ვინ დაამარცხებს ბიძინას

ვინ დაამარცხებს ბიძინას

2011 წლის ოქტომბრამდე იშვიათად თუ იფიქრებდა ვინმე, რომ მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის დამმარცხებელი არსებობდა დუნიაზე, თუმცა სწორედ ამ დროს ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა, რომელმაც თუ ტოტალიზატორის ტერმინს გამოვიყენებთ "ტაიმ-ბოლი" ამოაგდო და დასკვნით ეტაპზე სრულად დაამარცხა ზემოთ ხსენებული გუნდი. ახლა უკვე ძნელად მოიძებნება ადამიანი, ვინც ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას შეძლებს, თუმცა როგორც ქართული სიბრძნე ღაღადებს მჯობინის-მჯობნი არ დაილევაო და მიმოვიხილოთ, თუ ვის რა შანსი აქვს.

მიხეილ სააკაშვილი - შეიძლება ითქვას, რომ შანსი ნულია. ერთი იმიტომ, რომ წინა ბრძოლა ბიძინამ ისე მოიგო, კონკურენტს შანსი არ დაუტოვა, შესაბამისად, ფსიქოლოგიური უპირატესობა მის მხარესაა, თანაც ივანიშვილი სცენიდან იმ დროს გავიდა, როცა "ქართულ ოცნებას" ჯერ კიდევ არ ყავდა ამდენი მომდურავი და იმას, რაც ქვეყანაში ხდება, ბევრი მას არ აბრალებს. ანუ, თუ ბრძოლა გახდა საჭირო, ივანიშვილს ისევ შეუძლია ქველმოქმედი ივანიშვილი ჩართოს ბრძოლაში, ხალხს სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება შეახსენოს და ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს. სანაცვლოდ, სააკაშვილი ბევრი რამის დაპირებას დაიწყებს, თუმცა სავარაუდოდ, ეს ნაკლებ ეფექტური იქნება.

გიგი უგულავა - უგულავა ივანიშვილისთვის, სააკაშვილთან შედარებით, ნაკლებად სახიფათოა, თანაც ის ამჟამად პატიმრობაშია და ღმერთმა უწყის, როდის დატოვებს ციხეს. თუმცა რომც დატოვოს, უგულავა არაა მანდელას ტიპაჟის პოლიტიკოსი, რომელიც პატიმრობას საკუთარი რეიტინგისთვის გამოიყენებს (ანალოგიური შეიძლება ითქვას ვანო მერაბიშვილზეც). გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიუხედავად ცნობადობისა, უგულავას საქართველოს რეგიონებში ბევრი მხარდამჭერი არ ყავს, განსხვავებით ივანიშვილისგან, რომელიც დღემდე ძალიან ბევრს უყვარს.

ირაკლი ღარიბაშვილი - მოქმედი პრემიერი ივანიშვილის დამარცხებას არც ეცდება, ისევ საფეხბურთო ტერმინს თუ გამოვიყენებთ, შეიძლება, საბრძოლველად არც გამოცხადდეს, ხოლო დამარცხების მერე აუცილებლად გადაუხდის მადლობას ბიძინა ივანიშვილს.

გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს პრეზიდენტს, ბოლო დროს რეიტინგი აშაკარად მოემატა. ქართველების ერთ-ერთი სახასიათო შტრიხია ჩაგრულთა მხარეს ყოფნა, ხოლო მოქმედი პრეზიდენტი ბევრის თვალში სწორედ დაჩაგრულია, რომელსაც არაფრის უფლებას არ აძლევენ. ხოლო როდესაც ის საჯარო სივრცეში ჩნდება, ყოველთვის ისეთ მესიჯებს გზავნის, რომელიც რიგითი მოქალაქისთვის მისაღებია. სხვა თემაა რამდენად ეცდება ის ივანიშვილთან ბრძოლასაც კი, რადგან პოლიტიკოსი გიორგი მარგველაშვილი სწორედ ივანიშვილის ექსკლუზივია. თუმცა თუ მან მაინც გადაწყვიტა შერკინება, შანსები 30/70-ზეა, ივანიშვილის სასარგებლოდ, ცხადია.

ნინო ბურჯანაძე - საქართველოს ორგზის პრეზიდენტს არათუ ივანიშვილის დამარცხების, არამედ არცერთი მოქმედი პოლიტიკოსის დამარცხების შანსი არ აქვს. მან არაერთხელ განმარტა, თუ რატომ არ დაგმო 7 ნოემბრის აქცია, მიუხედავად ამისა, მას ამ ფაქტს ყოველთვის გაუხსენებენ. შესაბამისად, თუ ის ივანიშვილს დაუპირისპირდება, ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ამ თემას აუცილებლად წინ წამოწევს. წინა ფლანგზე იქნება ბურჯანაძის პუტინთან შეხვედრის სცენაც. არავინ დავობს, რომ პოლიტიკოსმა ყველა პოლიტიკოსთან შეხვედრის შანსი უნდა გამოიყენოს, მაგრამ საქართველოში პუტინი განყენებული თემაა და მასთან ნებისმიერი ასოციაცია ნეგატიურ გავლენას ახდენს.

შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტთა ლიდერს საზოგადოების უდიდესი ნაწილი იმ პოლიტიკოსად ვერ აღიქვამს, ვისაც სერიოზულად უნდა ანდო საქმე. ნათელაშვილი ხალხში მხოლოდ იუმორის ასოციაციას იწვევს, თანაც ნათელაშვილი უკვე ცდილობს ივანიშვილის დამარცხებას, მაგრამ მათი ურთიერთობა იმას გავს, როდესაც გზად მიმავალ ქართულ ნაგაზს ფინია უწყებს ყეფას, ხოლო ნაგაზი ისე ჩაუვლის გვერდით, რომ ზედაც არ უყურებს ხოლმე.

"ნაციონალური მოძრაობა" - 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მერე ძნელად თუ ვინმე ივარაუდებდა "ნაციონალური მოძრაობის" რეანიმაციას, მაგრამ "ქართული ოცნების" უნიათობით დღეს ასეთი სურათი გვაქვს. თუმცა როგორ ზემოთ აღვნიშნე, ბიძინა თამაშიდან იმ დროს გავიდა, როცა მოვლენები ჯერ არ იყო ასე განვითარებული, ამიტომ თუ ის პოლიტიკაში დაბრუნდა, ხალხს შეუძლია დაპირდეს, რომ გამარჯვების შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობას" საბოლოოდ დაამარცხებს. ეს აუცილებლად ითამაშებს თავის როლს, რადგან ხალხში ჯერ ისევ დიდია "ნაციონალებისადმი" ნეგატიური განწყობა. სანაცვლოდ "ნაციონალური მოძრაობაც" მოიყვანს საკუთარ არგუმენტებს, რომელთა უმეტესობა აგებული იქნება, ივანიშვილის "რუსეთის კაცობაზე". სხვათა შორის, "ნაციონალები" რაც არ მოსწონთ, აბსოლუტურად ყველაფერს რუსეთთან აკავშირებენ და ამ ქმედებით, მათ "ბუა რუსეთის" რესურსი, შეიძლება ითქვას, გაფლანგეს.

მოკლედ, ესაა მცირე მიმოხილვა იმისა, თუ ვის რა შანსი აქვს ივანიშვილთან ბრძოლისას. რეალურად კი, დღეს არსებული სურათიდან გამომდინარე, ერთადერთი, ვინც ივანიშვილის დამარცხებას მოახერხებს, ისევ ივანიშვილია.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა