ირაკლი ღარიბაშვილი - 2015 იქნება პირველი წელი არჩევნების გარეშე, მას შემდეგ, რაც მე მოვედი პოლიტიკაში

ირაკლი ღარიბაშვილი - 2015 იქნება პირველი წელი არჩევნების გარეშე, მას შემდეგ, რაც მე მოვედი პოლიტიკაში

თუ ჩემი გუნდი შეძლებს იმას, რომ ყოველი მომდევნო დღე ქართველი ხალხის ცხოვრებაში ოდნავ უკეთესი იყოს, ვიდრე წინა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გამართულ მიღებაზე განაცხადა. პრემიერის განცხადებით, ეს კი ნიშნავს, რომ ყოველდღე ოდნავ მეტი ძალისხმევა და სიბრძნე უნდა გამოვიჩინოთ. "ზოგჯერ შეცდომებიც შეიძლება დავუშვათ, მაგრამ თუ დროის უდიდესი ნაწილი წარმატებული იქნება, მაშინ საქართველო ბევრად უკეთესი ქვეყანა გახდება.

თუ გადავხედავთ 2014 წელს, ჩემი აზრით, ქართველი ხალხის ცხოვრებაში უმეტესობა დღეებისა წინა დღეზე უკეთესი იყო. ჩვენ მართლაც ძალიან ბევრს მივაღწიეთ რთულ პირობებში. აღვნიშნავთ რა 2014 წლის დასასრულს და ვფიქრობთ მომავალზე, მჯერა, რომ 2015 წელს კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ! 2015 იქნება პირველი წელი არჩევნების გარეშე, მას შემდეგ, რაც მე მოვედი პოლიტიკაში. ბევრი თქვენგანისთვის ეს დიდი შეღავათი იქნება. ძალიან მოხარული ვარ, რომ წელს დასვენების საშუალება მიეცემათ მათ, ვინც არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობს", -განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, მისი მიზანია, 2015 წელი იყოს ნამდვილი "შრომის წელიწადი". ღარიბაშვილი ამბობს, რომ ის და მისი გუნდი ძალ-ღონეს არ დაიშურებს და იმუშავებს იმისათვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრება გაუმჯობესდეს და უზრუნველვყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა და მშვიდობიანი მომავალი.

"ყოველი დღე ოდნავ უკეთესი იქნება, ვიდრე წინა. იმედის თვალით შევყურებ მომავალ წელს. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გავაღრმავებთ თქვენთან თანამშრომლობას და უფრო დიდ წარმატებას მივაღწევთ", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ერთად ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სადღესასწაულო მიღებაზე უმასპინძლა. პრემიერმა დიპლომატებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.

"პატარა საჩუქრის სახით, გთხოვთ, მიიღოთ ქართველი მხატვრების ეს ნამუშევრები, რომლებიც ასახავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონს. იმედი მაქვს, სწორად გამოვიცანით თქვენი საყვარელი რეგიონები. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა. გისურვებთ წარმატებებს მომავალ 2015 წელს", - განაცხადა პრემიერმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა