რას ფიქრობენ მინისტრები ჰომოსექსუალიზმზე

რას ფიქრობენ მინისტრები ჰომოსექსუალიზმზე

არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა" დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები ჰომოსექსუალიზმზე და მიაჩნიათ თუ არა ჰომოსექსუალიზმი დაავადებად.

ორგანიზაციამ ამ კითხვაზე სამი მინისტრის, - დავით სერგეენკოს, სოზარ სუბარისა და თამარ სანიკიძის მოსაზრებები  გამოაქვეყნა პორტალზე "17 მაისი".

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე "17 მაისის" კითხვას, მიიჩნევს თუ არა ჰომოსექსუალობას ავადმყოფობად, პასუხობს:

"არ ვიცი, ნაკლებად ვარ ამაში კომპეტენტური. თავს ვიკავებ პასუხისგან."

შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი დავით სერგეენკო კითხვაზე პასუხის გაცემას თავს არიდებს. "ამ თემაზე სხვა დროს ვისაუბროთ", - განუცხადა სერგიენკომ "17 მაისს".

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის თქმით, ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არ არის. " არა, ჰომოსექსუალობა არ არის ავადმყოფობა", - აცხადებს სუბარი.

აღნიშნული განცხადებები მინისტრებმა დღეს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, "17 მაისთან" საუბარში გააკეთეს.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა 1990 წლის 17 მაისს ავადმყოფობათა კლასიფიკაციიდან ამოიღო. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ კი ჰომოსექსუალობა კვლევების საფუძველზე მენტალური დაავადებების სიიდან 1973 წელს ამოიღო.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.