გიორგი მარგველაშვილი - კარგი იქნება, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ქალი იყოს

გიორგი მარგველაშვილი - კარგი იქნება, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ქალი იყოს

კარგი იქნება, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ქალი იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო "რედისონში"'განაცხადა, სადაც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე მაღალი დონის შეხვედრა მიმდინარეობს. ქვეყნის პირველმა პირმა პოლიტიკაში ქალთა როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნებისთვის ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. ''

"ჩვენ დღეს ვაგრძელებთ იმ პროცესს, რომელშიც დიდი ხანია აქტიურად ვმონაწილეობთ. პროცესის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში: ქართულ სახელმწიფო სისტემაში, ქართულ რეალობაში ბევრად მეტი ქალი უნდა იყოს ჩართული მაღალ თანამდებობებზე. დღევანდელი წარმომადგენლობით შეხვედრა მიქმნის იმის განცდას, რომ ამაზე საქართველოში მნიშვნელოვანი კონსენსუნსი შემდგარია. რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია ამ პროცესში, რომლის გამოყოფაც და ხაზგასმაც მინდა.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ერთი რამ - ის, რომ ქალები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციონირებაში, ის რომ მეტი ქალი უნდა იყოს წარმომადგენლობით ორგანოებში, ისევე როგორც აღმასრულებელ სისტემაში, ეს ჭეშმარიტება ჩვენ არ გამოგვიგონია. არის ჭეშმარიტებები, არის ცოდნა, რომლითაც კაცობრიობა უკვე მდიდარია და ამ ცოდნის, ამ მონაცემების და კვლევის საფუძველზე ჩვენ ნათლად ვხედავთ სურათს, რომ ქვეყნებში სადაც ქალთა მონაწილეობა მაღალია, ბევრად უფრო სტაბილური, კონკრეტულ მიზნებზე, მათ კვალიფიციურ გადაწყვეტაზე ორიენტირებული პოლიტიკაა და ეს არის ფაქტობრივი რეალობა, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები. ჯერ კიდევ არ გვაქვს ის სტატისტიკური დონე, რომელიც სასარგებლო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და განაპირობებდა უფრო აქტიურ, უფრო მშვიდობიან და უფრო მომავალზე ორიენტირებულ განვითარებას.

განვითარებული ქვეყნების მმართველობით სისტემებში ქალების წარმოდგენა 40 პროცენტამდეა. სავარაუდოდ, ეს რიცხვი ჩვენთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი და ამ პროცენტული მაჩვენებლისკენ დინამიურად უნდა მივისწრაფოდეთ. ჩვენ იმისთვის რომ რეალურად მივიდეთ ამ დონემდე, უნდა შემოვიღოთ კვოტირების სისტემა. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულებებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ის რომ ამ მიმართულებით ნაბიჯი უნდა გადაიდგას და ეს აისახოს მომავალ არჩვენებზე, ამაში ვარ დარწმუნებული და მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ სპექტს, საზოგადოებას აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. მე იმისიც მჯერა, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი კარგი იქნება რომ ქალი იყოს და ამ მიმართულებითაც კარგი იქნება რომ ერთად გადავდგათ ნაბიჯები", - განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები საქართველოში შექმნის ბევრად უფრო კონკურენტულ გარემოს.

"ქალები წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების ძალიან აქტიურ ნაწილს. ქალების კისერზე გადავიდა ძალიან ბევრი დრამატული პროცესი. ქალები არიან ძალიან აქტიური მეცნიერებაში, ხელოვნებაში. ის, რომ პოლიტიკაში ეს ჯერ ბოლომდე არ არის ასახული, ბუნებრივია, უნდა გამოსწორდეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა