თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს განცხადებით აღშფოთებულია: "იმედია ვინმემ თქვა, ჩვენ არა, დააჰაკერეს გვერდიო"

თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს განცხადებით აღშფოთებულია: "იმედია ვინმემ თქვა, ჩვენ არა, დააჰაკერეს გვერდიო"

იმედია ვინმემ თქვა, მაგალითად ასეთი - ჩვენ არა, დააჰაკერეს გვერდიო, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უკრაინაში ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის თაობაზე.

ხიდაშელი, რომელიც ტუნისში იმყოფება, სამინისტროს განცხადებას სოციალურ ქსელ Facebook-ში ეხმაურება.

"ვაპირებდი წინასაარჩევნო ტუნისიდან ამბავი მომეყოლა, თუმცა შემოვედი Facebook-ზე და რამ შემომახედა აქ?! იმედია, ვინმემ რამე თქვა, მაგალითად ასეთი - ჩვენ არა, დააჰაკერეს გვერდიო", - წერს ხიდაშელი.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ასევე სოციალურ ქსელში ეხმაურება "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

"არც ვამეტებ და არც იმ უსაფუძვლო სტერეოტიპული წარმოდგენის გამყარება მინდა, თითქოს ჩვენ ყველაზე უკეთ ვიცით ყველაფერი და კრიტიკის გარეშე არ შეგვიძლია, მაგრამ უნდა ვთქვა - დიახ, ჩვენ ბევრ დროს ვუთმობთ და უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვფიქრობთ თითოეულ სიტყვაზე და განცხადებაზე, რომელზეც ვმუშაობთ, ვმსჯელობთ და გიზიარებთ. ხოდა, მორიგი ასეთი "რესპუბლიკური" დღის ბოლოს, ახალი ამბების დათვალიერებისას ზედიზედ სამ უპასუხისმგებლო განცხადებას რომ ხედავ პოლიტიკური პარტნიორი(ები)სგან, მართლა ძალიან მძიმეა", - წერს სამნიძე.

თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2008 წლის დეკემბრიდან, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველზე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა