საქართველოში ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიაც გაძვირდება? - ექსპერტის არასაიმედო პროგნოზი

საქართველოში ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიაც გაძვირდება? - ექსპერტის არასაიმედო პროგნოზი

გარდაუვალია, ბუნებრივი აირის ტარიფების გაძვირება და ეს ალბათ ენერგოტარიფებზეც აისახება. ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრას" განუცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, ლარის კურსის ვარდნა ძალიან რთულად აისახება კომპანიებზე, რადგან მათ ბუნებრივად უჩნდებათ ფასების მომატების საჭიროება.

"ძალიან ბევრი კომპანია მიბმულია სახელმწიფო შეკვეთებზე და იქ ფასები ლარში ფიქსირდება, მათ შორის - ტენდერებში. ეს კომპანიებს პრობლემებს შეუქმნის, შემდეგ კი ეს ყველაფერი მომხმარებელზე აისახება, რაც გადაიზრდება ძალიან სერიოზულ სოციალურ პრობლემატიკაში. უარყოფითი მოვლენების მთელ ჯაჭვთან გვექნება საქმე, რომელთას შორის ალბათ ყველაზე მძიმე მაინც სოციალური რისკებია, რაც სამწუხაროდ, გარდაუვალია. ვფიქრობ, ხელისუფლება ვალდებულია, სიცოცხლის უფლებით უზრუნველყოს სოციალურად დაიცველი მოქალაქეები და ინფლაციის პროპორციულად მოხდინოს მათი მწირი შემოსვლების - პენსიების, დახმარებების, შემწეობების ინდექსაცია. მართალია, ეკონომიკურად ეს არ არის სასარგებლო და გამართლებული ნაბიჯი, მაგრამ არსებობს მორალური ვალდებულებები. ასევე იმის გამო, რომ რეგიონებში უინიციატივობა და სრული უუნარობაა. ვერ ხორციელდება საინვესტიციო პროექტები, რაც ლარის კურსს ურტყამს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტი ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე ტარიფების მატებას არ გამორიცხავს.

"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ გარდაუვალია ბუნებრივი აირის ტარიფების გაძვირება და ეს ალბათ ენერგოტარიფებზეც აისახება. გარკვეულ ეტაპამდე, კომპანიებთან მოლაპარაკების გზით, მთავრობა ენერგორესურსების გაძვირებას შეაჩერებს, თუმცა ხანგრძლივად წაგებაზე არავინ იმუშავებს. თეორიულად, ერთადერთი, რასაც ინფლაციური მოვლენები ხელს უწყობს - ექსპორტია, მაგრამ ჩვენ საექსპორტო პროდუქტი, ფაქტობრივად, არ გვაქვს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა სავალუტო ფონდიდან მიღებული თანხით ვითარების დასტაბილურებას აპირებს.

"ამაში არის ლოგიკა - ნაღდი ფულით ვალუტის შემოსვლა ნაწილობრივ გააუმჯობესებს სავალუტო ბაზრებზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსს და შემდგომ დევალვაციას შეაფერხებს, ან შეარბილებს, მაგრამ ეს არის ერთჯერადი ღონისძიება და ასე პროცესი არ შეჩერდება. მოზიდული თანხა დაიხარჯება და გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემა არ გადაიჭერება. ისევე როგორც არ გადაიჭრება პრობლემა ეროვნული ბანკის ინტერვენციებით. ერთადერთი გზა არის ნორმალური, ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობების დამკვიდრება. მთლიანად სისტემური მიდგომა, ეკონომიკური ხედვაა შესაცვლელი, რათა რაღაც დროის შემდეგ სტაბილიზაცია მოვიღოთ. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს პრობლემის გადაგორების პრინციპით. ლარის გაუფასურების პრობლემა შეიძლება ერთ-ორი თვით შეაჩერო, მაგრამ ორი თვის შემდეგ უარესი პრობლემა მიიღო", - განაცხადა ხუხაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა