სმა-ჭამის რესპუბლიკა - ბიუჯეტიდან ყოველკვირეულად რესტორნებში 100 ათას ლარამდე იხარჯება

სმა-ჭამის რესპუბლიკა - ბიუჯეტიდან ყოველკვირეულად რესტორნებში 100 ათას ლარამდე იხარჯება

"უკეთესი იქნებოდა, ეს კვლევა გაგრძელებულიყო და როდესაც ციფრების შესახებ კითხვები აღარ იქნებოდა, შემდეგ გამოქვეყნებულიყო, რადგან ახლა შესაძლოა, ვინმეს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას, რომ ეს ანგარიში უბრალოდ ცეცხლზე ნავთის დასხმის სურვილია", - მიიჩნევს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ბიუჯეტიდან დაფინანსებული, სახელმწიფო უწყებების სარესტორნო და სასტუმრო მომსახურების ხარჯების შესახებ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების შეფასებისას. კვლევის თანახმად, 2013-2014 წლებში გამარტივებული შესყიდვების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში ყველა სახელმწიფო უწყების სასტუმრო მომსახურებაზე დაახლოებით 10.6 მლნ ლარი, ხოლო სარესტორნო მომსახურებაზე დაახლოებით - 9.7 მლნ ლარი დაიხარჯა. აქედან მარტივი გაანგარიშებით შეგვიძლია მივიღოთ, რომ ბიუჯეტიდან რესტორნებში ყოველკვირეულად საშუალოდ 100 ათას ლარამდე იხარჯება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სმა-ჭამის რესპუბლიკა / ყოველკვირეულად ბიუჯეტიდან რესტორნებში 100 ათას ლარამდე იხარჯება.

"კვლევაში საუბარია ასევე იმაზეც, რომ აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო უწყებები სარესტორნო და სასტუმრო მომსახურების შესყიდვისას უპირატესობას გამარტივებული წესით შესყიდვას ანიჭებდნენ. მაგალითად, გამარტივებული წესით შესყიდული მომსახურება სარესტორნო მომსახურების შემთხვევაში 6-ჯერ აღემატება ტენდერით შესყიდულ მომსახურებას, ხოლო სასტუმრო მომსახურების შემთხვევაში პირდაპირი შესყიდვა თითქმის ერთნახევარჯერ მეტია ტენდერის გზით განხორციელებულ შესყიდვასთან შედარებით. საიას იურისტ სულხან სალაძის განმარტებით, სახელმწიფო უწყებებს ბიუჯეტიდან ხარჯის გაწევა, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, თუმცა მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ მსგავსი შესყიდვების განხორციელება უმეტეს შემთხვევაში ხდებოდა გამარტივებული გზით, ანუ პირდაპირ კონკრეტულ პირთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე, რაც ზრდის ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯს. "რეზონანსი" მთავრობის წარმომადგენლებს დაუკავშირდა აღნიშნული კვლევის შესახებ მათი შეფასების მოსაპოვებლად. მთავრობის ადმინისტრაციიდან მიცემული ინფორმაციაში ჩანს, თუ რა ღონისძიებებში რამდენი ლარი დაიხარჯა გასულ 2013-2014 წლებში, თუმცა ვერ დაგვიკონკრეტეს აღნიშნული მომსახურებები ტენდერის საფუძველზე შეისყიდეს თუ გამარტივებული გზით", - აღნიშნავს გამოცემა.

"საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ 2013-2014 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის ადმინისტრაციამ უცხოეთის არაერთ დელეგაციას უმასპინძლა, რომელთა შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის სტუმრები. აღნიშნულ ხარჯებში ასევე შედის საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისის თარიღთან დაკავშირებით გამართული მიღებები, პრეზიდენტის ინაუგურაცია, ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობის იუბილე, მთავრობის ადმინისტრაციის სტუმრების მასპინძლობა, პრემიერ-მინისტრის შიდა და გასვლითი ღონისძიებები", - განგვიცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში. მათივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაშია ეკონომიკური საბჭო, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და ბიზნესომბუდსმენის აპარატი, რომელთა ხარჯებიც ასევე აისახება ადმინისტრაციის საერთო ხარჯში", - დასძენს გამოცემა.

"წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რა ფორმით ხდება ამ ხარჯების გაწევა. თუ ხარჯების გაწევის დროს პრიორიტეტი გამარტივებულ სესხებს ენიჭება, ბუნებრივია გამარტივებული შესყიდვები ამცირებს კონკურენციას, ამცირებს დაბალ ფასად მაღალი მომსახურების მიღებას და როდესაც გამარტივებული შესყიდვისას პირდაპირ ფორმდება კონტრაქტი კონკრეტულ პირთან რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის ალბათობა საკმაოდ დაბალია. გამარტივებული შესყიდვა უნდა იყოს ერთგვარი გადაუდებელი აუცილებლობა, რომელიც კონკრეტული ფაქტიდან გამომდინარე დგება, ეს შეიძლება იყოს სტიქიური უბედურება, ბუნებრივი კატასტროფები და ა.შ. მაგრამ როდესაც სახელმძღვანელოების შეძენაზე, პედაგოგთა გადამზადების პროგრამებზე (რაც ითვალისწინებს მათ ტრანსპორტირებას, დაბინავებას და ა.შ ) ვსაუბრობთ, ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია, გამარტივებული შესყიდვის იმედზე არ დარჩეს, კარგად დაგეგმოს სახელმწიფო შესყიდვა, რაც შეიძლება კონკრეტული საჯარო ფინანსების შემცირების ერთ-ერთი კარგი საშუალება გახდეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სულხან სალაძე.

"სახელმწიფოს გაცილებით დიდი მოცულობის შესყიდვების დროსაც გამოუყენებია გამარტივებული შესყიდვა, ამიტომ მხოლოდ სარესტორნო და სასტუმრო ხარჯები არ არის გამონაკლისი. მაგალითად, პირველკლასელების კომპიუტერული უზრუნველყოფა, საჯარო სკოლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, ჩატარდა გამარტივებული შესყიდვებით. ამიტომ თუ სახელმწიფო აქცენტს იმ ტიპის შესყიდვებზე გააკეთებს, რომელიც ტენდერებთან, კონკურენციასთან, საბიუჯეტო ხარჯების რაციონალურ ხარჯვასთან იქნება დაკავშირებული, რა თქმა უნდა გაცილებით მაღალი ალბათობა არსებობს, რომ სახელმწიფომ მეტი საბიუჯეტო სახსრები დაზოგოს, ვიდრე ის ზოგავს დღეს. რაც შეეხება იმას, თუ რომელ ხარჯებს მიეკუთვნება მსგავსი მომსახურების შესყიდვა, ამისთვის საჭიროა გავეცნოთ კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს ბიუჯეტს, რა ფორმით გადის ეს ხარჯები და რასთან გვაქვს საქმე", - დასძენს საიას იურისტი.

"ზოგადად შეფასება გამიჭირდება, ვფიქრობ აქ უფრო დეტალური ანალიზია საჭირო. რაღაც ხარჯი ალბათ გამართლებულია, რაღაც - გაუმართლებელი. ალბათ ეს შესაბამისი ორგანოების შესასწავლია. იმ შემთხვევაში, თუ მორალური თვალსაზრისით ვისაუბრებთ და სოციალურ პრობლემატიკას დავუკავშირებთ, ბუნებრივია, ძალიან მწვავე და უარყოფითი დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ, თუმცა, ამ ხარჯებში ალბათ რაღაც ნაწილი აუცილებელი ხარჯებია, რადგან სტუმარია თუ სხვა ბევრი ფაქტორი, რაც უნდა გაჭირვებული იყოს ქვეყანა, ამ ხარჯების გაწევა აუცილებელია. საბიუჯეტო დისციპლინა მეტი რომ ყოფილიყო, დღეს ბევრ რამეს ავირიდებდით თავიდან. სახელმწიფოს მხრიდან უფრო ყაირათიანი და დინამიკური ხარჯვა რომ ყოფილიყო, ვფიქრობ ბევრის რამის თავიდან აცილება შეიძლებოდა. როდესაც ქამრების შემოჭერაზეა საუბარი, მარტო ფიზიკურ ქამრებზე კი არ უნდა იყოს ლაპარაკი, არამედ რეალურ ეკონომიაზე", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი.

"რაც შეეხება გამარტივებული წესით შესყიდვებს, მათი გამოყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა მოხდეს. თუმცა, თუ კანონში რაღაც ხვრელი დარჩა იმისათვის, რომ კონტროლი შესუსტდეს, ამ ხვრელში ყველა გაძრომას ცდილობს. ეს ხელისუფლებაც და წინა ხელისუფლებაც ასე იქცეოდა. ვფიქრობ, გადამლაშებასთან გვაქვს საქმე. დღეს ხელისუფლებას გამარტივებული გზით ხელშეკრულების გაფორმება წესად ექცა, რაც შემაშფოთებელი და არასწორია. ნებისმიერი ასეთი ტიპის შესყიდვა კარგად არგუმენტირებული და შესაბამისი განმარტებითი ბარათით დასაბუთებული უნდა იყოს. რა თქმა უნდა, თუ კარგად მოვიძიებთ, დავინახავთ გაუმართლებელ ხარჯებს და ზედმეტ ფუფუნებასაც, მაგრამ ამისთვის აუდიტის სამსახური არსებობს, რომელმაც დეტალური ანალიზი უნდა დადოს რა ხდება ამ მიმართულებით", - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

"თანხა თავისთავად შთამბეჭდავია, მაგრამ ავტორებს უნდა გაეცნოთ მკითხველისთვის, თუ რამდენია წარმომადგენლობითი ხარჯები თითოეული სამინისტროს ბიუჯეტში. როდესაც არსებობს ინფორმაცია, მაგრამ ეს მონაცემები არ არის გამოყენებული, რამდენი კონფერენცია ჩატარდა, რამდენი დელეგაცია იყო მიღებული, თუ არ გაიმიჯნა ცალკეული სამინისტროებისა და უწყებების მიხედვით ეს უზარმაზარი თანხა და თითოეულისაგან პასუხი არ მივიღეთ, ასეთი განცხადებების სამართლიანობით ვერ დავიტრაბახებთ. ასე ზეპირად რაიმე დასკვნის გაკეთება სწორი არ იქნებოდა. ეს არის კვლევის დასაწყისი და არა დასასრული. ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა ეს კვლევა გაგრძელებულიყო და როდესაც ციფრების შესახებ კითხვები აღარ იქნებოდა, მერე გამოქვეყნებულიყო, რადგან ახლა შესაძლოა ვინმეს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას, რომ ეს უბრალოდ ცეცხლზე ნავთის დასხმის სურვილია, ყოველ შემთხვევაში ზოგიერთი ასე შეაფასებს", - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა