ქვეყნის პირველი პირებისა და პატრიარქის ურთიერთობის ქრონიკა 1991-2014 წლებში

ქვეყნის პირველი პირებისა და პატრიარქის ურთიერთობის ქრონიკა 1991-2014 წლებში

საქართველოს სახელმწიფო რელიგია არ აქვს, მაგრამ ქვეყანაში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომელი სარწმუნოებაა  დომინანტი და ამომრჩეველი ყოველთვის აკვირდება პოლიტიკოსს, როგორი დამოკიდებულება აქვს მას ეკლესიისა და კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ. რამდენად დადებითად არის განწყობილი პოლიტიკოსი მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ, ეს პირდაპირ განსაზღვრავს მის წარმატებას, შესაბამისად, პოლიტიკოსთა მხრიდან ამომრჩევლის რელიგიურ გრძნობებზე აპელირება პოლიტიკურად მომგებიანია.

ჩვენმა ქვეყანამ გამოიცვალა ოთხი ხელისუფლება და ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ ამ ოთხი პერიოდის ქვეყნის პირველი პირებისა და მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის, ილია მეორეს ურთიერთდამოკიდებულებას.

ზვიად გამსახურდია

ზვიად გამსახურდია 1979-1989 წლებში სიონის საპატრიარქო ტაძრის მრევლი იყო, ესწრებოდა წირვა-ლოცვებს, ცდილობდა ადმინისტრაციული წესით დახურული ეკლესიების ამოქმედებას, მონაწილეობდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადარჩენის ღონისძიებებში, აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს საპატრიარქოსთან. უწმიდესი და უნეტარესი ილია II დაესწრო საქართველოს უზენაესი საბჭოს სესიას 1990 წლის 14 ნოემბერს, დალოცა სესიის მონაწილეები, ზვიად გამსახურდიას მიულოცა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.

თავის მხრივ, ზვიად გამსახურდია პრეზიდენტობის პირველივე დღიდან ხაზგასმით ცდილობდა დაეფიქსირებინა მისი დადებითი განწყობა მართლმადიდებლობის მიმართ. დასამახსოვრებელია ფრაზა, რომელიც მან ინაუგურაციაზე წარმოსთქვა: "საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინება, მისი დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება ქართველთათვის ნიშნეული ცხოველი მორწმუნეობის აღორძინების გარეშე, ზნეობრივი აღორძინების გარეშე - ამას ადასტურებს საქართველოს წარსულიცა და აწმყოც". 

ედუარდ შევარდნაძე

ზვიად გამსახურდიას მემკვიდრე ედუარდ შევარდნაძე, თბილისში დაბრუნების შემდეგ პირველად სიონის საპატრიარქო ტაძარში მივიდა და მალევე მოინათლა კიდეც. მისი ნათლია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.

შევარდნაძის ორვადიანი მმართველობის პერიოდში, პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა მასსა და საპატრიარქოს შორის რაიმე ტიპის უთანხმოება. ედუარდ შევარდნაძის მმართველობის წლებში გაფორმდა საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება, ეგრედ წოდებული კონკორდატი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივი მდგომარეობა, იურიდიული სტატუსი, ურთიერთობა სახელმწიფოსთან.

1996 წელს ელიას მთაზე საფუძველი ჩაეყარა სამების საკათედრო ტაძრის აშენებას, რომელსაც პრეზიდენტი შევარდნაძე აქტიურად უჭერდა მხარს.

2003 წელს, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება, ილია მეორემ მის ამ ნაბიჯს მამაცური და ერის წინაშე პასუხისმგებლობის გამომხატველი უწოდა.

აღსანიშნავია, რომ შევარდნაძისა და გამსახურდიას დაპირისპირების დროს, ეკლესია ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა, რამაც ზვიადის მხარდამჭერები გაანაწყენა კიდეც.

მიხეილ სააკაშვილი

2004 წლიდან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა. ახალგაზრდა პრეზიდენტის ინაუგურაცია-კურთხევა გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავთან გაიმართა.

შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილს, წინამორბედებთან შედარებით, არც ისე ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდა საპატრიარქოსთან. იმის მიუხედავად, რომ მისი მმართველობის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით უამრავი ეკლესია აშენდა, სააკაშვილის მთავრობას არასდროს მიუღია ღია მხარდაჭერა ეკლესიის მხრიდან, თუმცა ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც პირიქით - ამა თუ იმ სასულიერო პირმა ღიად დააფიქსირა მისი არაკეთილგანწყობა "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ და რამდენიმე მღვდელმა, პირდაპირ ქადაგების დროს, რადიკალური განცხადებებიც გააკეთა.

საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა საპატრიარქოს და პატრიარქის პოლიტიკური პოზიცია 2007 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი იყო. თუმცა ცალკეული სასულიერო პირებისგან განსხვავებით, კათოლიკოს-პატრიარქი ყოველთვის ერიდებოდა დაეფიქსირებინა კეთილგანწყობა ოპოზიციის ან ხელისუფლების მიმართ, მაგრამ მისი სიფრთხილის მიუხედავად, ზოგიერთ ნათქვამს მაინც მიეცა პოლიტიკური დატვირთვა. მაგალითისთვის, 2008 წლის არჩევნებამდე, პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაში მრევლს მოუწოდა, რომ მარხვის პერიოდში წიწიბურას მისძალებოდნენ. მოგეხსნებათ, 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის კონკურენტი ლევან გაჩეჩილაძე იყო, მეტსახელად "გრეჩიხა". ლევან გაჩეჩილაძის მხარდაჭერებმა და არა მხოლოდ მათ, ეს სიტყვები ერთ-ერთი კანდიდატის პირდაპირ მხარდაჭერად აღიქვეს...

გიორგი მარგველაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილი

2012 წლიდან ქვეყანას კოალიცა "ქართული ოცნება" მართავს. გიორგი მარგველაშვილი, საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე, მაკა ჩიჩუასთან და ქალიშვილთან, ანა მარგველაშვილთან ერთად ესტუმრა პატრიარქს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის პრაქტიკულად ერთადერთია აქამდე არსებულ პირველ პირთა შორის, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ "ყველას შეიძლება შეეშალოს და მათ შორის პატრიარქსაც". ბიძინა ივანიშვილი აფიქსირებს სიყვარულს პატრიარქის მიმართ, თუმცა სამოქალაქო სექტორში გადანაცვლების შემდეგ ღიად ამბობს, რომ არც ეკლესიის კრიტიკას მოერიდება. გააკრიტიკებს ეკლესიასაც, თუმცა სიყვარულით...

2012-2014 წლებში ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის ყველაზე გახმაურებული დაპირისპირება ანტიდისკრიმინაციულ კანონს მოჰყვა; ეკლესიის წარმომადგენლები ამ კანონს აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ. საბოლოოდ, პარლამენტმა ეს კანონი მიიღო, მაგრამ ეკლესიის ძალისხმევით, რამდენიმე შესწორება მაინც შეიტანა.

იმის მიუხედავად, თუ რამდენად ემთხვევა მთავრობის ხედვა საპატრიარქოსას, ფაქტია, რომ ნებისმიერმა მთავრობამ იცის, რომ საპატრიარქოსთან ცუდი ურთიერთობა მათთვის დამღუპველია, ვინაიდან, რაც არ უნდა მაღალი იყოს მათი რეიტინგი ქვეყანაში, ის ვერასდროს გაუტოლდება პატრიარქისას... NDI-ს 2014 წლის მარტის კვლევების მიხედვით, საქართველოში პატრიარქი გამოკითხულთა 96%-ს მოსწონს.

გიორგი ხარშილაძე

AMBEBI.GE

აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"პროცესი გამოაჩენს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შევა. უნდა შევიდეთ, ხალხმა ხმა იმისთვის მოგვცა, რომ პარლამენტში ვიმუშაოთ" - ალეკო ელისაშვილი