ქართველების მოძულე რუსი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს თბილისის დაბომბვით დაემუქრა

ქართველების მოძულე რუსი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს თბილისის დაბომბვით დაემუქრა

რუსეთის ექს-ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს დაბომბვის ინიციატივით გამოდიოდა, ამჯერად უკრაინაში რუსული ჯარის შეყვანას ამართლებს

"მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთს უკრაინაში საკუთარი არმიის შეყვანის სრული უფლება აქვს", - ასეთი განცხადება რუსეთის ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მიწვეულმა სტუმარმა, სსრკ-ს გმირმა ალექსანდრე რუცკოიმ გააკეთა.

მკაცრი ტონით და მაღალფარდოვანი ტერმინებით გაჯერებულ გამოსვლაში, რუცკოიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მიერ სამშვიდობო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, აუცილებელია საერთაშორისო კანონების სრული დაცვით, დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, რესპუბლიკების ტერიტორიაზე რუსული არმიის შეყვანა.

რუსეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ფედერაციის საბჭოს მიერ უკრაინაში ჯარების შეყვანის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პუტინი მძლავრ და ეფექტურ სამხედრო ბერკეტს მიიღებს, რომლითაც რუსეთის მოქალაქეების დაცვის უზრუნველყოფას შეძლებს.

საგულისხმოა, რომ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის მასშტაბურ საბრძოლო მოქმედებებში გადასვლის მომენტიდან, ალექსანდრე რუცკოი უკრაინული პრობლემის ძალისმიერი მეთოდით გადაჭრის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრეა.

მეზობელი სახელმწიფოს მიერ ღია აგრესიას რუცკოი ადრეც გამოხატავდა. 1990-იანი წლების დასაწყისში ცხინვალის გარშემო მოვლენების გამწვავებას რუსეთის მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა. სატელეფონო საუბარში ალექსანდრე რუცკოი, რომელსაც ბორის ელცინის მმართველობისას ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა, ქართული მხრიდან ცხინვალის მიმართულებით ცეცხლის არშეწყვეტის შემთხვევაში, შევარდნაძეს თბილისის დაბომბვით დაემუქრა.

მსგავსი შინაარსის მუქარები საქართველოს მიმართ მისგან შემდგომ პერიოდშიც ისმოდა. საქართველოს და მის მაშინდელ მთავრობას რუცკოი ბრალს პანკისის ხეობაში ჩეჩენი ტერორისტების შეფარებაში და მათ სამხედრო მომზადებაში სდებდა. არაერთხელ ისმოდა პანკისის ხეობის დაბომბვის მოწოდებები.

დიდ პოლიტიკაში წასვლამდე რუცკოი სამხედრო პილოტი იყო. ავღანეთის ომში იღებდა მონაწილეობას და 40-ე არმიის სამხედრო ავიაციის სარდლის მოადგილის პოსტი ეკავა. პირველად მისი მოიერიშე Cy-25 მოჯაჰედებმა 1986 წლის აპრილში ჩამოაგდეს. რუცკოიმ კატაპულტით ისარგებლა, მაგრამ დაშვებისას ხერხემლის მძიმე ტრავმა მიიღო. რეაბილიტაციის შემდეგ მომავალი გენერალ-მაიორი კვლავ მწყობრში დაბრუნდა. 1988 წლის აგვისტოში მისი Cy-25 ხელმეორედ ჩამოაგდეს. ამჯერად რუცკოის თვითმფრინავი პაკისტანურმა გამანადგურებელმა იმსხვერპლა.

საგულისხმოა, რომ რუცკოის, რომელსაც რბილად რომ ვთქვათ, ქართველები არასდროს უყვარდა, ავღანეთში სიცოცხლე ორივეჯერ სწორედ თბილისის საავიაციო ქარხანაში აგებულმა Cy-25-მა გადაურჩინა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა