პრემიერი დეპუტატის და პოლიციელის უკანონო თანამშრომლობის შესახებ საგანგებო განცხადებას აკეთებს

პრემიერი დეპუტატის და პოლიციელის უკანონო თანამშრომლობის შესახებ საგანგებო განცხადებას აკეთებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარ პროკურატურას პარლამენტის წევრ გივი თარგამაძესა და პოლიციიდან გათავისუფლებულ რუსლან ბაზიაშვილს შორის ფარული თანამშრომლობის საკითხზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველამ, თუკი დანაშაული დადგინდება, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი, პარლამენტის წევრი იქნება ის, თუ სხვა თანამდებობის პირი.

"მინდა საგანგებო განცხადება გავაკეთო. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურიდან გაათავისუფლა პატრულის თანამშრომელი, რომელიც, როგორც გაირკვა, ფარულად, სრულიად უნებართვოდ და უკანონოდ აწვდიდა ინფორმაციას პარლამენტის წევრ გივი თარგამაძეს. მინდა მივმართო საქართველოს მთავარ პროკურატურას - დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნული საკითხის შესწავლა და თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, დროულად მოახდინონ რეაგირება კანონის შესაბამისად. ეს არის ყოვლად დაუშვებელი ფაქტი. არავინ დგას კანონზე მაღლა, ვინც არ უნდა იყოს – პარლამენტის, მთავრობის წევრი თუ სხვა თანამდებობის პირი. ასე რომ, იქნება ეს პარლამენტის წევრი თარგამაძე? - რა თქმა უნდა, მან კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი, ვინაიდან მისი ქმედება შეურაცხმყოფელია პოლიციელებისთვის, მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ სამსახურიდან დათხოვნილი პოლიციის თანამშრომლის ქმედებას, მას მთავრობის მეთაურმა "უღირსი" უწოდა და აღნიშნა, რომ რაც უფრო დროულად მოხდება ასეთი პოლიციელების გამოვლენა და დასჯა, უკეთესი იქნება.

"მინდა ასევე მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მანაც დაიწყოს აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება. აღმაშფოთებელი ფაქტია, რომ პარლამენტის წევრი ასე უკანონოდ ცდილობდეს ინფორმაციის მოპოვებას პოლიციის თანამშრომლისგან. რაც უფრო დროულად მოახდენენ ასეთი უღირსი პოლიციელების გამოვლენას და დასჯას, იქნება საუკეთესო გამოსავალი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძესთან თანამშრომლობის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დაითხოვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება გენინსპექციის უფროსის მოადგილემ ვარლამ ხათრიძემ გააკეთა.

შსს-ის ცნობით, ბაზიაშვილი თარგამაძეს ინფორმაციებს სისტემატურად აწვდიდა.

"შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგენილია იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელიც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა. დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა "დიჯიპასის" მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა. შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ საკუთარი ეთერისთვის გამოიყენა. ასევე დადგინდა, რომ რუსლან ბაზიაშვილმა გივი თარგამაძეს შსს-ს დაცული ინფორმაცია სხვადასხვა პერიოდში არაერთხელ გადასცა.

გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დათხოვნილია", - აცხადებენ შსს-ში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა