ქართული პოლიტიკის საფეხბურთო მიმოხილვა - ანგარიში და ბურთის ფლობის პროცენტები ექსპერტისგან

ქართული პოლიტიკის საფეხბურთო მიმოხილვა - ანგარიში და ბურთის ფლობის პროცენტები ექსპერტისგან

2014 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებსა და 2015 წლის პერსპექტივებზე "ინტერპრესნიუსი" დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტს, სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, ორი წელზე ოდნავ მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების გზით შეცვალა "ნაცმოძრაობა". შეიძლება ითქვას, რომ წელს, არა მარტო განვლილი წლის, არამედ კოალიციის ხელისუფლებაში 2-წლიანი საქმიანობის შეჯამებაც შეიძლება. თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყნისა და ხელისუფლებისათვის 2014 წელს და, საერთოდ, 2013-2014 წლებში განვითარებულ პროცესებს?

- მსხვერპლნი ვართ ჩინური წყევლისა, რომელიც ბრძანებს - საინტერესო დროში გეცხოვროთო! დიახ, საინტერესო დროში ვცხოვრობთ, განსაკუთრებით, პოლიტიკური ინტერესების მქონე ნაწილისთვის. უკანასკნელი ორი წელი უნდა გავითავისოთ როგორც ახალი ხელისუფლების დაპირებათა პირველი ნახევარი. უფრო ფართო წრისთვის რომ ვიყოთ გასაგები, ჩემი ხედვის დასაფიქსირებლად ფეხბურთის ტერმინოლოგიას მოვიხმარ. ჩემი აზრით, პირველი ტაიმი, ანუ ორი წელი ამ ხელისუფლების 4 წლიდან დამთავრდა ანგარიშით 0:1 "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ეს ერთადერთი გოლი "ნაცმოძრაობის" კარში გაიტანა გუნდის კაპიტანმა, გვარად სააკაშვილმა.

რაც შეეხება აქტივობას ფეხბურთის მინდორზე, რომელიც ზოგჯერ პარლამენტის შენობასაც ემსგავსება, შემიძლია ვთქვა, რომ ბურთის ფლობის პროცენტი ასე განაწილდა: 65% - "ნაცმოძრაობა", 35% - "ქართული ოცნება." ანუ, აქტივობიდან გამომდინარე ტერიტორიული უპირატესობა იყო "ნაცმოძრაობის", მაგრამ მათ ტაიმი წაგებული აქვთ იმ მიზეზის გამო, რომელიც ზემოთ მოგახსნეთ.

ამ ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ ჩემთვისაც სიახლე იყო. ორი წლის წინ არ ვიცოდი, რომ ერთმანეთის წყევლა-კრულვის რეჟიმში მოქმედი ორი წამყვანი პოლიტიკური ძალის ურთიერთობა დასავლეთში მოიხსენიება ტერმინით კოჰაბიტაცია. შედეგიც სახეზეა, ამ მავნებლურმა ფსევდოკოჰაბიტაციამ უმრავლესობას ნიჰილიზმი შეჰყარა იმ პოლიტიკური პროცესების მოლოდინში, რაც აგრერიგად დიდი იყო.

- რას მიიჩნევდით საშინაო პოლიტიკაში 2014 წლის ყველაზე პოზიტიურ და ნეგატიურ მოვლენად?

- არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიტივი და არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატივი. ყველაზე პოზიტიური კალენდარული დღე იყო 27 ივნისი, როდესაც ბრიუსელში ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის მავნებლური მოვლენა - ერთი თითქოსდა უწყინარი სატელევიზიო ინტერვიუ, რომლის დროსაც ბატონმა ივანიშვილმა საჯაროდ მიჭირხვნა მისივე ფავორიტი საქართველოს პრეზიდენტი.

ამის შემდეგ ცივილიზებულ ფორმაში რამე ბალანსი სახელისუფლო შტოებს შორის აღარ გვინახავს. მოწმენი გავხდით, რომ საქართველოს მთავრობას დაედო ვეტო საკუთარ პრეზიდენტთან საურთიერთოდ. ეს ნეგატიური ფაქტი უკვალოდ არ დარჩენილა ჩვენს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. ამ კუთხით არის გარკვეული პროგრესი, მაგრამ გულწრფელობამდე ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ვწუხვარ, რომ ეს არცთუ საამაყო კინკლაობა და ცალმხრივი ბრალდებები სრულიად ადეკვატურად იქნა შეფასებული საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენი პარტნიორების მიერ, რაც მხოლოდ აკნინებს ჩვენი სახელმწიფოს იმიჯს.

სრული ინტერვიუ

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა