ლევან იზორია პრეზიდენტის ვეტოს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებად აფასებს

ლევან იზორია პრეზიდენტის ვეტოს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებად აფასებს

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლევან იზორია პრეზიდენტის მიერ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებად აფასებს.

"ეს გადაწყვეტილება არის მოუმზადებელი, რაც თვითონ პროცესმა ნათელყო. ნონსენსია, რომ ზეპირად დაადოს ვეტო პრეზიდენტმა. ვეტო თავისი სამართლებრივი ბუნებით, პირველ რიგში, ნიშნავს სამართლებრივ შენიშვნებს იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტის მიერ იქნა მიღებული. პრეზიდენტის განცხადებიდან რამდენი საათი გავიდა, მაგრამ შენიშვნები ჯერ კიდევ არ არის მომზადებული. ქვეყნის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებულ თემებთან ასეთი მოუმზადებელი და მეტიც, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ქვეყნის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს", - განაცხადა ლევან იზორიამ "ქრონიკასთან" საუბარში.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის "უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების" გამო პარლამენტმა შესაბამისი პროცედურების დასრულება 1-ელ დეკემბრამდე ვერ მოასწროს და ქვეყანაში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ერთგვარი ვაკუუმი შეიქმნას.

"ეს ერთგვარი უპასუხისმგებლობაა ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე, რადგან 1-ელ დეკემბრამდე პარლამენტი ვერ მოასწრებს კონკრეტული რეგულაციების მიღებას, იმ შემთხვევაში კი, თუ საკანონმდებლო ორგანო დროულად არ მიიღებს გადაწყვეტილებას, შესაძლოა ვაკუუმი შეიქმნას. რა პასუხი შეიძლება გავცეთ საზოგადოებას ვაკუუმის პირობებში?" - აღნიშნა შს მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ლევან იზორიას აზრით, პრეზიდენტმა პარლამენტს საკუთარი შენიშვნები დროულად უნდა გადაუგზავნოს.

"თითოეული წამი მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. სასურველი იქნება, მომავალში თუ პრეზიდენტი ისევ გადაწყვეტს ვეტოს გამოყენებას, კარგად მოემზადოს, აწონ-დაწონოს ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება ქვეყანას შეექმნას", - აღნიშნა იზორიამ.

გარდა ამისა, შს მინისტრის პირველი მოადგილე მიუღებლად მიიჩნევს პრეზიდენტის ალტერნატიული პროექტით გათვალისწინებულ მიდგომას, რომ ერთი ე.წ. გასაღები სასამართლოს ხელში უნდა გადავიდეს.

"დეტალი, რომ გასაღები იყოს მოსამართლის ხელში, ჩემი მხრიდან იწვევს კონტრარგუმენტს. როგორც შეიძლება ნებართვის გამცემმა ორგანომ, ამ შემთხვევაში სასამარლომ თავისივე თავი აკონტროლოს? გამოდის მაკონტროლებები ხდება თავისივე თავის კონტროლის განმხორციელები ამ ე.წ. გასაღების მიცემით. ეს იურიდიული ნონსენსია", - დასძინა შს მინისტრის მოადგილემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა