკემბრის მერე მოეწერა ხელი, ეს დღეები იქნება საკმაოდ პრობლემატური", - აღნიშნა საგანელიძემ.

მისივე თქმით, არსებობს გარკვეული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტს შეიძლება ჰქონდეს მიღებული გადაწყვეტილება ვეტოს დადებასთან დაკავშირებით. "ეს მისი გადასაწყვეტია. თუ იგი აპირებს ვეტოს დადებას ამ საკითხზე, პარლამენტს, მის უმრავლესობას, მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი, რომ დაიცვას მისი პოზიცია და აღნიშნულ ვეტოს დავძლევთ", - აღნიშნა საგანელიძემ.

საგანელიძე მოუწოდებს პრეზიდენტს, რომ თუ ვეტოს დადებას აპირებს, ეს რაც შეიძლება მალე, თუნდაც დღესვე გააკეთოს. "მოვუწოდებ პრეზიდენტს, რომ თუ აპირებს ვეტოს დადებას, ეს ვეტო დაადოს სწრაფად, დღესვე, ვთქვათ, რომ ჩვენ ხვალვე გვქონდეს დრო ამ ვეტოს დაძლევისთვის", - განაცხადა საგანელიძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა