ირაკლი ღარიბაშვილი - შეცდომას სჭირდება აღიარება და ბოდიშის მოხდა, რაც ჩემი აზრით, თავდაცვის მინისტრს არ გაუჭირდება

ირაკლი ღარიბაშვილი - შეცდომას სჭირდება აღიარება და ბოდიშის მოხდა, რაც ჩემი აზრით, თავდაცვის მინისტრს არ გაუჭირდება

ამ ტიპის პოლიტიკური შინაარსის განცხადება თავდაცვის უწყებას არ უნდა გაეკეთებინა. ვესაუბრე თავდაცვის მინისტრს და თვითონაც ძალიან შეწუხებულია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, გუდაურში, ჟურნალისტებთან საუბარში უკრაინაში ქართველი მებრძოლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას.

"მეც არ მომეწონა თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება. მიმაჩნია, რომ ამ ტიპის პოლიტიკური შინაარსის განცხადება თავდაცვის უწყებას არ უნდა გაეკეთებინა. მე თავად ვესაუბრე თავდაცვის მინისტრს და თვითონაც ძალიან შეწუხებულია. მინდა პირველ რიგში მწუხარება გამოვთქვა ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო და მივუსამძიმრო მის ოჯახს და მე ქედს ვიხრი ამ ადამიანის ხსოვნის წინაშე. რაც შეეხება განცხადებას, მე მას არ ვიზიარებ, მიმაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტრო არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებას, მაგრამ მინდა გთხოვოთ, რომ ამ ფაქტის დრამატიზებას ნუ მოვახდენთ, შეცდომა ყველას მოსდის, არავინ ვართ შეცდომისგან დაზღვეული. მაგრამ, შეცდომას სჭირდება აღიარება და ბოდიშის მოხდა, რაც ჩემი აზრით, თავდაცვის მინისტრს არ გაუჭირდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა