ექსპერტები ღარიბაშვილის გადადგომას არ გამორიცხავენ

ექსპერტები ღარიბაშვილის გადადგომას არ გამორიცხავენ

გასული კვირის დასასრული პრემიერ ღარიბაშვილის გარემოცვისთვის ნავსიანი გამოდგა. ბევრმა მაღალი თანამდებობის პირმა, რომლებიც პრემიერ-მინისტრის პროტეჟეებად მიიჩნეოდნენ და რომლებსაც მთავრობაში საკმაოდ დიდი გავლენა გააჩნდათ, საკუთარი სურვილით დაწერეს გადადგომაზე განცხადებები. თან ისე, რომ არც ერთს არ დაუსახელებია კონკრეტულად რა იყო პოსტის დატოვების მიზეზი.

პოლიტოლოგებმა ეს ჯგუფური "სახლში წასვლა" ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ღარიბაშვილის "დასჯად", "საჯარო შეურაცხყოფად" და "ყურის აწევად" შეაფასეს და ასევე დააანონსეს, რომ ეს გათავისუფლება მხოლოდ დასაწყისია და რომ კიდევ ბევრს და მათ შორის მინისტრებსაც მოუწევთ განცხადებების დაწერა.

"ქართული ოცნების" რიგებში წასვლის თაობაზე პირველი განცხადება პრემიერის სიმამრის დისშვილმა, სკანდალურად ცნობილმა ზვიად ჯანყარაშვილმა დაწერა. მან პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოსტი დატოვა და ასევე გაკეთდა განცხადებაც, რომ ის არც ერთ საჯარო სამსახურში აღარ იმუშავებს.

სწორედ ჯანყარაშვილის განცხადების შემდეგ იწყება პრემიერის გარემოცვის წევრების მხრიდან სახლში წასვლის სურვილით ღარიბაშვილთან განცხადებების ცვენა.

"საკუთარი განცხადებით წასულები"

თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ზურაბ კოპაძემ. კოპაძე წინა ხელისუფლების დროს ცეზარ ჩოჩელის ბიზნესპარტნიორი და შპს "ნატახტარის" აღმასრულებელი დირექტორი იყო. ეს ბიზნეს ჯგუფი "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელიც გახლდათ და მათ წინა ხელისუფლება მფარველობდა. კოპაძის ადგილზე კი "ქართუ" ბანკის პრეზიდენტი, ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი ნოდარ ჯავახიშვილი დაინიშნა.

ამ საკადრო ცვლილების ოფიციალურ მიზეზად სამინისტროსთვის განკუთვნილი თანხის ეფექტიანი მართვის აუცილებლობა სახელდება. ჯავახიშვილმა დანიშვნისთანავე განაცხადა, რომ ის ტენდერებს გააკონტროლებდა, რომ მან მთავრობისგან ერთადერთი დავალება მიიღო - შესყიდვების პროცესი უნდა დაიხვეწოს.

ამ განცხადებამ მაშინვე გააჩინა ეჭვი, რომ დიდი სამთავრობო ცვლილებები სწორედაც ტენდერების არასწორ გადანაწილებას, კორუფციასა და ბიზნესზე ზეწოლის ფაქტებს უკავშირდებოდა. ამ ყველაფერს - ბიზნესსა და ტენდერებს კი, როგორც ოპოზიცია ამტკიცებდა, ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი და მისი დისშვილი ზვიად ჯანყარაშვილი აკონტროლებდნენ.

თანამდებობიდან გადადგა ეკონომიკური საბჭოს მდივანი რომან ჩხენკელიც, რომელიც ღარიბაშვილის მეგობარია. მისი ადგილი ბიზნეს ომბუცმენმა გიორგი გახარიამ დაიკავა.

სახლში წასვლა გადაწყვიტა რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი ჩხენკელმა, რომელიც ღარიბაშვილის დროს შს სამინისტროში გენინსპექციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. სწორედ ძმები ჩხენკელები სახელდებოდნენ ყველაზე გავლენიან და ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილ პირებად მთავრობაში, ეკონომიკური ხაზით მათ გარეშე არცერთი შესყიდვა არ ხორციელდებოდა.

რომან ჩხენკელი "ნაციონალების" დროს ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელად მიიჩნეოდა. იგი ეროვნული აუდიტის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და ბანკ "ქართუს" გაკოტრების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია. 2013 წლის 20 იანვარს რომან ჩხენკელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით 15 ათასი ლარის გირაო შეუფარდა და პატიმრობას თავი ამ თანხის გადახდით დააღწია.

პარასკევს საკუთარი განცხადების საფუძველზე სახლში წასვლა გადაწყვიტა გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ. მის შემცვლელად დღეს ბესიკ ქარჩავას კანდიდატურა განიხილება. ჩხაიძე ღარიბაშვილის გუნდის წევრად მიიჩნეოდა და მასთან დაპირისპირებული იყვნენ ვიცე-პრემიერ კალაძის გარემოცვის წევრები. ახალი სავარაუდო გუბერნატორი ქარჩავაც კალაძის ფავორიტად სახელდება.

ჩხაიძის გადადგომის არაოფიციალურ მიზეზად პრემიერის ეკონომიკური მრჩეველის ჩხენკელის თანამდებობიდან გათავისუფლება სახელდება, თუმცა, ეს მხოლოდ არაოფიციალური ინფორმაციაა.

გარდა ამისა, შაბათს საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს შსს-ს გენინსპექციის ურფოსმა ირაკლი სამყურაშვილმა და შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსმა მალხაზ ჩიკვილაძემ. ორივე მათგანი ჯანყარაშვილის კადრად მიიჩნეოდა. ჩიკვილაძის შემცვლელი მალევე გასაჯაროვდა, მის ნაცვლად უკვე დაინიშნა მირიან მჭედლიშვილი.

მალხაზ ჩიკვილაძესთან დაკავშირებითაც საუბარია იმაზე, რომ ჩხენკელების მსგავსად ისიც ყოფილი "ნაციონალია". ის წინა ხელისუფლების დროს გენინსპექციის უფროსის - ვასილ სანოძის მოადგილე იყო და ფიგურირებს ვიდეოში, სადაც ჩანს, თუ როგორ ესვრის ტირის თოფს 2002 წელს თბილისში მომიტინგეებს ვასილ სანოძე - აივანზე სანოძესთან ერთად მლახაზ ჩიკვილაძეც იმყოფება.

ვინ იქნება შემდეგი

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ჩვენ რაიმე საკადრო ცვლილებების მოწმენი კი არ გავხდებით, არამედ მოხდა მთელი ქსელის ლუსტრაცია, რომელსაც რაღაც სამეგობრო წარსული გააჩნია.

"ჩხენკელების ერთ-ერთი ძმა, რომანი რომ გარკვეულ ხანს "ქართუ" ბანკის გაკოტრების სქემის შექმნა-განხორციელების გამო პატიმრობაში იყო, ეს რასაკვირველია ბევრ კითხვას ბადებდა, როგორც კი ეს ეკონომიკურ საქმეებში ახალგაზრდა პრემიერის მთავარი საყრდენი გახდა. თანაც, მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ეკონომიკური საბჭოები პრაქტიკულად რომან ჩხენკელის მიერ იმართებოდა და მას საკუთარი თავი მინისტრებზე მაღალი რანგის მოხელედ მიაჩნდა, არ თაკილობდა მათთვის დავალებების მიცემას და ა.შ." - ამბობს ცისკარიშვილი და დასძენს:

"ეს რომ იტალიაში მომხდარიყო, ასეთ ქსელს მაფიოზურს დაარქმევდნენ. რადგან დარწმუნებული ვარ ჩვენი ახალგაზრდა პრემიერის პატიოსნებაში, მე ამ ტერმინს არ გამოვიყენებ. ფაქტია ის, რომ აღმოჩნდა ქსელი, რომელიც ივანიშვილის ინიციატივით შექმნილი არ იყო. და ვნახეთ, რომ ერთი დაძახება და მთელი ქსელი დაიშალა. თავიდან ბოლომდე სამარცხვინო ისტორიაა და ეტყობა მეტად ინფორმირებული ბატონი ივანიშვილი ასეთი გადაადგილებისთვის სერიოზულ საფუძველს ფლობს".

ცისკარიშვილის თქმით, არ იცის ვინ იქნება შემდეგი, თუმცა, მიიჩნევს, რომ გასაშვები კიდევ ბევრია.

რომან ჩხენკელის დიდ გავლენაზე პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძეც საუბრობს.

"რეალურად რა მოხდა, ამის თქმა გამიჭირდება. ლოგიკურად, ივანიშვილმა, ვინც ამ მთავრობის შემოქმედია, ჩათვალა, რომ ღარიბაშვილი არაეფექტურად მუშაობს. ამ ჯგუფს "კლანს" ვერ ვუწოდებ, რადგან რეალურად ვერაფრის დაშავება ვერ მოასწრო, რომ კლანზე ვისაუბრო. მაგრამ ის, რომ თანამდებობიდან წასული ადამიანები მთავრობაში ღარიბაშვილის უშუალო დასაყრდენი იყვნენ, ფაქტია.

ეს ადამიანები ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი პირები იყვნენ. იგივე ჩხენკელებთან დაკავშირებით თავად სამინისტროს წარმომადგენლები პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ამ ადამიანებთან შეთანხმების გარეშე თანხების გადარიცხვის და მსხვილი პროექტების დამტკიცების უფლებაც კი არ ჰქონდათ. პრემიერი მათი მეშვეობით სრულად აკონტროლებდა ეკონომიკურ ბლოკს.

ასევე შს სამინისტროს მიმართულებითაც მოიხსნენ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ პრემიერის ნდობით აღჭურვილი პირები იყვნენ. არაფერს ვამბობ სულ ახლახან მთავრობის ადმინისტრაციაში საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესის შეცვლაზე, სადაც ეს პრეროგატივა პრემიერს ჩამოერთვა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს გადაეცა", - აცხადებს ლაგაზიძე.

მისივე თქმით, საქმეში ჩახედული ადამიანისთვის, რაც მოხდა, ეს ღარიბაშვილის საჯარო შეურაცხყოფაა და ასეთი შელახული ავტორიტეტით როგორ უნდა შეძლოს მან მთავრობის გაძღოლა - სწორედ ეს არის მთავარი კითხვა.

ის, ვინც მოიხსნა, რეალური გავლენის მატარებლები, მინისტრებზე მეტი გავლენის მქონე პირები იყვნენ. ღარიბაშვილს ყველგან თავისი კადრი ააცალეს ცხვირწინ. ყველა მაკონტროლებელი ხაზი გამოაცალეს ხელიდან. ამის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ რიგითი მინისტრის ურთიერთობა ღარიბაშვილთან? შიგნით სიტუაცია ხომ უფრო აბსურდული იქნება...

"ამ ცვლილებებით ღარიბაშვილს მხოლოდ ფორმალური ძალაუფლება შეუნარჩუნეს და მთავრობა როგორ უნდა იმართოს, ვერ წარმომიდგენია. ამიტომაც, რაც ხდება, ამას რეალური სახელი უნდა დაერქვას და ამას პრემიერის ცვლილება უნდა მოჰყვეს. ხელისუფლებაში რეალური გავლენის მქონე პირი უნდა მოვიდეს", - აღნიშნავს ლაგაზიძე და მომავალ საკადრო ცვლილებებსაც პროგნოზირებს.

ხათუნა ლაგაზიძე: "ჯერ მოიხსნა "ზურგი" და ამას სხვებიც მოჰყვებიან. ყველას ერთად მოხსნა უბრალოდ პარალიზებას გამოიწვევდა. ბევრი ახალი ფიგურა დაინიშნა და რაც უნდა ამტკიცონ - რა მოხდა, დეპარტამენტის უფროსები შეიცვალაო, მათგან ზოგიერთი მინისტრზე მეტი უფლებით და ძალაუფლებით სარგებლობდა.

"ამას რომ მინისტრების ცვლა დამატებოდა, სერიოზულ კატაკლიზმებამდე მიგვიყვანდა, მით უმეტეს წელი მთავრდება და ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს. ყველაფერი წინ არის და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეკონომიკური ბლოკის მინისტრების ცვლილებებსაც ვიხილავთ. ისიც არ გამოვრიცხოთ, რომ პრემიერ-მინისტრის დონეზეც კი ვიხილოთ ცვლილებები. რა დროში მოხდება ეს ცვლილება, ვერ გეტყვით, მაგრამ რეალობა ამას მოითხოვს".

მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია ამ გათავისუფლებებს პირდაპირ ღარიბაშვილის კლანის წმენდას უწოდებს. მისი თქმით, მართალია, ღარიბაშვილის დასაყრდენია ასევე შს მინისტრი ჭიკაიძე და მისი მოადგილე ზედელაშვილი, მაგრამ ამ ეტაპზე მათ მოხსნიან თუ არა, ამაზე პროგნოზს ვერ გააკეთებს.

პიროვნულად, კლანურად ზედმეტად გაძლიერდა ღარიბაშვილი და ამან გამოიწვია ივანიშვილის უკმაყოფილება. ღარიბაშვილის კლანის გაძლიერება პოლიტიკურ პრობლემას ქმნიდა და კლანის არსებობა ასევე ყოველთვის არის დაკავშირებული კორუფციასთან. ივანიშვილმა ერთგვარად ყური აუწია ღარიბაშვილს. უთხრა - ეს შენი ხალხი მოაშორე, შენ კი ჯერჯერობით გენდობი. ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს არის ერთგვარად ადგილის მიჩენა, ღარიბაშვილისთვის გაგზავნილი ღია მესიჯი - თავს ნუ გაგივიდა", - მიიჩნევს ნოდია.

ნოდიას განცხადებით, ამ გათავისუფლებების შემდეგ ღარიბაშვილი პოლიტიკურად კოჭლდება. მას წყალი შეუდგა და ლოგიკურია, რომ მის შეცვლასაც უნდა ველოდოთ.

"თუკი იმის ნდობა არ არის, უახლოესი გარემოცვა დანიშნოს თანამდებობებზე, მაშინ რად გინდა ასეთი პრემიერ-მინისტრი?! ცხადია, ხელისუფლებაში იტყვიან, რომ მოხდა სალაპარაკო, რაღაც დეპარტამენტის უფროსები შეიცვალნენ. აბა, იმას ხომ არ იტყვიან, ღარიბაშვილი დასუსტდაო?

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ლოგიკურია ღარიბაშვილიც წავიდეს, ეს იმას მაინც არ ნიშნავს, რომ ის წავა. შესაძლოა ივანიშვილს ხელს აძლევს ღარიბაშვილი, ოღონდ დასუსტებული და ამიტომ დატოვოს", - ამბობს ნოდია, თუმცა ღარიბაშვილის შესაძლო შემცვლელებზეც საუბრობს.

ყველას პირველი შეიძლება კალაძე მოაფიქრდეს, რადგან ვიცით, რომ ღარიბაშვილის ერთგვარი მეტოქეა. იქნება ის, ვისაც ივანიშვილი დღეს ყველაზე მეტად ენდობა. შეიძლება სერგეენკო ან კვირიკაშვილი, ან ვიღაც სერგეენკოსმაგვარი სხვაც გამოჩნდეს.

შემცვლელი ისეთი ფიგურა უნდა იყოს, რომელიც გაკონტროლებადია. ღარიბაშვილიც კი გამოვიდა კონტროლიდან და თავისი კლანის გაძლიერება დაიწყო, კალაძე კი შეიძლება ნაკლებად გაკონტროლებადი იყოს.

ივანიშვილის ადგილზე ისეთ პირს ავირჩევდი, ვინც პიროვნულ გაძლიერებას არ შეეცდება და კალაძეზე არ დავდებდი ფსონს.

არ მგონია, რომ ამ საკადრო ცვლილებებში მთავარი ლარის გაუფასურება იყო. ამდენად, კვირიკაშვილის დასჯას არ ველოდები. ასეთი სტილი ივანიშვილს არ აქვს. ალასანია იმისთვის ხომ არ დასჯილა, რომ ჯარი ცუდ დღეშია, არამედ იმიტომ, რომ ამბიციურია. ღარიბაშვილმაც თავს ზედმეტის უფლება რომ მისცა და თავისი ნათესავები დანიშნა საკვანძო თანამდებობებზე, ამისთვის დაისაჯა და არა იმის გამო, რომ ქვეყანაში კარგად არ არის საქმე. ამ წმენდის შემდეგ ქვეყანაში ჩნდება განცდა, რომ მთავრობა სუსტია და სიტუაცია უფრო ბუნდოვანი გახდა" - ამბობს ნოდია.

ეკატერინე ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა