რაში ხარჯავს საქართველო ყველაზე მეტ ფულს - სახელმწიფოს პრიორიტეტების ცვლილება 2012 წლიდან დღემდე

რაში ხარჯავს საქართველო ყველაზე მეტ ფულს - სახელმწიფოს პრიორიტეტების ცვლილება 2012 წლიდან დღემდე

ლარის დევალვაციასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ცხრება, სახელისუფლო წრეებში მტყუან-მართალს არჩევენ, ბიზნესმენები კი ზარალს ითვლიან. საინტერესოა, ამ არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობის ფონზე, როგორ აპირებს სახელმწიფო ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილის ხარჯვას და რა პრიორიტეტები იკვეთება 2015 წლის ბიუჯეტში გასული წლების ბიუჯეტთან შედარებით.

2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 771 მილიონი ლარით ზრდაა დაგეგმილი, რაც 10.5%-ით აღემატება 2014 წლის მაჩვენებელს, ხოლო ხარჯები 465.8 მილიონი ლარით იზრდება, რაც 6.17%-ით მეტია 2014 წლის ხარჯებზე. 2015 წელს სახელმწიფოს პრიორიტეტებია 1) ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა, 2) რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურა და 3) განათლება და მეცნიერება.

127 მილიონი ლარით იზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება, 125 მილიონი ლარით იზრდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება – 99.6 მილიონი ლარით. უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური დაცვის ხარჯები ძირითადად საპენსიო უზრუნველყოფაზე მოდის, რაც 63.93 მილიონი ლარით იზრდება.

მნიშვნელოვანი ცვლილება: 2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს საქართველოს სოლიდარობის ფონდს, რომლის ბიუჯეტად განისაზღვრა 260 ათასი ლარი.

რაც შეეხება ჯანდაცვის გაზრდილ ხარჯებს, ჩამონათვალი ასეთია:

სოფლის ექიმის (236.49% ზრდა 2014 წელთან შედარებით),

დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის (19.28% ზრდა 2014 წელთან შედარებით), სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების (203% ზრდა 2014 წელთან შედარებით) პროგრამებზე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის გაზრდილი ხარჯები ძირითადად გზების მშენებლობა და მოვლა-შენახვის, ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობისა და რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამებზე მოდის.

2014 წელთან შედარებით 164%-ით გაიზარდა აგროსექტორის ხელშეწყობა-განვითარების პროგრამები. 2015 წლიდან იწყება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სესხისა და ლიზინგის ვალდებულებების დაფარვის (21 მილიონი ლარი) და (2) აგროდაზღვევის პროგრამები (10 მილიონი ლარი).

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანალიტიკოსი, მიხეილ კუკავა ბიუჯეტის სოციალურ პროგრამებზე ორიენტაციას გაუმართლებლად მიიჩნევს, რასაც იმით ხსნის, რომ საშუალოშემოსავლიან მოსახლეობას შესწევს უნარი, თავად დაიფინანსოს ჯანდაცვა:

"საშუალოშემოსავლიანი მოსახლეობის მიერ საკუთარი ჯანდაცვის დაფინანსების მზაობა არის ის რესურსი, რისი გამოუყენებლობაც სრულიად არარაციონალური მიდგომაა, ვინაიდან გამოთავისუფლებული რესურსი შეიძლება მიმართულ იქნას იმ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისკენ, რომელსაც ჯანდაცვის მეტი სერვისები სჭირდება. სოციალური პროგრამების დაფინანსების არარაციონალური მიდგომის გამო სახელმწიფო კარგავს შესაძლებლობას, დააფინანსოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია", – განაცხადა ambebi.ge-სთან საუბრისას მიხეილ კუკავამ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" 2014 წლის დეკემბრის კვლევაში (2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი: ანალიზი და რეკომენდაციები) აღნიშნულია, რომ დაგეგმილი სახსრების ათვისება, რაც 2013-2014 წლების სახელმწიფო ბიუჯეტების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა იყო, 2015 წელსაც შეიძლება გაგრძელდეს. კვლევის ავტორი მიხეილ კუკავა აღნიშნულს ორი მიზეზით ხსნის:

1) მხარჯავი დაწესებულებები არასათანადოდ მუშაობდნენ: 2014 წლის 10 თვეში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ვერ მოახერხა 502.69 მილიონი ლარის დახარჯვა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ – 285.62 მილიონი ლარის, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ – 208.14 მილიონი ლარის, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტრომ – 36.78 მილიონი ლარის, რაც ჯამში მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს, ანუ მთლიანი დაუხარჯავი რესურსის (2.08 მილიარდი ლარი) თითქმის 50%-ს.

2) ბიუჯეტი არასწორად დაიგეგმა: 1 მილიარდი ლარი წინა წლის ბიუჯეტში ვერ დაიხარჯა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ დაწესებულებები ითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლიათ დახარჯონ, შემდეგ ვეღარ ხარჯავენ და ამ დაუხარჯავ რესურსს წლის დასრულებამდე ვერც სხვები იყენებენ.

"ქვეყანაში ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვის პრობლემაა, რაც შედეგად იწვევს იმას, რომ თანხების ათვისება ვერ ხდება, 2013 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამგვარად, რისკი, რომ დაგეგმილი სახსრების ათვისება, რაც 2013-2014 წლების სახელმწიფო ბიუჯეტების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა იყო, 2015 წელსაც გაგრძელდება, საკმაოდ მაღალია თუ მთავრობამ გადამჭრელი ზომები არ მიიღო პრობლემის გამოსასწორებლად. მთავრობის მიერ დაგეგმილზე ნაკლები სახსრების ათვისება კი უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, ხოლო III-IV კვარტლებში გამალებული ხარჯვა იმის საკომპენსაციოდ, რომ ხარჯები I-II კვარტლებში არ იქნა გაწეული, ინფლაციის სრულიად აშკარა რისკებთან არის დაკავშირებული. ამასთანავე, მთავრობას არ უნდა დაავიწყდეს, რომ 2015 წლის ბიუჯეტი, ისევე როგორც წინა წლის ბიუჯეტები, არა მხოლოდ დეფიციტურია, არამედ ამ დეფიციტის დიდი ნაწილი ვალით ფინანსდება. ამასთან, 2015 წელს მისაღები კრედიტების უდიდესი ნაწილის აღება საინვესტიციო მიზნებისთვის ხდება", – აღნიშნავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანალიტიკოსი, მიხეილ კუკავა.

საინტერესოა, როგორ იცვლებოდა პრიორიტეტები წლიდან წლამდე. ბოლო წელთან შესადარებლად გთავაზობთ 2012 წლის ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებს:

2012 წლის ბიუჯეტის პროექტში 12 პრიორიტეტული სფერო იყო გამოყოფილი. სულ პრიორიტეტების საბიუჯეტო დაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის 78.1% ანუ 5.99 მილიარდი ლარი იყო. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ამ თანხის 29% ანუ 1.740 მილიარდი ლარი ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე უნდა დახარჯულიყო.

პრიორიტეტების დაფინანსების მიხედვით, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის გარდა, მსხვილი კომპონენტების ხუთეულში შედიოდა: თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (1.518 მილიარდი ლარი); რეგიონალური განვითარება, ინფრასტრუქტურა და ტურიზმი (1.262 მილიარდი ლარი); განათლება, მეცნიერება და პროფესიული მომზადება (620.6 მილიონი ლარი) და ინსტიტუციონალური განვითარება და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერა (206.6 მილიონი ლარი).

ყველაზე მეტი პროგრამა (36) განათლების, მეცნიერებისა და პროფესიული მომზადების კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა. დანარჩენი კომპონენტები საშუალოდ ორჯერ ნაკლებ პროგრამებს მოიცავდა.

2012 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის ხარჯების 26.8% სოციალურ უზრუნველყოფას უნდა მოხმარებოდა. 2011 წელთან შედარებით, მაჩვენებელი 71.2 მილიონი ლარით იყო გაზრდილი.

სალომე შიხაშვილი

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა