ალექსი პეტრიაშვილის აზრით, აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იმედგაცრუების საფუძველი არ არსებობს

ალექსი პეტრიაშვილის აზრით, აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იმედგაცრუების საფუძველი არ არსებობს

"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, ის, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ნატო-ს წევრობის გარეშე აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსს ვერ მიიღებენ, "განსაკუთრებული იმედგაცრუების განწყობის შექმნის საფუძველს არ ქმნის".

როგორც პეტრიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის აქტი - 2014" აშშ-ს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვასთვის მთელი რიგი მიმართულებებით კონკრეტული მხარდაჭერის გაწევას ითვალისწინებს.

"ეს გულისხმობს უკრაინისთვის დახმარებას ენერგოსექტორში, სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაში მხარდაჭერას. ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რუსული პროპაგანდის შესაჩერებლად დამატებითი თანხების გამოყოფა ამ სამ ქვეყანაში; ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს აუცილებლად ერთ კონტექსტში უნდა იყოს განხილული, შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს მიერ დამტკიცებული და პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად გადაგზავნილი ბიუჯეტი, სადაც პირდაპირ საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინისთვის საბრძოლო იარაღის გადაცემის თაობაზე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვისაც დამატებითი თანხები გამოიყოფა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე. ამდენად, მე ვთვლი, რომ ძალიან სერიოზული გზავნილები და კონკრეტული დახმარების ფორმები არის გამოხატული შეერთებული შტატების მხრიდან. უმნიშვნელოვანესია, რომ ამას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა. ამიტომ ეს კონკრეტული ნაბიჯები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საუბრები იმის თაობაზე, მოგვანიჭებდნენ თუ არა მთავარი მოკავშირის სტატუსს", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე თავიდანვე დააფიქსირა, რომ ამგვარი სტატუსის მინიჭებაზე ჯერ საუბარი ვერ იქნებოდა, შესაბამისად, მოლოდინიც არ ყოფილა.

"ამიტომაც აქ რაღაც განსაკუთრებული იმედგაცრუების განწყობის შექმნის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. ამის განსაკუთრებული მოლოდინი არ იყო არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც ჩვენს სამ ქვეყანაში. ბუნებრივია, მომავალშიც უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რათა აშშ იყოს კიდევ უფრო ძლიერი მხარდამჭერი დაჩქარებული წესით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების და რაც ყველაზე მთავარია, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უნდა დაჩქარდეს მოლაპარაკებები კონკრეტული საშუალებების გადმოცემასთან დაკავშირებით", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

ამასთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს არ აქვს ინფორმაცია, გრძელდება თუ არა მოლაპარაკებები კონკრეტული საშუალებების გადმოცემასთან დაკავშირებით.

რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის აღარ არის გათვალისწინებული ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან აშშ-ის მთავარი მოკავშირეების სტატუსის მინიჭება, რასაც აშშ-ში მომზადებული კანონპროექტი "უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის აქტი" ითვალისწინებდა. კანონპროექტს შეერთებული შტატების სენატმა 11 დეკემბერს დაუჭირა მხარი, მაგრამ მას შემდეგ ტექსტი შეიცვალა. 12 დეკემბერს სენატმა დაამტკიცა და ხელმოსაწერად პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაუგზავნა კანონპროექტი, რომელშიც აღარ არის საუბარი სამი პოსტსაბჭოთა ქვეყნის - მათ შორის, საქართველოს განსაკუთრებულ სტატუსზე, თუმცა სენატში დამტკიცებული კანონპროექტი ითვალისწინებს თანამშრომლობისა და ფინანსური მხარდაჭერის სხვა ფორმებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა