დავით უსუფაშვილი - ევროკავშირმა ძალიან ნელა გააცნობიერა, რომ აღმოსავლეთ ევროპა ევროპული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია

დავით უსუფაშვილი - ევროკავშირმა ძალიან ნელა გააცნობიერა, რომ აღმოსავლეთ ევროპა ევროპული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია

მჯერა, ევროკავშირმა ძალიან ნელა გააცნობიერა, რომ აღმოსავლეთ ევროპა ევროპული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა .

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დავით უსუფაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს წევრებს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, დავით უსუფაშვილს ატლანტიკურ საბჭოში საჯარო გამოსვლა ჰქონდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში, უკრაინასა და ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, შეუძლებელია საქართველოსა და უკრაინის ცალ-ცალკე განხილვა, რადგან მთავარი საკითხები - უსაფრთხოების, ეკონომიკური მიმართულებები და აგრეთვე დემოკრატიული მიმართულებაც, ორივე ქვეყანაში ურთიერთკავშირშია.

"იცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რაც ქართველებს და უკრაინელებს მოგვეცა, არის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმატებულად შესრულდა, რადგან ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა ეს იმ ფასად გააკეთეს, რასაც ახლაც იხდიან - ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ იქ კრიზისი ამ საკითხის გამო დაიწყო და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს კრიზისი დაიწყო ევროკავშირთან პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერით და არა ნატო-სთან, ეს არ ეხებოდა სამხედრო საკითხებს და ესეც კი მიუღებელი აღმოჩნდა პრეზიდენტ პუტინისა და მისი გუნდისთვის. ასე რომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ იმ მცდარ აზრებს, რომელიც ბევრ ჩვენგანს რუსეთის მომავალზე ფიქრის დროს გაგვიჩნდა", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, შეცდომა მაშინ იყო დაშვებული, როდესაც სერიოზულად არ იქნა აღქმული ის, თუ რამდენად ძლიერია რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები.

"სამწუხაროდ, ეს იყო შეცდომა. რის საფუძველზე ვამბობ ამას - საქართველოს მაგალითზე. მჯერა, რომ იყო რამდენიმე ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა დასავლური თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ალიანსის უფრო ძლიერ შემადგენელ ნაწილად გვექცია. მჯერა, ევროკავშირმა ძალიან ნელა გააცნობიერა, რომ აღმოსავლეთ ევროპა ევროპული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განუყოფელი ნაწილია. ამის გააზრებას ძალიან ბევრი დრო დასჭირდა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე, რუსეთის ფედერაციისგან მომდინარე საფრთხეებზე და კრიზისის მოკლე ვადებში გადაწყვეტის აუცილებლობაზე.

"ალბათ, იგივე მოხდა ნატო-ს გაფართოების შემთხვევაშიც, როდესაც საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაეკმაყოფილებინა ყველა სტანდარტი და მოთხოვნა, რომელიც ნატო-ს აქვს თავისი წევრობის მსურველთათვის. ხანდახან ჩვენ საჭიროზე მეტსაც კი ვაკეთებდით, რაც შესაძლებელი იყო პატარა, პოსტსაბჭოური საზოგადოებისთვის, რომელიც მუდმივი ზეწოლის ქვეშაა ყველა შესაძლებელი მხრიდან. დიახ, ჩვენ მივდიოდით წინ და განვიცდიდით პროგრესს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ იყო საკმარისი, იყო სხვა მიზეზები, რის გამოც ეს პროცესი საკმარისად სწრაფი არ იყო. მჯერა, რომ ამ მომენტში არსებითია, ვისაუბროთ გაკვეთილებსა და მომავალზე, რა შეიძლება უკეთ გავაკეთოთ ამ კრიზისის მოსაგვარებლად და იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს გადაწყვეტილება გრძელვადიანი და მდგრადია. ამ მხრივ, ეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიები ან ქმედებები ძალიან პირობითია, რადგან საქართველოს არ აქვს ფუფუნება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაზე იფიქროს იმიტომ, რომ ყველაფერი მოკლევადიანია; შეიძლება ყველაფერი სწრაფად შეიცვალოს, ყველაფერი შეიძლება იყოს გაურკვეველი. სანამ ეს მოვლენები ხდება უკრაინაში და სანამ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და საერთაშორისო ორგანიზაციები ამით არიან დაკავებულნი და სწორადაც არიან დაკავებულნი, რუსეთი მოიწევს საქართველოსკენ. მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი რამ, რაც ხელს შეუშლის რუსეთს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საკუთარ ტერიტორიებად გამოაცხადოს, როგორც ეს მოხდა ყირიმის შემთხვევაში, ესაა აფხაზი ხალხი, რომელსაც სხვა რამ უნდა, ისინი არ არიან მზად, გახდნენ რუსეთის ნაწილი. და ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც მათ შეუძლიათ რეფერენდუმის ჩატარება. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს გართულებები აფხაზეთში, რუსეთი თავის ტერიტორიად არ აცხადებს სამხრეთ ოსეთსაც. ასე რომ, ესაა ერთადერთი მიზეზი რატომაც არ არის მოსკოვში დაბეჭდილ რუკებზე ეს ტერიტორიები იმავე ფერის, რა ფერისაც რუსეთი და ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო ცდილობს შეინარჩუნოს სიმშვიდე და გააგრძელოს ფოკუსირება ეკონომიკაზე, სოციალურ საკითხებზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და ზოგადად ყველა იმ საკითხზე, რაც ქვეყნის განვითარებისთვისაა აუცილებელი.

"ვცდილობთ, საშინაო დავალება, როგორც შესაძლებელია, კარგად შევასრულოთ; ვიყენებთ ხელმისაწვდომ რჩევებს და ტექნიკურ დახმარებას ბევრი ქვეყნისგან და, პირველ რიგში, შეერთებული შტატებისგან; ვაგრძელებთ რეფორმებს ჯანდაცვის სისტემაში; ბევრ რამეს ვაკეთებთ სოფლის მეურნეობის და განათლების სისტემების მიმართულებით; ვცდილობთ ვიყოთ მშვიდობისმყოფელები რეგიონში; ვესაუბრებით ყველას, თვით რუსეთსაც კი; ვცდილობთ, ვიპოვოთ კომუნიკაციის გზები აფხაზ და ოს ხალხთან, მაგრამ ეს ყველაფერი როდემდე გაგრძელდება? მე თუ მკითხავთ, ვიტყოდი, რომ არ ვიცი, იმიტომ, რომ ეს არ არის დამოკიდებული ჩვენზე. ასე, რომ გთხოვთ, სწორად გამიგოთ - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველა მიმართულებით, ამას ვცდილობთ და ღია ვართ წინადადებებისთვის, რეკომენდაციებისთვის, მაგრამ ჩვენი გზავნილია, რომ მაშინაც კი, თუ ჩვენ ბოლომდე წარმატებულები ვიქნებით, მაშინაც კი, თუ ჩვენ ყველაფერს უმაღლეს დონეზე შევასრულებთ, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი მდგრადია და ქვეყანა გადარჩება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე თავის გამოსვლაში გლობალიზაციის პროცესებსაც შეეხო.

"დღეს არსებულ რეალობაში არ შეიძლება ითქვას, რომ "ეს არ არის ჩვენი პრობლემა". საქართველოში მყოფებს არ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ის პრობლემები, რომლებიც ჯერ არ მოგვარებულა სამხრეთ ამერიკაში, ჩვენი პრობლემები არ არის, იმიტომ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ეს მოუგვარებელი პრობლემები ჩვენს სახლებშიც აღწევს", - აღნიშნა საჯარო გამოსვლისას დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ქართველი ხალხის სურვილი და მზადყოფნა - საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რაც შეიძლება მეტ სფეროში იყოს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა.

"ამ ვითარებაში, როდესაც გვაქვს ასეთი უნიკალური მოცემულობა, როდესაც პატარა საქართველო ეუბნება დიდ ამერიკას, რომ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობისთვის, მზად ვართ, რომ უფრო სასარგებლონი ვიყოთ ერთმანეთისთვის, რომ ეს არის ჩვენი კარგად გაცნობიერებული გადაწყვეტილება, რომ მზად ვართ ამისთვის, მჯერა, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრები მომავალში მოძებნიან მეტ გზას სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისთვის, არა მხოლოდ უსაფრთხოების და დემოკრატიის დონეზე, არამედ ეკონომიკური განვითარების, ვაჭრობის გაზრდის მიმართულებით. ჩემი კიდევ ერთი გზავნილია, რომ მოახდინეთ მეტი რეაგირება პატარა ქვეყნების ასეთ მზადყოფნაზე მთელს მსოფლიოში და არა მხოლოდ საქართველოს მიმართ. ჩვენ ბოლო 200 წლის განმავლობაში არ ვიყავით მზად, რადგან დიდი იმპერიის ნაწილი ვიყავით, ასე რომ, სანამ ჯერ კიდევ შეგვიძლია ჩვენი თავისუფალი ნებისა და მზაობის გამოხატვა, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობ. ეს კარგი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, საქართველოსთვის, ყველასთვის, ვინც საქართველოს ირგვლივაა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, დემოკრატია, ღირსების, უმცირესობების ღირსების პატივისცემა და ყველაფერი მხოლოდ პოზიტიური, ასე რომ, ნუღარ დავკარგავთ მეტ დროს",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხა.

პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა