ვინ შეცვლის ჭიკაიძეს - 3 ვერსია

ვინ შეცვლის ჭიკაიძეს - 3 ვერსია

"მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი ხელს მოაწერს ჭიკაიძის განცხადებას თანამდებობიდან წასვლის თაობაზე, შს მინისტრის მოვალეობას დროებით მისი მოადგილე ვახტანგ გომელაური შეასრულებს. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ექსპერტთა ნაწილი გომელაურს, როგორც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილ უფროსს და შესაბამისად, ნდობით აღჭურვილ პირს, მინისტრის სავარძლის არა დროებით, არამედ დიდი ხნით ოფიციალურად დაკავებას უწინასწარმეტყველებენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით - "ვინ შეცვლის ჭიკაიძეს - 3 ვერსია / შს მინისტრის გადადგომის შემდეგ, ექსპერტები გაზაფხულზე პრემიერის გადადგომასაც პროგნოზირებენ".

"პოლიტოლოგები ასევე ამბობენ იმასაც, რომ ჭიკაიძე ბოლო საკადრო ცვლილება არ არის, შს სამინისტროს შიგნით, ქვედა ეშელონებში თანამდებობას ბევრი სხვაც დატოვებს. ხოლო თუკი მამა-შვილი ვაზაგაშვილების საქმის გამოძიებაში რაიმე ღირებული არ გამოიკვეთა, დაახლოებით 2-3 კვირაში, შესაძლოა, პროკურატურაშიც მოხდეს საკადრო ცვლილებები და სავარძლის დატოვება თავად გიორგი ბადაშვილსაც მოუწიოს. პოლიტოლოგები გაზაფხულის მეორე ნახევარში თავად პრემიერ ღარიბაშვილის მიერ სავარძლის დატოვებასაც კი ვარაუდობენ - ყოფილი პრემიერის ყოფილ მრჩეველ გია ხუხაშვილის განცხადებით, გაზაფხულზე "უფრო მაღალი თანამდებობის" პირის შეცვლაა მოსალოდნელი. ხოლო, ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ის კამპანია, რაც პრემიერის წინააღმდეგ მედიაში მიმდინარეობს, შესაძლოა, პრემიერის გადაყენებით დასრულდეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"გუშინ ესპანეთში ვიზიტად მყოფმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის თხოვნით პრემიერს მიმართა. გადადგომის მოტივად ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე დაასახელა. ჭიკაიძესთან ერთად თანამდებობა დატოვა თბილისის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ოთარ მირზოევმა. რამდენიმე დღის წინ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი დალაქიშვილიც გაათავისუფლეს სამსახურიდან. სწორედ ამ ადამიანების მფარველობაში ადანაშაულებდა იური ვაზაგაშვილი აწ უკვე ყოფილ შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს. თუმცა, ვაზაგაშვილი ამ ორის გარდა კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანის გვარს ასახელებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინვე თანამდებობიდან გაათავისუფლეს სუს-ის უფროსის მოადგილე ზაზა როსტიაშვილი, ამავე სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დარბაისელი და კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე მალხაზ ჩიკვილაძე", - განაგრძობს გამოცემა.

"შს მინისტრის თანამდებობაზე მედიაში სხვადასხვა სავარაუდო კანდიდატი დასახელდა: მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, ასევე შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური და სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. ამ სამიდან ყველაზე დიდი შანსი გომელაურს აქვს, რადგან ის ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო და როდესაც რამდენიმე თვის წინ შს მინისტრის მოადგილედ დანიშნეს, მაშინვე გაჩნდა ვარაუდი, რომ მას მინისტრად ამზადებდნენ და წინსწრებით უწყების შესწავლა ევალებოდა. საპარლამენტო უმრავლეობაში არაოფიციალურად აცხადებენ, რომ ახალი მინისტრის ვინაობა უცნობია, მაგრამ ის აუცილებლად ბიძინა ივანიშვილის კადრი იქნება და "თავისუფალი დემოკრატებიდან" მოსული იზორიას მინისტრობას გამორიცხავენ - მიუხედავად იმისა, რომ ის ოპოზიციაში წასულ თანაგუნდელებს არ შეუერთდა, თანაც ჭიკაიძის ნაცვლად მთელი სამინისტრო მას ებარა, ოღონდ გომელაურის მისვლამდე. საპარლამენტო უმრავლესობაში ასევე გამორიცხავენ გიორგი მღებრიშვილის დანიშვნას. მიზეზი კი ისაა, რომ ის ღარიბაშვილის კადრად მიიჩნევა", - დასძენს გამოცემა.

"მადლობა უნდა ვუთხრათ უფალს, რომ ორგანიზაცია "ქართუს" საკმარისი რაოდენობით ჰყავდა კადრები. სხვა შემთხვევაში, როგორც ჩანს, აღარც უშიშროების დეპარტამენტის უფროსი ეყოლებოდა ქვეყანას, არც აჭარის პირველი პირი და არც შს მინისტრის შემცვლელი მოიძებნებოდა კადრების სამჭედლო თუ იყო "ქართუ", ეს მოსახლეობისთვის უფრო ადრე უნდა გაეგებინებინათ, ვიდრე ეს გუნდი ხელისუფლებაში მოვიდოდა. ასე რომ, როგორს ჩანს, კადრების დეფიციტი არ გვექნება", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი. ის არ გამორიცხავს, რომ ანალოგიური პროცესი, შესაძლოა, პროკურატურაშიც ვიხილოთ. ასევე არ გამორიცხავს, რომ მინისტრის გარდა თანამდებობას შს სამინისტროში უფრო დაბალი რანგის ჩინოვნიკებიც დაემშვიდობონ, მათ შორის კონტრდაზვერვის რამდენიმე თანამშრომელი და ის "ქართუს" კადრებით დაკომპლექტდება", - წერს სტატიის ავტორი.

"თუკი ეს გადადგომა ინიცირებულია უფრო მაღალი თანამდებობის პირებისგან, ვიდრე ჭიკაიძეა, სჯობდა, ერთი კვირა მაინც ეცლიათ ადამიანისათვის, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში საზღვარგარეთ კოლეგებს ხვდებოდა. სხვათა შორის, წინა ხელისუფლების პერიოდშიც გვახსოვს მინისტრები, რომლებიც თვითმფრინავში ჩასხდომისას იხსნებოდნენ. ასევე გვახსოვს, ალასანიას რომ საზღვარგარეთ ვიზიტისას დაუჭირეს რამდენიმე თანამშრომელი. ახლა ჭიკაიძეც უცხოეთში ყოფნისას გაუშვეს სახლში. როგორც ჩანს, წინა ხელისუფლებისაგან ეს გამოცდილება გაიზიარეს, მაგრამ მთავარი საფრთხე ისაა, რომ ქვეყანაში გამჭვირვალე საკადრო პოლიტიკა არ არსებობს - თავის დროზე რა პრინციპით აირჩა ჭიკაიძე ამ თანამდებობაზე და ახლა რა პრინციპით მოვა მის მაგივრად სხვა", - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

"ჭიკაიძის გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე სწორია, მისი დანიშვნისაგან განსხვავებით - დღევანდელი დრამის საფუძველი, რაც მის კარიერაში გათამაშდა, მისი დანიშვნის დღეს ჩაისახა, რადგან მისი დანიშვნა არანაირ სტანდარტს, არც პოლიტიკურ და არც პროფესიულ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა. ის, რომ თითქოს ჭიკაიძე ვიღაცებს მფარველობდა, მგონია, უსამართლობაა და ბატონი იური ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა. ჭიკაიძის წასვლა პოზიტიურად უნდა შეფასდეს და ის საზოგადოებას სწორედ ამით დაამახსოვრებს თავს. არ შეიძლება ასეთი კრიტერიუმით შერჩეულ ადამიანს ამხელა ტვირთი აკიდო. ჭიკაიძე იმიტომ კი არ გადადგა, რომ მფარველობდა, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო. ამ საქმეში თავისი წილი პასუხისმგებლობა პროკურატურასაც აქვს, მაგრამ მთავარი პროკურორი, მინისტრისაგან განსხვავებით, პოლიტიკური ფიგურა არ არის და მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ვერ ვისაუბრებთ. თუმცა, მათაც აიღეს 2-3 კვირა და ამ დროის განმავლობაში რაღაც უნდა დადონ. პროკურატურის თემა ჯერ დახურული არ არის და პროკურატურაში რა მოხდება, ეს ჯერ კიდევ წინ გვაქვს", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"ამან სისტემური ხარვეზები კიდევ უფრო მკვეთრად გამოაჩინა. არა მარტო პროკურატურის, მთლიანად ხელისუფლების ეფექტურობა, პასუხისმგებლობის აღების უნარი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. სამართლიანობის აღდგენაში, ეკონომიკასა და საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კრიზისი გვაქვს და ვვარაუდობ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება კიდევ უფრო დიდ კრიზისში გადაიზარდოს და საბოლოო ჯამში გაზაფხულის მეორე ნახევარში მთავრობისთვის ნდობის საკითხის დაყენების მოწმენი გავხდეთ, ვაზაგაშვილის თემა კი ერთ-ერთი კატალიზატორი გახდეს. ძალიან ბევრი პოლიციელი, ძალიან ბევრი პროკურორი ძველი საქმეების ფიგურანტები არიან და ისინი ჯერ კიდევ თანამდებობებზე რჩებიან. არ გამოვიდა არა თუ გამოძიება, საკუთარი რიგების გაწმენდაც ვერ მოახერხა ხელისუფლებამ და აქ უფრო მაღალი დონის პასუხისმგებლობის საკითხი დგება. გვარებზე საუბარი არ მინდა. არ ვიცი და არც მინდა იმაზე საუბარი, ვინ შეიძლება დაინიშნოს შს მინისტრად", - დასძენს ხუხაშვილი.

"ორი თვის წინ, როდესაც პრემიერ ღარიბაშვილის ე.წ. გუნდის რამდენიმე წევრმა საკუთარი განცხადების საფუძველზე სახლში წასვლა გადაწყვიტა, მაშინვე ვთქვი, რომ გადაყენების სერია გაგრძელდებოდა, თუმცა, მაშინ საზოგადოებისთვის გადასაგდები ბარტყები დროში გამოიზოგეს. როდესაც ზედელაშვილი და ჯანყარაშვილი ჩამოაშორეს შს სამინისტროს და უწყებაში უშუალოდ ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირები მივიდნენ, ვთქვი და დრომაც დაადასტურა, რომ ჭიკაიძის გადაყენება მხოლოდ დროის საკითხი იყო. ის გადააყენეს სწორედ მაშინ, როდესაც მორიგი მსხვერპლთშეწირვა მოინდომა საზოგადოებამ, იმისათვის, რომ საზოგადოების უკმაყოფილება, ზოგ შემთხვევაში აგრესია დროებით მაინც გაანეიტრალონ. შესაძლოა, ხელისუფლებაში ვნახოთ ცვლილებების გრძელი ჯაჭვიც კი. რაც პრემიერის წინააღმდეგ მედიაში ხდება, შესაძლოა, ეს კამპანია თავად პრემიერის გადაყენებით დასრულდეს. შემცვლელად კი არ ვიცი, ვინ იქნება. დღევანდელ ხელისუფლებაში დავით სერგეენკო ერთადერთი ავტორიტეტული ფიგურაა", - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა