ხელისუფლება შეიძლება ეფექტურად ფუნქციონირებდეს, მაგრამ მოსახლეობა უკმაყოფილო იყოს და არჩევნებსაც არ დაელოდონ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის ეთერში, ანალიტიკურ გადაცემაში "კვირის 20/30" სტუმრობისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს იქნებოდა ყველაზე ცუდი სცენარი, რაც შეიძლება მოხდეს.
"არჩეული მთავრობა, რა თქმა უნდა, უნდა ვაკონტროლოთ. მოვითხოვოთ მაქსიმალური გამჭვირვალობა და ამის მექანიზმები არსებობს. თუ კარგად არ გავათვითცნობიერეთ, რა უნდა მოვთხოვოთ, რა დროს და რა დოზით, შეიძლება, ახალი უბედურება მივიღოთ და დღევანდელობა ამას აჩვენებს, თუ ნახავთ, წინა კვირას "ნაციონალური მოძრაობა" როგორ ცდილობდა პარლამენტში ახალი სესია დაენიშნათ იმისათვის, თითქოს რაღაც კატასტროფა ხდება. როგორ ცდილობენ ისევ სიცრუის მანქანის ამუშავებას და ამუშავებენ კიდევაც, რომ რაღაც კატასტროფა ხდება ქვეყანაში, რომ როგორმე მოახერხონ, რომ ეს ხელისუფლება არის უუნარო და მოსაშორებელი. ამ დროს ნახეთ განსხვავებული შეფასებები და არამარტო ჩემი, რეიტინგები მათ შორის. უუნაროს უწოდებენ ხელისუფლებას, ვინც პირველად ახერეხებს ასეთი მედიასაშუალებების ზეწოლის ქვეშ, ამდენი სიცრუის და არაობიექტურ, თითქოს დანაშაულებებში მხილების დროს "რუსთავი 2"-დან ახერხებს და მიზანმიმართულად ახორციელებს იმას, რაც მათ ევალებათ", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, თუ მოსახლეობა არ მოითხოვს იმას, რაც რეალურად შეუძლია დღევანდელ მთავრობას და მოითხოვს იმას, რასაც 10 წელიწადი სჭირდება, დღეს გააკეთონ, შეიძლება ახალი ტიპის უბედურება მივიღოთ, რაც იმაში გამოიხატება, რომ ხელისუფლება შეიძლება ეფექტურად ფუნქციონირებდეს, მაგრამ მოსახლეობა უკმაყოფილო იყოს.
"თუ კარგ ანალიზს არ გავაკეთებთ, ახალი ტიპის უბედურება შეიძლება ის იყოს, რომ ხელისუფლება ეფექტურად ფუნქციონირებდეს, მოსახლეობა უკმაყოფილო იყოს და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ხელისუფლება შეცვალონ და შეიძლება, არჩევნებსაც არ დაელოდონ - ეს იქნებოდა ყველაზე ცუდი, რაც შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო. ეს მაქვს მხედველობაში, რომ არ უნდა გვქონდეს ცრუ მოლოდინი და გაგების საშუალება უნდა გვქონდეს, მოვითხოვოთ ყველასგან ის, რისი გაკეთებაც შესაძლებელია", - განაცხადა ივანიშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ყველაფერზე არიან წამსვლელები, მაგრამ საშუალება არ აქვთ და არც ექნებათ მომავალში, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.
ის გამოეხმაურა წამყვანის, არჩილ გამზარდიას რეპლიკას, რომ "ამბობენ, ოფიციალური მონაცემები მთლიანად წინააღმდეგობაში მოდის ოპოზიციური სპექტრის მიერ გავრცელებულ სკეპტიკურ ინფრომაციასთან".
"დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი, რომლის დომინანტი გახლავთ "ნაციონალური მოძრაობა", ცდილობს იმას, რასაც 9 წლის განმავლობაში აკეთებდა. მხოლოდ ეს ისწავლეს, როგორ მოატყუონ საკუთარი მოსახლეობა და როგორ იყვნენ ოპოზიციაში საკუთარ საზოგადოებასთან. 9 წლის განმავლობაში მათი ქცევებით, ისინი ოპოზიციაში იყვნენ საკუთარ ხალხთან და ცდილობდნენ დაეხატათ, რომ ყველაფერი კარგადაა. მათმა ლიდერმა ისეთი აბსურდი შემოიტანა, ლამის დავით აღამშენებლის პერიოდთან გაავლო პარალელები, რაც აბსოლუტურად არაკორექტული იყო", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, "აგიტმანქანა დღეს პირიქით ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ რადგან თავად ხელისუფლებაში არ არიან, ყველაფერი ინგრევა".
"ვერ მალავენ თავის სურვილს, რომ მათ ეს უნდათ – ეკონომიკა დაინგრეს, ქვეყანა დაინგრეს და განცდა აქვთ, თავი გადაირჩინონ, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ეს ორივე აბსურდია, მათი ხელისუფლებაში დაბრუნება, რამეთუ ქართულ საზოგადოებას მახსოვრობა არ დაუკარგავს. ყველაფერზე არიან წამსვლელები, მაგრამ საშაულება არ აქვთ და არც ექნებათ მომავალში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.