ხელისუფალი ოპოზიციის აქციაზე - მურმან დუმბაძის ძმა სამართლიანობის აღდგენას "პატრიოტთა ალიანსს" სთხოვს

ხელისუფალი ოპოზიციის აქციაზე - მურმან დუმბაძის ძმა სამართლიანობის აღდგენას "პატრიოტთა ალიანსს" სთხოვს

ბათუმში, ევროპის მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. აქციაზე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის ძმა გურამ დუმბაძე ტრანსფარანტით მივიდა. "მოვითხოვთ! მწერალთა სახლის რემონტი ჩაისვას 2015 წელს აჭარის ბიუჯეტში!".

Ambebi.ge დაინტერესდა ხელისუფლებაში მყოფი გურამ დუმბაძე რატომ თხოვს დახმარებას ოპონენტ პოლიტიკურ პარტიას. გურამ დუმბაძე ხელვაჩაურის საკრებულოში ახალშენის თემის მაჟორიტარი დეპუტატია "ქართული ოცნებიდან":

- სამწუხაროდ, ბოლო 20 წლის განმავლობაში არ მეღირსა ისეთი მთავრობა, რომელიც განასხვავებდა მწერალთა კავშირს მონადირეთა კავშირისგან და თუნდაც, სტომატოლოგთა კავშირისგან. მწერლობა ეს არის ჩვენი ცივილიზაციისა და ჩვენი კულტურის ბურჯი და მას სხვანაირი სტატუსი უნდა მიენიჭოს. რაც შეეხება მიტინგზე მოსვლას, მიმაჩნია, რომ საჭიროა სისტემური ცვლილებები. მეც მაჟორიტარი დეპუტატი ვარ "ქართული ოცნებიდან" ხელვაჩაურის საკრებულოში. ის ლოზუნგები, რაც არის აქ გამოტანილი, სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, აუცილებელია. მიწის რეფორმა აჭარაში არ ჩატარებულა და ეს ხალხი ფაქტიურად არის შუა წყალში ჩავარდნილი. ძალიან ბევრი უსახლკარო ადამიანი გაჩნდა და ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს.

- ბატონი მურმანიც ხომ არ არის აქიაზე, იცის რომ აქ ხართ?

- როგორ არ იცის, თვითონ არ არის აქ, თორემ მოვიდოდა. სხვათაშორის, ერთი ბედნიერება გვაქვს, მიტინგზე შეიძლება მივიდეთ და მერე სახლში მშვიდობიანად დავბრუნდეთ. ეს "ქართული ოცნების დამსახურებაა.

- ბატონო გურამ, თქვენ ხართ "ქართული ოცნების" წევრი, ვის სთხოვთ სამართლიანობის აღდგენას, როცა თქვენ ხართ ხელისუფლებაში?

- საკუთარ თავს ვთხოვ, მაგრამ ზედა ეშელონებსაც ვთხოვ, ეს უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მთავრობამ. რაიონის, მუნიციპალიტეტის დეპუტატი ბევრს ვერაფერს გადაწყვეტს.

- ოპონენტების აქციაზე რომ ხარ ეს არაფერს ნიშნავს?

- მე მომწონს ის ლოზუნგები, რომელიც ამ მიტინგზეა მოტანილი და ჩემში იწვევს, რომ მოვიდე აქ. მე ძირითადად ვითხოვ, სისტემურ ცვლილებებს. ჩვენ 20 წელიწადია პიროვნებებს ვცვლით და ვეძებთ ბელადებს. ბელადი არ გამოჩნდება, საჭიროა სისტემის რეფორმა.

- თქვენ ხელისუფლებაში ხართ, მაგრამ არ მოგწონთ ეს ხელისუფლება?

- მომწონს ეს ხელისუფლება რაღაც რაღაცეებში, მაგრამ რაღაც რაღაცეებში არ მომწონს და ამიტომ ვარ აქ. ამ ხელისუფლების მთავარი დამსახურებაა, რომ არ მეშინია აქ რომ ვარ, საღამოს მშვიდობით მივალ სახლში. წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით ეს მონაპოვარი არის, მაგრამ რაც შეხება სამართლიანობის აღდგენას, ეს ძალიან ნელა მიდის. ჩემს მეგობარ ოთარ მახარაძეს სასტუმრო წაართვეს კვარიათში პირადად ვანო მერაბიშვილის დაკვეთით და დღესაც არ არის გადაცემული საკუთრებაში.

გურამ დუმბაძე აქციის დასრულებამდე ევროპის მოედანზე იმყოფებოდა.

ნინო ხოზრევანიძე, ბათუმი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა