"ჭიკაიძის გადაწყვეტილება ვაჟკაცურია" - პირველი კომენტარი შს მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობიდან

"ჭიკაიძის გადაწყვეტილება ვაჟკაცურია" - პირველი კომენტარი შს მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობიდან

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი გადადგომის შესახებ ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებას ვაჟკაცურს უწოდებს.

როგორც სესიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სწორედ ვაჟკაცურია გადაწყვეტილება, პატივი სცე გარდაცვლილი ოჯახის მოთხოვნას.

"მე ვუფასებ, რომ ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღო. მან პატივი სცა გარდაცვლილის ოჯახის მოთხოვნას და თავისი ნებით დაწერა განცხადება. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ვაზაგაშვილის საქმეს, დარწმუნებული ვარ, გამოძიების პროცესში გაქარწყლდება თუკი ვინმეს რაიმე ეჭვი დარჩა და აქვს, რომ შეიძლება ჭიკაიძე ვიღაცას მფარველობდეს", - განაცხადა სესიაშვილმა.

ამასთან, დეპუტატი შინაგან საქმეთა უკვე ყოფილ მინისტრს "ქვეყნის სამსახურისთვის" მადლობას უხდის.

"მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მისი მჭერმეტყველება არ მოსწონდა, მთელი სულით და გულით ემსახურებოდა ქვეყანას. საქმეს აკეთებდა თავისი პროფესიონალიზმით და იდგა ქვეყნის სამსახურში. ამისთვის მას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო", - აღნიშნა სესიაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას.

იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ.

გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", - აცხადებს ჭიკაიძე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა