დავით სერგეენკო - სასწრაფო დახმარების სისტემის ყველა მიმართულებით ხარვეზები იკვეთება

დავით სერგეენკო - სასწრაფო დახმარების სისტემის ყველა მიმართულებით ხარვეზები იკვეთება

ჯანდაცვის მინისტრ, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანის დაგვიანება ზოგჯერ 45 წუთიდან 1 საათამდე პერიოდს შეადგენს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, ამ მიმართულებით არის სისტემური პრობლემა, რომლის გადაწყვეტის მიზნით ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა. აღნიშნულ გეგმას სამინისტრო "112"-ის წარმომადგენლებს დღეს გააცნობს.

"ჩვენ დავასრულეთ სისტემური შესწავლა სასწრაფო დახმარების სისტემის მუშაობის. ყველა მიმართულებით იკვეთება გარკვეული ხარვეზები. რაც შეეხება თბილისის სასწრაფოს მუშაობას, ბოლო ხანებში დაგვიანების უარყოფითი დინამიკა სახეზეა. ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომელსაც შევთავაზებთ შესაბამის უწყებას და მე ვფიქრობ, თუკი ეს გეგმა განხორციელდა, უახლოეს პერიოდში ვიგრძნობთ მკვეთრად დადებით შედეგებს", - განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება იმას, თუ რა მიმართულებით იკვეთება ხარვეზები, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გამოძახების ადგილას მისვლის პერიოდი წარმოუდგენლად ხანგრძლივია და ძალიან ბევრი დრო იხარჯება. კერძოდ, 45 წუთიდან 1 საათამდე, მაშინ, როდესაც, პრიორიტეტულ გამოძახებებზე, მაგალითად ავტოსაგზაო შემთხვევების დროს პაციენტი 10 წუთში მანქანაში უნდა იყოს და საავადმყოფოში გადაჰყავდეთ.

"ამ დროს იხარჯება ძალიან ბევრი დრო. სასწრაფოს ბრიგადები არ არიან მოტივირებული იმაზე, რომ ბევრი გამოძახება შეასრულონ და ხშირად გამოძახების მერეც დაყოვნებაა, როდესაც დისპეჩერს უნდა მიუვიდეს განთავისუფლების სიგნალი და ეს იწელება საშუალოდ 15 წუთი. ჯამში, შემდეგ ქმნის სურათს, რომ არასაკმარისია ბრიგადები. აქ რაც არ უნდა დავამატოთ ბრიგადები, სურათს დადებითისკენ ვერ შევცვლით, ვინაიდან არის სისტემური გადაწყვეტილებები მისაღები. ჩვენ მზად გვაქვს შესაბამისი რეკომენდაციები", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა