ლინას ლინკევიჩიუსი - ჩვენი შეშფოთებები უკვე გულის ამრევია

ლინას ლინკევიჩიუსი - ჩვენი შეშფოთებები უკვე გულის ამრევია

ჩვენი შეშფოთებები უკვე გულის ამრევია, რამდენჯერ შეიძლება შეშფოთების გამოხატვა? - ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე საუბრისას, "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში აცხადებს. მისივე განმარტებით, ლიტვა განვითარებულ მოვლენებს რეალურ სახელს არქმევს და აღნიშნულის გაკეთებისკენ სხვებსაც მოუწოდებს.

"თუ მოვლენებს თავის სახელს არ დავარქმევთ, თუ დავიმალებით, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები გაქრება. ეს-ესაა დავბრუნდი ნიუ იორკიდან, სადაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას ვესწრებოდი. დავთვალეთ, რომ უკრაინის საკითხზე ზუსტად 30 სხდომა გაიმართა. ვსვამ კითხვას: რას მივაღწიეთ? რა მოგვიტანა ამდენმა სხდომამ, ამდენმა ხელის ჩამორთმევამ და ოფიციალურმა შეხვედრამ? მხოლოდ ილუზია, რომ რაღაც ხდება და პროცესი წინ მიდის. სინამდვილეში კი, იმ დროს, როდესაც ლიდერები საუბრობენ, აგრესია გრძელდება", - აცხადებს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი. რაც შეეხება საკითხს, რა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგას საერთაშორისო საზოგადოებამ, რომ გადაიჭრას უკრაინის კრიზისი, ლინას ლინკევიჩიუსის თქმით, "უცნაური ისაა, რომ ეს ნაბიჯები თითქოს განსაზღვრულია".

"უკვე ბევრჯერ გადავწყვიტეთ, რომ თუ ვითარება გართულდება, გავზრდით [რუსეთზე] ზეწოლას და დავუწესებთ დამატებით სანქციებს. თითქოს ამაზე შეთანხმებული ვართ, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდის, ზოგიერთი ჩვენი კოლეგისათვის რაღაც ისევ არ არის საკმარისი. მათ, როგორც ჩანს, სჭირდებათ, კიდევ რაღაც მოხდეს, რომ უკვე მერამდენედ გამოვხატოთ ღრმა შეშფოთება, რაც ასე კარგად გამოგვდის", - განმარტავს ლინას ლინკევიჩიუსი. ამასთან, კითხვაზე, რა სურს პუტინს, ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელს პასუხის გაცემა უჭირს და აცხადებს, რომ "პუტინის გზა არის გზა არსაით".

"არ ვიცი. კარგი კითხვაა, რომელსაც თვითონაც ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს. ეკონომიკური თვალსაზრისით, პუტინის გზა არის გზა არსაით. [რუსეთის] ეკონომიკა ინგრევა, ვალუტა უფასურდება, ინვესტიციები, საკრედიტო რეიტინგი ფსკერამდე დავიდა. ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა არ ჩანს. სურვილსაც კი ვერ ვხედავ, რომ რუსეთმა საერთაშორისო ბაზარზე რაიმე პოზიცია დაიკავოს. მორალური და კულტურული თვალსაზრისითაც დიდი პრობლემებია. წარსულში თუკი ვინმე სლავურ ერთობაზე საუბრობდა, დღეს ამის ხსენებაც კი შეუძლებელია მას მერე, რაც უკრაინებელს გაუკეთეს. ახლა საუბრობენ რუსულ სამყაროზე, რასაც ცოდაოტენ ნაციონალისტური ელფერი დაკრავს ან იქნებ არც ისე ცოტაოდენ, რადგან თუ ამ მითს განვავითარებთ, რუსები მსოფლიოს ბევრ კუთხეში ცხოვრობენ და თუ ყველგან მათ დაცვას დაიწყებენ, სრულ ქაოსამდე მივალთ. და საერთოდაც, 21-ე საუკუნეში ევროპული საზღვრების გადახაზვა ტოტალური სიბეცეა. რაღაც უნდა შეიცვალოს, თუ საღი აზრი ჯერ კიდედ დარჩა და უნდა მოვძებნოთ გამოსავალი. ამას კი მოვახერხებთ იმ შემთხვევაში, თუ საკითხს ერთიანი პოზიციიდან მივუდგებით, გავაკეთებთ იმას, რაზეც უკვე მოვილაპარაკეთ და გავაძლიერებთ [რუსეთზე] ზეწოლას. ვეჭვობ, რომ კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს ჩვენი ერთიანობის გამოცდა. [რუსეთი] ეცდება ჩვენ გახლეჩვას, ევროპის სახელმწიფოებთან ცალ-ცალკე მოლაპარაკებას და ევროკავშირის ძალისხმევის შესუსტებას, გავლენა მოახდინოს მიმდინარე მოვლენებზე. დრო ჩვენ სასარგებლოდ არ მუშაობს. რაც მეტი დრო გადის, უფრო მეტად მარცხდება უკრაინა და ვმარცხდებით ჩვენ. ვითარება კი სულ უფრო მეტად შედის ჩიხში", - აღნიშნავს ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ამასთან, ინტერვიუში ლინას ლინკევიჩიუსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ უკრაინა არ არის ერთადერთი თემა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ აღნიშნულ კონტექსტში უნდა განიხილოს.

"არის აფხაზეთი და არის 2008 წლის საქართველოს მაგალითი. აფხაზეთის ვითარება ძალიან ჰგავს ყირიმს, იმ განსხვავებით, რომ იქ ამჯერად "მწვანე ადამიანები" არ შეუყვანიათ. თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების გზით მოხდა ამ ტერიტორიის დე-ფაქტო ანექსია. არის სხვა გაყინული კონფლიქტებიც, რომელთა გააქტიურების შემთხვევაში, [რუსეთს] შეუძლია ზეწოლის ბერკეტების ხელში ჩაგდება. სამწუხაროდ, ეს ბერკეტები გამოიყენება და საკმაოდ ეფექტურად", - აცხადებსნ ლინას ლინკევიჩიუსი.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა