რუსული სანომრე ნიშნით სატვირთო ავტომანქანა ფოთის ცენტრშიც გამოჩნდა

რუსული სანომრე ნიშნით სატვირთო ავტომანქანა ფოთის ცენტრშიც გამოჩნდა

ფოთის ცენტრში, 9 აპრილის ქუჩაზე რუსული სანომრე ნიშნით სატვირთო ავტომანქანა დგას. ადგილზე მისულ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს მეპატრონემ, თემურ შარიპოვმა განუმარტა , რომ ავტომანქანა სამოქალაქო დანიშნულებისაა და ის საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს.

მეპატრონე ამბობს, რომ დაახლოებით სამი ადამიანი ფოთში რუსეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და ისინი აქ გემების შეკეთებაზე მუშაობენ. ფირმის სახელწოდებას, თუ სად ეწევიან ისინი საქმიანობას, თემურ შარიპოვი არ ასახელებს. შარიპოვის განცხადებით, მათ სატვირთო ავტომანქანაში ინსტრუმენტები აქვთ განთავსებული, რომელსაც მუშაობის დროს იყენებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი რუსული სატრანზიტო ნომრებიანი სატვირთო ავტომანქანების საკითხს გუშინ გამოეხმაურა.

როგორც გიორგობიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნულ ავტომანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნია და არავითარ საფრთხეს საქართველოს ან მისი მეზობელი ქვეყნების ინტერესებისთვის არ წარმოადგენს.

"სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოსურათები, სადაც დაფიქსირებულია სატვირთო ავტომანქანები რუსული სატრანზიტო ნომრებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ავტომანქანებზე სრულ ინფორმაციას ფლობს. ავტომანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნია და არავითარ საფრთხეს საქართველოს ან მისი მეზობელი ქვეყნების ინტერესებისთვის არ წარმოადგენს. სატვირთო ავტომანქანები შესყიდულია კერძო პირის მიერ რუსეთის ფედერაციაში. მათ მინიჭებული აქვს სატრანზიტო ნომრები, რომლითაც მესამე ქვეყანაში გასვლა იკრძალება. ავტომანქანების მფლობელი პირი იდენტიფიცირებულია, ხოლო აღნიშნული ავტომანქანები დგას თბილისში, მეორადი გამოყენებისა და სათადარიგო ნაწილებად რეალიზაციისათვის", - წერს ნინო გიორგობიანი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა