სხვა შეფასება გარდა პოლიტიკური ნაძირლობისა არ მახსენდება - გიგა ბოკერია

სხვა შეფასება გარდა პოლიტიკური ნაძირლობისა არ მახსენდება - გიგა ბოკერია

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის მთავარი მტრის მონაა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული განცხადება სამარცხვინოა.

"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არ მახსენდება არც ერთი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ხელს მოაწერდა ასეთ უსინდისო განცხადებას. მე არ მახსენდება არც ერთი მთავრობა, რომელიც ასე ღიად გამოხატავდა საქართველოს მტრების ინტერესს და რომელიც ასე ღიად ფეხს დააბიჯებდა ყველა ქართველი პატრიოტის გრძნობას, მათ შორის ფეხს დააბიჯებდა ყველა ქართველი ოფიცრის და რიგითის ემოციას, რომელიც ქართველ პატრიოტებს აქვთ სისხლში. დღევანდელი განცხადება აჩვენებს, რომ საქართველოს არ ჰყავს თავის მთავრობა და საქართველოს მთავრობა არის მონა საქართველოს მთავარი მტრის, ვლადიმერ პუტინის", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ კი მიუსამძირმა უკრაინაში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს და აღნიშნა, რომ ამ ადამიანმა თავი შეწირა უკრაინის და საქართველოს დამოუკიდებლობას.

"რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, მე მრცხვენია, რომ საქართველოს ასეთი თავდაცვის მინისტრი ყავს, უფრო სწორად ჩვენ დღეს დადასტურებულად გავიგეთ, რომ არ გვყავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და ის სხვა ქვეყნის ინტერესებს გამოხატავს. მე, სხვა შეფასება გარდა პოლიტიკური ნაძირლობისა არ მახსენდება ამ განცხადების წაკითხვის შემდეგ", - განაცხადა ბოკერიამ.

თავდაცვის სამინისტრომ დღეს უკრაინაში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ღრმა მწუხარება გამოთქვა და დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2008 წლის დეკემბრიდან, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველზე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა