მე ვფიქრობ, რომ შეიძლება, თბილისის მერი დავით ნარმანია ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას ბოლომდე არ ერგება, მოვუწოდებ, რომ მას მოუწევს რეალობის გათვალისწინება და თავისი მენეჯერული თვისებების ცოტა მეტი ფორსირება, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც თბილისის მერიაში კორუფციის ფაქტებს შეეხებოდა.
"კორუფციას ყველგან ნახავთ. არ არსებობს სახელმწიფო, სადაც სახელმწიფო მოხელეს კორუფცია არ ჩაუდენია. მე არ ვიცი, ასეთი სახელმწიფო. ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ საქართველო ევროპული ქვეყნებისგან განსხვავდება. საშუალო მენეჯერებს "ნაციონალური მოძრაობის" დროსაც ებრძოდნენ, რამდენიმე კაცს ჰქონდა მხოლოდ უფლება, ძირითადი უნდა ასულიყო ზემოთ. პირამიდა ჰქონდათ აგებული და ასეთ კორუფციას აკეთებდნენ. შევარდნაძის დროს იყო ერთი ტიპის კორუფცია, სააკაშვილმა დააფუძნა სხვა სახის კორუფცია, რომელია უარესი, ანალიზი თქვენ გააკეთეთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვლმა.
მისივე განცხადებით, რაც ხდება და რაც მოხდა , არის ნორმალური პროცესი.
" გაგახსენებთ შს მინისტრის მოადგილის გელა ხვედელიძის ინციდენტს. კადრები, რომელიც ათასობით ჰქონდა გადაღებული "ნაციონალურ მოძრაობას", ხვედელიძე ერთ-ერთი კადრის გავრცელების შემდეგ მოუწია სამსახურის დატოვება", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, შეცდომები მომავალშიც იქნება, ევროპულ ქვეყნებში არც ერთი არ არის იდეალური დემოკრატია. რაც შეეხება თბილისის მერს, დავით ნარმანიას, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის არის ევროპული ტიპის მენეჯერი.
" შეიძლება ნარმანია ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას ბოლომდე არ ერგება. მოვუწოდებ რომ მას მოუწევს გაითვალისიწნოს რეალობა და ცოტა მეტი ფორსირება მოუწევს თავისი მენეჯერული თვისებების, იმისთვის რომ ის იყოს სიმბოლო ახალი ტიპის განვითარების. ის რაც დააფუძნა სააკაშვილმა, ის 8-9 თვეში აშენებდა შენობებს და აგებდა გზებს, თუმცა შემდეგ ეს გზები ფუჭდებოდა. ეს იყო ეტალონი იმისა, რაც მომავალში არ უნდა მოხდეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, ნარმანიას სტილი მომავლში იქნება იდეალური.
"ნარმანიას ვთხოვდი დააჩქაროს პროცესების განვითარება. საერთო ჯამში არის კარგი სპეციალისტი, კარგი პროფესორი და კარგი მენეჯერი", - აღნიშნა ივანიშვილმა.