ეს არის პუტინის პირადი გადაწყვეტილება - ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურება ბორის ნემცოვის მკვლელობაზე

ეს არის პუტინის პირადი გადაწყვეტილება - ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურება ბორის ნემცოვის მკვლელობაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო მის ოჯახს და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს.

ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მომხდარს გმობს და იმედს გამოთქვამს, რომ "ასეთი სასტიკი დანაშაულის ჩამდენები გამოაშკარავდებიან".

"შეძრული ვარ იმ საზარელი ტრაგედიით, რომელიც მოსკოვის ცენტრში დატრიალდა - მოკლულია ერთ-ერთი თვალსაჩინო რუსი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი. კატეგორიულად ვგმობ ამ საშინელ ძალადობას, იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი სასტიკი დანაშაულის ჩამდენები გამოაშკარავდებიან და პასუხს აგებენ კანონის წინაშე. ვიზიარებ მისი ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და თანავუგრძნობ რუს ხალხს", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ნემცოვის მკვლელობის გამო შეძრწუნებულია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

ბორის ნემცოვის მკვლელობას საქართველოს პირველი პირი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", საკუთარ გვერდზე ეხმაურება და აცხადებს, რომ მომხდარი არის დარტყმა მთლიანად პროგრესული კაცობრიობისთვის.

"შეძრწუნებული ვარ ბორის ნემცოვის მკვლელობით. ის იყო პოლიტიკოსი, რომელიც ბოლო ორი ათწლეული დაუღალავად იბრძოდა დემოკრატიული იდეალებისა და თავისუფლების დასაცავად. ეს მკვლელობა არის დარტყმა მთლიანად პროგრესული კაცობრიობისათვის და იგი აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მომხდარს "საზარელ მკვლელობას" უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ ის იბიექტურად იქნება გამოძიებული.

"ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ბორის ნემცოვის გარდაცვალების გამო. ბორის ნემცოვი იყო პოლიტიკოსი, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე უკეთესი, დემოკრატიული რუსეთისთვის იღწვოდა. ბორის ნემცოვი დააკლდება რუს ხალხს და მათ უკეთეს მომავალს, მის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს მთელს დემოკრატიულ სამყაროში.

იმედია ეს საზარელი მკვლელობა სწრაფად და ობიექტურად იქნება გამოძიებული და დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან", - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ნუგზარ წიკლაური კი ბორის ნემცოვის მკვლელობას პოლიტიკურ მკვლელობას უწოდებს.

"არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ეს არის პოლიტიკური მკვლელობა. ეს არის პუტინის პირადი გადაწყვეტილება. რუსეთისთვის არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კლავენ პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს. საქართველოსათვის ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ერთს, რომ ჩვენ მაქსიმალურად შორს უნდა ვიყოთ ისეთი ქვეყნისაგან, სადაც ასეთი ტიპის ანგარიშსწორებები ხდება. პოლიტიკურ ნიადაგზე ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც დაგვაახლოებს რუსეთს, დაგვაახლოებს ასეთი ტიპის ანგარიშსწორებებთან, რაც სრულიად მიუღებელია. ამიტომ საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დისტანცირებული იყოს ისეთი ქვეყნისაგან, სადაც ადამიანების მკვლელობები ხდება სახელმწიფოს გადაწყვეტილებით", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნუგზარ წიკლაურმა.

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება. მისივე თქმით, ნემცოვი იყო რუსეთის რესპუბლიკური პარტიის თანათავმჯდომარე.

"ის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო რუსეთში დემოკრატიული მოძრაობის. რაც დრო გადის და რაც უფრო მძიმე ხდება, რუსეთის როგორც სახელმწიფოს ატანა, მით უფრო ბევრს ვფიქრობ ჩემს მეგობრებზე და ახლობლებზე, რომელთა ნაწილი უკვე ცოცხალი აღარ არის. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ ნემცოვი, რაღაც საყოფაცხოვრებო გარჩევას შეეწირა და უკვე ასეთი ვერსია გამოთქვა ხელისუფლებამ, როდესაც ასეთი მნიშვნელობის ოპოზიციონერი არის მოკლული, პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებაზეა", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლება არ გამოირჩევა დემოკრატიისადმი განსაკუთრებული პატივისცემით.

"წინასწარ ვერავინ ვერაფერს იტყვის. დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი ჟურნალისტებისა თუ პოლიტიკოსებისთვის ფონი იმ ქვეყანაში ძალიან მძიმეა", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ბორის ნემცოვი გუშინ ღამით სეირნობისას მოკლეს. მას თან ახალგაზრდა უკრაინელი ქალი ახლდა, რომელიც წუხელ უკვე დაიკითხა.

იხილეთ: ფოტოკადრები ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილიდან

იხილეთ ვიდეო: კამერებმა, სავარაუდოდ, ის ავტომობილი დააფიქსირეს, საიდანაც ბორის ნემცოვს ესროლეს

ტეგი: ყველა სიახლე ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა