ნადირობა ქართველებზე გალში

ნადირობა ქართველებზე გალში

"აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გალის რაიონში მცხოვრები 8 ქართველი დააკავეს. მათ 25 წლის წინ - 1992-93 წლებში აფხაზეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა ედებათ ბრალად. "ბიჭები ჩემი ახლობლები არიან. დაკავებულთაგან ერთ-ერთი ჩემი ძმაა, 48 წლის კობა გვაძაბია, რომელიც წლებია გალის რაიონის სოფელ ბარღებში ჩემს ძმასთან და დედაჩემთან ერთად ცხოვრობს. ხალხი ძალიან შეშინებულია", - ამბობს გალის რაიონიდან დევნილი, "საქართველოს უპარტიოთა მოძრაობის" ხელმძღვანელი მამუკა გვაძაბია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ნადირობა ქართველებზე / ერთ-ერთი დაკავებულის ძმა ამბობს, რომ აფხაზმა ძალოვნებმა "ოპერატიული ინფორმაცია" ენგურის აქეთა ნაპირიდან მიიღეს.

"მისი თქმით, 1992-93 წლებში იარაღი თავდაცვისათვის ბევრს ეჭირა ხელში: "როგორ, ახლა გაახსენდათ 25 წლის წინანდელი ამბავი?!"გვაძაბია იმასაც ამბობს, დასმენები ენგურს გამოღმა მხრიდანაც ხდება და ამ დასმენების დახმარებით თითხნიან ბრალდებებს სეპარატისტები. "ახლა გავიგე ეს ამბავი. როგორ წაიყვანეს და რა მოხდა, არაფერი ვიცი. რაღაც შეთითხნილი ბრალდებებია. მათ შორის აქიდან, ენგურის გამოღმიდანაც აქვს ასეთ უბადრუკ დასმენებს ადგილი. დასმენების შესახებ რა და როგორ ხდება, ყველაფერი რომ ჩაცხრება, მერე გეტყვით. ახლა კი მათი სოცოცხლე საფრთხეშია. არ ვიცი, რა მოუვათ. ძალიან აფორიაქებული ვარ. ხალხი დაშინებულია, ამ პოლიტიკანების მხრიდან უპატრონოდ არიან მიყრილები. ხალხზე პირდაპირ ტერორი ხორციელდება", - აცხადებს მამუკა გვაძაბია.

"გუშინ აფხაზურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონის "ძალოვანმა სტრუქტურებმა" 17 დეკემბერს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების ჩაატარეს და საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალად 1992-93 წლების ომში საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების მხარეს ჩართვა ედებათ ბრალად. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, ეს პირები რომ აფხაზი ხალხის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში იყვნენ ჩართულები, ამის შესახებ ოპერატიული ინფორმაციას შედეგად გახდა ცნობილი და ამიტომაც მოხდა მათი დააკავება. მათ ასევე ბრალი ედებათ იმაში, რომ ისინი ომის შემდეგაც გალში ცხოვრობდნენ და "ეხმარებოდნენ უკანონო შეიარაღებული ფორმირებებს და დივერსიულ და სადაზვერვო ჯგუფებს". აფხაზური გამოცემა "ნუჟნაია გაზეტა" წერს, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, გალის რაიონში მცხოვრებმა ომარ აბშილავამ უკვე მისცა ჩვენება და დაადასტურა, რომ 1992-1993 წლებში საომარ მოქმედებებში იყო ჩართული. გამოცემამ გაავრცელა კადრები, თუ როგორ შეჰყავთ ბორკილებდადებული პირები გალის მილიციის შენობაში და ასევე აჩვენს ერთი დაკავებულის, ომარ აბშილავას "აღიარებაც", - აღნიშნავს გამოცემა.

"აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელოსა და ზემი სვანეთში ჯემალ გოგოხია ამბობს, რომ როგორც კი ერთმა გვარმა გაიჟღერა აფხაზურ მედიაში, მაშინვე დაიწყო ინფორმაციის გადამოწმება ამ პიროვნების შესახებ და ის მებრძოლი არ ყოფილა. "დაკავებული ამბობს, რომ თემურ ხაჟალიასთან სპეცრაზმში ვიყავიო. ხაჟალია დღეს ცოცხალი აღარ არის, ის სოხუმში შს სამინისტროში მუშაობდა, ომობდა კიდეც, მაგრამ არანაირი სცეპრაზმი არ ჰყავდა. დაკავებული კი იძახის, მასთან ერთად ვიყავი სპეცრაზმშიო. როგორც კი დაკავებულის გვარი გავიგე, უმალ გადავრეკე ბიჭებთან და ეს გვარი არავინ იცოდა. იმიტომ, რომ ის მეომარი არ ყოფილა. ჭკუათმყოფელი მებრძოლი იქ არ გადავა. მეომართა კავშირის ყველა წევრი გეტყვით, რომ აფხაზებს მათ წინააღმდეგ მებრძოლთა სიები აქვთ და არც ერთი მეომარი აფხაზეთში საცხოვრებლად არ წავიდოდა. მით უმეტეს, წლების განმავლობაში გალში ცხოვრობდნენო. ეს გამორიცხულია. ეს ძალიან არასერიოზულია. ეს რაღაც პროვოკაციაა. რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე, ვერ ვხსნი", - ამბობს ჯემალ გოგოხია და დასძენს, რომ ამის მიუხედავად გალში პანიკა არ არის.

"მისი თქმით, იმდენად მოულოდნელი იყო გალში ამდენი წლის ცხოვრების შემდეგ 25 წლის წინანდელ ომში მონაწილეობის ბრალდებით ვინმეს დაკავება, რომ ვერსიაც არ აქვთ, თუ რეალურად რატომ მოხდა ეს. "წლების წინ იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობისას დააკავეს რამდენიმე ადრე მეომარი ქართველი, მაგრამ ის, რომ მეომარს 25 წელი გალში ეცხოვროს, მსგავსი არაფერი ყოფილა", - აღნიშნავს გოგოხია.

"სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ზურაბ პაპასქირის განცხადებით, რაც ახლა ხდება, ეს შემთხვევითი არ არის, რადგანაც ხაჯიმბას სურს, საკუთარ ანტიქართულ იმიჯს მეტი დასაბუთება შესძინოს. "ხაჯიმბა ხელისუფლებაში მოვიდა ლოზუნგით - საქართველო მტრული სახელმწიფოა და თუკი ქართველებს საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, პასპორტი არ მივცეთო. ახლა კი ეს ლოზუნგი უნდა გაამყაროს იმით, ხომ ხედავთ, გალის მცხოვრებლები სანდონი არ არიან და ისინი დღესაც თანამშრომლობენ მტრულ სახელმწიფოსთან. მათთვის გალელები მტრული ქვეყნის მეხუთე კოლანაა", - ამბობს პაპასქირი.

"მისივე თქმით, აფხაზებს ომში მონაწილე ქართველების ე.წ. შავი სიები რომ ექნებათ, ეს ცხადია და ვინც კი მათ წინააღმდეგ ომობდა ან ეჭვი აქვთ, რომ ომობდა, მათ აფხაზეთში ცხოვრების უფლებას არ აძლევენ. თუმცა, რადგანაც ომიდან 25 წელი გავიდა, ძალიან არალოგიკურია, რომ ამდენი წელი გალში ცხოვრობდნენ ადამიანები და მათი წარსულის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონოდათ. "1993 წლის ოქტომბრიდან იანვრამდე 100 დღე სოხუმის ციხეში ვიჯექი. იქ დაპატიმრებული ქართველები მოჰყავდათ, ამოწმებდნენ, იღებდა თუ არა მონაწილეობას ომში და თუკი სიაში არ აღმოჩნდებოდნენ, ან მოწმეებს ვერ იპოვნიდნენ, ვინც დადაასტურებდა, რომ ეს ადამიანები იარაღით ხელში ნახეს, უშვებდნენ. მათ სიები ჰქონდათ. ასევე სხვა მეთოდით - მისამართის მიხედვითაც ადგენდნენ. მის მეზობლებს, სოფლელებს ეკითხებოდნენ - იარაღით დადიოდა თუ არა. თუკი ორი კაცი იტყოდა - "კი", ეს უკვე მტკიცებულება იყო. ამბობდნენ, ვინც აფხაზი ხალხის წინააღმდეგ ომობდა, იმის ადგილი აფხაზეთში არ არისო. ეს მათი კატეგორიული მოთხოვნა იყო. ამიტომაც აფხაზეთში ომში მონაწილე ვერც ერთი ქართველი ვერ იცხოვრებდა. ეს სოხუმში, გაგრასა თუ ოჩამჩირეში იოლი დასადგენი იყო, გალი კი ცოტა სპეციფიკურია, იქ აფხაზები თითქმის არ ცხოვრობდნენ და ცოტა რთული დასადგენია, ვინ ომობდა და ვინ - არა. თუმცა, ეს სპეცოპერაცია ძალიან ხელოვნურად გააქტიურებული მგონია, იმიტომ, რომ ეს ხაჯიმბას სჭირდება საკუთარი პოზიციების გასამყარებლად. ეს ხაჯიმბას ნაციონალისტური ისტერიის "გაპრავებაა", - აღნიშნავს ზურაბ პაპასქირი.

"პაპასქირის თქმით, აფხაზებს გალის გაწმენდა არანაირად არ აძლევთ ხელს, გალი მათთვის ეკონომიკური ბეღელია და ამიტომაც ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით, ეს ტერორი მასობრივად არ გაგრძელდება. "ხაჯიმბას დღეს ძალიან დიდი ოპოზიცია ჰყავს. ძველ თანამებრძოლებშიც კი გაუჩნდა მოწინააღმდეგეები. ამიტომაც, ეს ტერორი დე ფაქტო ხელისუფლებას პიარისთვის დასჭირდა. აფხაზებს გალის გაწმენდა არანაირად არ აძლევთ ხელს. გალი მათთვის ეკონომიკური ბეღელია, მათ მუშახელი სჭირდებათ. სოხუმიდან გალამდე ფაქტობრივად ყველაფერი მოშლილია, ტყვარჩელი საერთოდ ცარიელია. მათ ინფრასტრუქტურის აღდგენა უჭირთ, იმიტომ, რომ მუშახელი არ ჰყავთ. ამიტომაც თუკი ტერორი გაგრძელდება, შეიძლება ბევრმა ვერ მოითმინოს და ხალხი გალიდან წამოვიდეს. ეს კი მათ არ აწყობთ. ხაჯიმბას უბრალოდ მცდელობა აქვს, პასპორტების გამო არსებული ფაშისტური გადაწყვეტილება გაამართლოს და არა მარტო შიგნით აფხაზეთში, არამედ ზოგადად. იძულებული ვარ, რადგან აქ მტრული სახელმწიფოს მეხუთე კოლონაა", - დასძენს პაპასქირი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა