ირაკლი ღარიბაშვილი - მოგიწოდებთ ბიზნესმენებო, ჩაებათ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ახალ პროექტში

ირაკლი ღარიბაშვილი - მოგიწოდებთ ბიზნესმენებო, ჩაებათ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ახალ პროექტში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებს სასურველი ბიზნესპროექტების განხორციელებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ახალციხეში პროექტ "ძლიერი რეგიონი, ძლიერი საქართველოსთვის" პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელსაც ბიზნესმენებიც ესწრებოდნენ.

"მინდა გითხრათ, რომ არჩევანი საკმარისად დიდია. მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება გვერდში დაგიდგებათ ამ საქმეში და ყოველმხრივ შეგიწყობთ ხელს, რომ თქვენი ბიზნესი იყოს წარმატებული. დარწმუნებული ვარ, ამით მოიგებს თქვენი ბიზნესიც და სახელმწიფოც, და ჩვენი ხალხი ბოლოს და ბოლოს რეალურად იგრძნობს ეკონომიკური წინსვლის შედეგებს. თქვენ კარგად იცით, რა პირობებში უწევდა ცხოვრება რეგიონის მოსახლეობას. ყველა რეგიონში არის წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, არასაკმარისი ყურადღება ეთმობოდა ამ პრობლემების გადაჭრას, ისეთი, როგორიც არის გზა, წყალი", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. მისი თქმით, წლების განმავლობაში იხატებოდა აღმშენებლობის სურათი, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი ძირითადად ფასადური ცვლილებები იყო.

"ჩვენ გვინდა ამ რეალობის შეცვლა, ჩვენ რეალური საქმე გვჭირდება - ნამდვილად აღდგენილი ისტორიული ძეგლები, ნამდვილად ამუშავებული თუნდაც მცირე საწარმოები, განვითარებული ქალაქები, რაიონები და ამ რთულ ეტაპზე თქვენი - ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ბიზნესმენებო, ჩაებათ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ამ ახალ პროექტში, შეიტანოთ წვლილი რეგიონის გაძლიერებაში, რაც არის წინაპირობა ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების. მე მჯერა თქვენი პატრიოტიზმის, თქვენი შესაძლებლობების და მჯერა, გექნებათ უამრავი ინიციატივა, რომელსაც განახორციელებთ რეგიონებში. ჩვენ მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით, იქნება ეს ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა, გზა, წყალი, ინფრასტრუქტურა, მაქსიმალური ხელშეწყობა, თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე", - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ყოველდღე ისმის დემაგოგია, რას აკეთებს მთავრობა. "რამდენიმე ძირითად აქცენტს გავაკეთებ. ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ მნიშვნელოვანი პროექტები - 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე წარმატებით განვახორციელეთ რეფორმები ჯადაცვაში, დაზღვეულია საქართველოს ყველა მოქალაქე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს 4 მილიონ 300 ათასი ადამიანი. დასრულდა 82 ახალი ამბულატორიის მშენებლობა, 150 ლარით გაიზარდა და 650 ლარი გახდა სოფლის ექიმების დაფინანსება. იწყება უპრეცედენტო პროგრამა ჩ ჰეპატიტის ელიმინაცია. მკურნალობა ყველა დაავადებულისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მინიმალური პენსია გახდა 150 ლარი; გაორმაგდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და დევნილების შემწეობა. საცხოვრებლით უზრუნველყოფილია 29 479 დევნილი ოჯახი. "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში 400-მდე დევნილ ოჯახს თანხმობა ეთქვა სახლის შესყიდვაზე. სოციალური პაკეტის ფარგლებში 46 500 დევნილ ოჯახს გაეწია 15 000 000 ლარის დახმარება, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილია 90 ეკომიგრანტი ოჯახი და 1200 ეკომიგრანტს უკანონდება საცხოვრებელი სახლი. მოსწავლეებმა უფასო სახელმძღვანელოების 1,016,700 კომპლექტი მიიღეს. უმაღლესი განათლების 21 სპეციალობა გახდა უფასო. სრულად დაფინანსდა პროფესიული სასწავლებლის 12,000-მდე სტუდენტი. აშენდა 20-მდე ახალი სკოლა, რეაბილიტირდა 1 000 სკოლა. 6 რეგიონში ყოველ მესამე და შემდეგ შვილზე გაიცემა ყოველთვიური დახმარება, მთაში - 200, ბარში - 150 ლარი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, "სინათლე ყველა სოფელს" სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 2013 წლიდან დღემდე ელექტროფიცირდა 22 სოფელი, დამატებით 6 სოფელში მიმდინარეობს ელექტროფიცირების სამუშაოები და უახლოს მომავალში დასრულდება.

"2013 წლიდან დღემდე ექსპლუატაციაში შევიდა 8 ჰიდროელექტროსადგური. მთლიანი ინვესტიცია - 251 მლნ აშშ დოლარი. 2013-2014 წლებში სპეციალური შეღავათიანი პირობებით თვეში 25 ლარად ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა საქართველოს მასშტაბით სოფლად მცხოვრებ 88 ათას აბონენტს. ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფელში დასრულდა გაზიფიცირების სამუშაოები, ამჟამად მიმდინარეობს სოფლების ბუნებრივი აირის ქსელში ეტაპობრივი ჩართვა და წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე ყველა სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს ბუნებრივი აირით. ექსპორტი გაიზარდა 13%-ით, ევროკავშირთან - 32%-ით, რუსეთთან - 153%-ით. 2012, 2013, 2014 წელს ჯამურად შემოვიდა 3 მილიარდ 125 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. 2014 წელს 2011 წელთან შედარებით, შემოვიდა 13,9 %-ით მეტი ინვესტიცია. "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში საქართველოს მაშტაბით უკვე სარგებლობს 64 ბენეფიციარი და დაწყებულია შესაბამისი პროექტების განხორციელება. პროექტების ჯამური მოსალოდნელი ინვესტიცია დაახლოებით 112 მლნ აშშ დოლარია. სახელმწიფო პროგრამაში "აწარმოე საქართველოში" ჩართული საწარმოები 2015 წლისათვის დაასაქმებენ დაახლოებით 4.500 ადამიანამდე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, 2012 წლიდან 2014 წლის სამი კვარტლის ჩათვლით საერთაშორისო ტურიზმიდან 4,525,526 500 დოლარი შემოვიდა.

"გაკეთდა 54 კმ ახალი გზა და აშენდა 19 ახალი ხიდი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 554 კმ გზას და 87 ხიდს. გარემონტდა 573 ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რეაბილიტირებულია 3,000 კმ სარწყავი არხი. 35 მუნიციპალიტეტში განხორციელდა სასმელი წყლით მომარაგების 53 პროექტი. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში გლეხებმა უსასყიდლოდ მიიღეს 107 605 506 ლარის ღირებულების სასუქი, 47 835 368 ლარის ღირებულების შხამქიმიკატები, 8 579 187 ლარის ღირებულების თესლი, 53 704 193 ლარის ღირებულების ინვენტარი, 232,486 ლარის ღირებულების ვეტ.პრეპარატები. ჯამში მოიხნა 427,765 ჰა მიწის ფართობი. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემულია 799,324,000 ლარის ოდენობის 27,713 სესხი. გაიხსნა 105 ახალი საწარმო და გადაიარაღდა 580. სოფლის მეურნეობაში დაფინანსებულ საწარმოებში 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი უკვე შეიქმნა. ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო სუბსიდიის დახმარებით გლეხებისგან უკვე შესყიდულია 218 ტონა ყურძენი (მევენახეებმა 2 წლის მანძილზე შემოსავლების სახით მიიღეს 289 მლნ ლარი). სამეგრელოს რეგიონში თხილის რეალიზაციის შედეგად დაახლოებით 200 მლნ ლარი შევიდა. პრემიერის ინიციატივით, განათლების საერთაშორისო ცენტრმა უცხოეთის წამყვან უნივესიტეტებში 87 სტუდენტის სწავლა დააფინანსა", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა