საქართველო რუსული მასშტაბური წვრთნების ალყაში - 2 000 სამხედრო და 500 ერთეული ტექნიკა ოკუპირებულ რეგიონებში

საქართველო რუსული მასშტაბური წვრთნების ალყაში - 2 000 სამხედრო და 500 ერთეული ტექნიკა ოკუპირებულ რეგიონებში

"რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს", - ასე აფასებენ პოლიტოლოგ-ექსპერტები მოსკოვის მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მორიგი წვრთნების ჩატარებას. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია ამას აფხაზეთსა და რუსეთს შორის დადებულ ე.წ ხელშეკრულებას უკავშირებს, რომელიც ძალაში გუშინ შევიდა. "ბიბისის" ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვითი ძალები წვრთნას 12 პოლიგონზე, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზებზე მართავენ. რუსეთის სამხარეო სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, სწავლებაში 2 000 ადამიანი და 500 ერთეული სამხედრო ტექნიკაა ჩართული. საველე გამოსვლები 12 სამხედრო პოლიგონზე მიმდინარეობს, მათ შორის სამხრეთ რეგიონში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე და სომხეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზებზე", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით საქართველო რუსული მასშტაბური წვრთნების ალყაში / 2 000 სამხედრო და 500 ერთეული ტექნიკა ოკუპირებულ რეგიონებში.

"საველე გამოსვლების დასრულების შემდეგ ტაქტიკური სწავლება იგეგმება", - ნათქვამია რუსეთის სამხარეო სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში. ამასთან, როგორც ცნობილია, გუშინ რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის გაფორმებული თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ ხელშეკრულება ძალაში შევიდა. ამის აღსანიშნავად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ცერემონიალიც გაიმართა, რა დროსაც მხარეებმა რატიფიცირებული დოკუმენტები გაცვალეს. ე.წ შეთანხმება ამოქმედდა. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მხრიდან ცერემონიალს დაესწრო რუსეთში აფხაზეთის ე.წ ელჩი იგორ ახბა, რუსეთის მხრიდან კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი. შეგახსენებთ, რომ თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ დოკუმენტს რუსეთის პრეზიდენტმა და აფხაზეთის დე ფაქტო მმართველმა გასული წლის 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი. 22 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მისი რატიფიცირება მოახდინა. რუსეთის დუმამ მის რატიფიცირებას 2015 წლის 23 იანვარს დაუჭირა მხარი, ხოლო ფედერაციულმა საბჭომ 28 იანვარს. ე.წ შეთანხმება რუსეთსა და აფხაზეთს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო სივრცის შექმნას ითვალისწინებს", - აღნიშნავს გამოცემა

"სწორედ ამ ე.წ ხელშეკრულების ძალაში შესვლას უკავშირებს ყოფილი დიპლომატი ვახტანგ მაისაია ოკუპირებულ რეგიონებში წვრთნების ჩატარებას და ამას რუსეთის ძალის დემონსტრირებად მიიჩნევს - "რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ბერკეტის ამოქმედებას ახორციელებს - ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ამოქმედება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ე.წ. ხელშეკრულების მიხედვით აფხაზეთში სამხედრო დაჯგუფება უნდა შეიქმნას დაახლოებით 15 ათასი სამხედრო პირის მონაწილეობით, რომელიც იქნება მუდმივმოქმედი. ანუ ფაქტობრივად, დამოკლეს მახვილით იქნება საქართველოს თავზე. ამიტომ ბუნებრივია, რომ ეს არის სამხედრო მუსკულების დემონსტრირება, საპასუხო ქმედება ნატოს განვითარების საწინააღმდეგოდ", - უთხრა "რეზონანსს" მაისაიამ. მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებაც და დასავლეთიც უძლურნი არიან", - დასძენს გამოცემა.

"ხელისუფლება ამ შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობაშია, არაფრის გაკეთება არ შეუძლია. სამხედრო ძალა არ გვაქვს და წინ ვერ აღვუდგებით ასეთი ტიპის ქმედებებს. საერთაშორისო საზოგადოებას უნდა მივმართოთ, თუმცა სამწუხაროდ, რუსეთსა და დასავლეთს შორის სიტუაცია იმდენადაა გამწვავებული, რომ ვფიქრობ, მეტს ვეღარაფერს გააკეთებს. ევროპამ თავის მაქსიმუმი წარმოაჩინა, ამაზე მეტს ვერ გააკეთებს", - თვლის ვახტანგ მაისაია. ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის მიერ წვრთნების დაწყება არ გაჰკვირვებია პარტია "ევროპული დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაიას. მისი თქმით, ახლა პირველ რიგში გასარკვევია, კონკრეტულად რას უკავშირდება და არის თუ არა ეს დაკავშირებული აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასთან, რომელთან დაკავშირებითაც სოხუმში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს", - წერს სტატიის ავტორი.

"ის, რაც ხდება, სულაც არ მიკვირს, იმიტომ, რომ ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, თუმცა ახლა გასარკვევია, რა ფონზე ხდება და რატომ იყო აუცილებელი დღეს ამ წვრთნების ჩატარება?! ვფიქრობ, ეს არის მესიჯი, რომ მათ თუ მოესურვებათ, საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტულ მოქმედებებს დაიწყებენ. ჩემი აზრით, ეს წვრთნები მიბმულია ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის საკითხთან, სადაც ახლა აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. საინტერესოა, რისთვის ტარდება ეს?! - სამხედრო წვრთნისთვის, რათა მძიმე ტექნიკის მოძრაობა მოხდეს, თუ რაში შეიძლება გადაიზარდოს ეს?! საზოგადოებას კარგად ახსოვს, 2008 წლის აგვისტომდე რა მდგომარეობა იყო... ფაქტი ერთია - ხდება საქართველოს მთავრობის დაშინება. ჩვენს ხელისუფლებას კი სირაქლემას პოზიცია უკავია და ირგვლივ ვერაფერს ამჩნევს. ამიტომ ხელისუფლებამ პირველ რიგში გეგმა უნდა შეიმუშაოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა დავითაია.

"ეს, რა თქმა უნდა, პროვოკაციაა და ყველასთვის მიუღებელია. რუსეთი რომ უკანონო ქმედებას ახორციელებს, ეს ფაქტია. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჩვენი ტერიტორიაა და იქ რომ ჯარი დგას, მარტო ეს არის უკანონო, წვრთნებზე რომ აღარაფერი ვთქვა. ალბათ საგარეო საქმეთა სამინიტრომ დიპლომატიური გზებით უნდა ეძებოს ურთიერთობის დალაგების ბერკეტები, ძალისმიერი მეთოდებით რუსეთს წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა