"თუ ლარის კურსს არ დაიჭერენ, ფასების სტაბილურობას ვერც ერთი ნოდარი ვერ დაიჭერს" - ნოდარ ჯავახიშვილი

"თუ ლარის კურსს არ დაიჭერენ, ფასების სტაბილურობას ვერც ერთი ნოდარი ვერ დაიჭერს" - ნოდარ ჯავახიშვილი

თუ ლარის კურსს არ დაიჭერენ, ფასების სტაბილურობას ვერც ხადური და ვერც საქართველოში მცხოვრები ვერც ერთი ნოდარი დაიჭერს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, "ქართუ ბანკის" ყოფილმა პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა "პალიტრა TV"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.

იგი შეცდომად მიიჩნევს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ სავალუტო კრიზისის დასაძლევად მთავრობა ეროვნულ ბანკთან კოორდინირებულად მუშაობს.

"მთავრობის შეცდომებს რასაკვირველია ვხედავ, მაგრამ უპირველესი შეცდომა არის განცხადებები, რომ მთავრობა მუშაობს ეროვნულ ბანკთან კოორდინირებულად. მე ეჭვი მეპარება, რომ ეს საკითხი ხელისუფლებამ ისე დატოვოს, სიღრმეში არ ჩაიხედოს. როცა სიღრმეში ჩაიხედავს, არ გამიკვირდება, რომ შერცხვეს ზოგიერთ მათგანს, როგორ ვთქვი კოორდინირებულად ვმუშაობდი, როცა თურმე ქვეყანას ვანგრევდიო. მე ვთვლი, რომ ეს არ არის ამ სფეროში კვირიკაშვილის და ხადურის გამოუცდელობა – გავემიჯნებოდი, სხვას თუ ვერაფერს გავაკეთებდი. რაც შეეხება ფასებს, ნოდარ ხადურმა განაცხადა ამას წინათ, არ დავუშვებთ ფასების ზრდასო. თუ ლარის კურსს არ დაიჭერენ, ფასების სტაბილურობას ვერავინ დაიჭერს - ვერც ხადური და ვერც ყველა ნოდარი საქართველოში მცხოვრები", - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

"ქართუ ბანკის" ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ლარის გამყარებაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ იმოქმედა.

ჯავახიშვილი გიორგი ქადაგიძის მისამართით ყოფილი პრემიერის განცხადებასაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ პანიკა სწორედ ეროვნულმა ბანკმა დათესა.

"ბიძინა ივანიშვილის განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმები. გაცილებით მეტის თქმაც შეიძლება, რადგან მან ზოგადი შეფასება გააკეთა. ჩვენ შეგვიძლია დეტალებში ჩავუღრმავდეთ, ბევრ რამეზე გავაკეთოთ "მინიშნება", რადგან უდანაშაულობის პრეზუმპციას ვერ დავარღვევთ. რბილ ტონში შეფასება აღარ შეიძლება, როცა, პრაქტიკულად, 3 ნოემბრიდან დაიწყო ლარის კურსის ინტენსიური ვარდნა და ამ ხნის განმავლობაში 51 პუნქტით დაეცა, რაც დაახლოებით 29 %-ია. ეს, პრინციპში, კატასტროფის ტოლფასია. ვფიქრობ, ლარის გამყარებას ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა განცხადებამ დროზე მოუსწრო. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

"ქართუ ბანკის" ყოფილი პრეზიდენტის აზრითაც, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი შეცდომა ისაა, რომ რეზერვები დროულად არ გამოიყენა. "სულ ამბობენ პანიკა ყველაზე საშიშიაო, მაგრამ ვინ შექმნა ეს პანიკა?! 3 ნოემბერს დაიწყო კურსის ვარდნა, ეროვნული ბანკი კი პირველად 25 ნოემბერს ჩაერია და 40 მილიონი დოლარი გამოიტანა გასაყიდად. მორიგი ჩარევა იყო დეკემბერში და ამის მერე თებერვლამდე აღარ ჩარეულა. 25 ნოემბერს რომ დაელოდა, სანამ პანიკა არ შეიქმნა, გარწმუნებთ, ეს რომ 4-5 ნოემბერს გაეკეთებინა, შესაძლოა კურსის დაჭერას 5 და 10 მილიონი დოლარი ყოფნოდა", - აღნიშნა ჯავახიშვილმა.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ რეზერვების ხარჯვაზე უარი მეზობელმა ქვეყნებმაც თქვეს, ჯავახიშვილის შეფასებით, ქადაგიძე თავის მართლებას ცდილობს. "არავინ ამბობს, დამიჭირეთ და ჩამსვით ციხეშიო. ყველა ცდილობს გაამართლოს თავისი ქმედება", - დასძინა ჯავახიშვილმა, რომლის შეფასებითაც, ლარის სტაბილურობაზე უპირველესი პასუხისმგებლობა სწორედ ეროვნულ ბანკს აკისრია.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: "ქართულ ოცნებას" გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უნდა აღეძრა" - ნოდარ ჯავახიშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა