"ადრე თუ გვიან, რიკოშეტით ღარიბაშვილზე გავლენ"

"ადრე თუ გვიან, რიკოშეტით ღარიბაშვილზე გავლენ"

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა, შექმნის თუ არა ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს? - ამ და სხვა საკითხებზე პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს "გურია ნიუსი" ესაუბრება.

- საპარლამენტო კრიზისი არის, ვინაიდან თვითონ სპიკერიც უკვე ოპოზიციონერად ითვლება თავის პარტიასთან ერთად, რაც უკვე საპარლამენტო კრიზისად ითვლება. სამთავრობო კრიზისის ნიშნები არსებობს. კრიზისია საბაზრო პოლიტიკის თვალსაზრისითაც. ფინანსური კრიზისი - ლარის გაუფასურებაც სახეზე გვაქვს. მაგრამ მთლიანად კრიზისი, ყველაფერი ერთად აღებული არ არის, რადგან კრიზისის ლოგიკური შედეგი ყოველთვის არის ვადამდელი არჩევნები. დღეს კი, ამის მწვავე აუცილებლობა არ არის, როგორც იყო, მაგალითად, საბერძნეთში. პოლიტიკური კრიზისი ცალკე მეცნიერული ცნებაა და მას აქვს მთელი რიგი შემადგენელი ნაწილები, რომლებიც ჯერჯერობით საქართველოში არ არის.

-ბოლო დღეებში საკმაოდ ბევრი საკადრო ცვლილებ განხორციელდა. თუმცა, საზოგადოება მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა სხვა თანამდებობის პირებსაც უნდა აეღოთ. იყო თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა საკმარისი და კიდევ ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა?

- რასაკვირველია, არ იყო საკმარისი და მეტიც, ჩემი აზრით, ეს არცთუ ისე სწორი გადაწყვეტილება გახლდათ, იმიტომ რომ, როცა განზრახულია ყველა მკვდარი კატა ერთ კაცს ჩამოკიდონ და მერე თქვან - აი, ხომ გადადგა მინისტრი, მეტი რაღა გინდათ? ეს არ არის საკმარისი. პირიქით, ამან შესაძლოა, უკუშედეგიც კი გამოიღოს. შესაძლოა, ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს, საზოგადოებას ეჭვი გაუჩნდეს, რომ მთავრობამ ურჩია ჭიკაიძეს გადამდგარიყო. ჭიაკიძე რომ ისეთი პიროვნება არასოდეს ჩანდა, ესეთი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიეღო, ეს უკვე თეთრი ძაფით არის ნაკერი. ჭიკაიძემ, რა თქმა უნდა, უარი თქვა მინისტრობაზე, ხელფასზე და ყოფით კეთილდღეობაზე, სამაგიეროდ, სულიერად დამშვიდდა. სამაგიეროდ, ახალი მინისტრი არის დღეს ცუდ დღეში. თუ უნდათ, რომ საზოგადოებამ დაუჯეროს ხელისუფლებას, ის იძულებული იქნება ბოლომდე მიიყვანოს საქმე.

-რამდენად არის მოსალოდნელი სხვა თანამდებობის პირებიც გათავისუფლდნენ?

- ახალ მინისტრს მოუწევს გაათავისუფლოს ის მაღალი თანამდებობის პირები, სამინისტროში, რომელთა გვარები არაერთხელ დაუსახელებია ვაზაგაშვილს. გუშინ ვალერი გელბახიანმა პირდაპირ დაასახელა რამდენიმე სახელი და გვარი. მერე დაიწყება იმაზე საუბარი, თუ ვინ მიიღო ის ხალხი სამინისტროში? ვის დროს დაიწყო მათი თანამდებობებზე დანიშვნა? პასუხი ისედაც ყველამ ვიცით - ღარიბაშვილმა. აქედან გამომდინარე, ადრე თუ გვიან "რიკოშეტით" გავლენ ღარიბაშვილზე. შეიძლება ვთქვათ, რომ ჭიკაიძის გათავისუფლებით პანდორას ყუთს ახსნეს თავი. გამოდის, რომ ბატონმა ვახტანგ გომელაურმა საკმაოდ დელიკატური და მძიმე გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს საკადრო საკითხში. არ ველოდები, რომ სიტუაცია დამშვიდდება, პირიქით, დღეს იმდენი პოლიტიკური ძალა არის საქართველოში, იმდენი პოპულისტი პოლიტიკოსია, რომ ყველანაირად შეეცდებიან სათავისოდ გამოიყენონ ეს ტრაგედია. პოლიტიკაა და არც გამიკვირდება, თუ სხვის უბედურებაზე შეეცდებიან ქულების დაწერას.

-რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, პრემიერიც შეიცვალოს?

- არ მგონია, ამ მოვლენების გამო ივანიშვილმა ღარიბაშვილი შეცვალოს, თუ, რა თქმა უნდა, სხვა მიზნები არ აქვს. პრემიერი შეიცვლება მაშინ, როდესაც ივანიშვილს სხვა გზა აღარ ექნება. მართალია, ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი, მაგრამ მან საკმაოდ ბევრი დივიდენდი გასცა ცალკეული მინისტრის და მთავრობის ქებაში. ხალხმა წაუყრუა ის, რომ ივანიშვილი თავიდან აქებდა მარგველაშვილს და ახლა ამბობს, რომ პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ შეიცვალა. იგივე შეიძლება ითქვას ალასანიაზეც.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა