"ივანიშვილის ტყუილები არ იჭმება" - ყველაზე მნიშვნელოვანი ციტატები სააკაშვილის მიმართვიდან

"ივანიშვილის ტყუილები არ იჭმება" - ყველაზე მნიშვნელოვანი ციტატები სააკაშვილის მიმართვიდან

სააკაშვილი: ერთი რამ ყველამ კარგად გავიგეთ - ივანიშვილის ტყუილები არ იჭმება

ივანიშვილის ოცნებას ხალხისთვის ხეირი არ მოაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელმაც "თავისუფლების მოედანზე" მიმდინარე აქციის მონაწილეებს ბრიუსელიდან მიმართა.

მისივე შეფასებით, ხელისუფლება "თავის ყოველდღიურ ტყუილებში ბოლომდე გაიჭედა და გაიხლართა".

"ქვეყანა ღარიბდება, ოჯახები ისევ წელში ტყდებიან. საქართველო ისევ დაჩოქვისკენ მიდის. საწარმოები და სხვა ბიზნესები იხურება, სამუშაო ადგილები იკარგება. ერთი რამ ყველამ კარგად გავიგეთ - ივანიშვილის ტყუილები არ იჭმება. ივანიშვილის ოცნებას ხალხისთვის ხეირი არ მოაქვს. ამ მთავრობამ, რომელმაც მიიღო ხალხის დიდი ნდობა, სულ რაღაც ცოტა ხნის წინ ეს ნდობა მთლიანად გაფლანგა და ახლა არის მთლიანად გაკოტრებული, პრაქტიკულად, მთელი საქართველოს და მსოფლიოს თვალში. ეს მთავრობა თავის ყოველდღიურ ტყუილებში ბოლომდე გაიჭედა და გაიხლართა. ტყუილი აღმოჩნდა მისი უკლებრივ ყველა დაპირება – ტყუილი იყო დაპირება დენის და გაზის გაიაფებაზე, ტყუილი იყო დაპირება იმის შესახებ, რომ უფასოდ მოხნავდნენ, მიწას დაამუშავებდნენ და შემდეგ უფასოდ მიიტანდნენ გასაღების ბაზარზე. ტყუილი იყო დაპირება უფასო ფულისა და ბანკებიდან კრედიტების შესახებ. ტყუილი იყო დაპირება, რომ რუსეთთან დაგვილაგებდნენ ურთიერთობას და ნატო-შიც შეგვიყვანდნენ.

ახლა საკითხი ასე კი არ დგას, ვინ რომელ პარტიაში ვართ და ვის როგორი წარსული და შეხედულებები გვაქვს, ახლა საკითხი დგას ასე – მოვაშორებთ თუ არა ხელისუფლებას თავისი საცეცებით, მოვაშორებთ თუ არა ტყუილებით ქვეყნის გამბერავ ოლიგარქს და დავიხსნით თუ არა საქართველოს მისი მარწუხებისგან", - განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, ვარდნის და უკუსვლის გაჩერება ჯერ კიდევ შეიძლება, მაგრამ მისი გაგრძელება არის სრულიად დაუშვებელი.

"დღეს, როგორც არასდროს მძაფრად დგას საკითხი – საქართველოს, ჩვენი მომავლის გადასარჩენად ხელისუფლებას უნდა მოშორდეს რუსი ოლიგარქი და მისი უნიათო და ძალიან მავნე, დამანგრეველი მთავრობა თავისი წარმომადგენლებით. საქართველო უნდა გათავისუფლდეს და მან გააგრძელოს წინსვლა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

სააკაშვილი: საქართველო არ უნდა იყოს პატარა სოფელი, როგორც ამას მოგვიწოდებენ

საქართველო არ უნდა იყოს პატარა სოფელი, როგორც ამას მოგვიწოდებენ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელმაც თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს ბრიუსელიდან მიმართა.

როგორც ქვეყნის ყოფილმა პირველმა პირმა განმარტა, ჩვენ ვართ ძალიან საამაყო, განსაკუთრებული, ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელიც იყო დიდი რეგიონალური მოთამაშე და აუცილებლად გახდება მსოფლიო მასშტაბის სუბიექტი.

"სიმართლე არის ის, რომ საქართველო არ უნდა იყოს პატარა სოფელი, როგორც ამას მოგვიწოდებენ. ჩვენ ვართ ძალიან საამაყო, განსაკუთრებული, ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელიც იყო დიდი რეგიონალური მოთამაშე და აუცილებლად გახდება მსოფლიო მასშტაბის სუბიექტი.

სიმართლე არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვეკიდოთ გაგებით კრიმინალის ზრდას და კრიმინალის თარეშს. სიმართლე არის ის, რომ ნათესაობით, მეგობრობით, ძმაკაცობით და კორუფციით არ უნდა ინიშნებოდნენ ხალხი მთავრობაში და სხვა ადგილებზე. ჩვენ ყველა ადამიანს უნდა გაეხსნას გზა მისი ნიჭის და უნარების მიხედვით და არა ვიღაცის მამებს, დედებს, ბიძაშვილებს, შვილებს, არა ისე, როგორც დღეს არის – ჩაწყობით. ეს არის სისტემა, რომელიც მეგონა ერთხელ და სამუდამოდ მოვიშორეთ.

სიმართლეა ის, რომ არანაირი ალტერნატივა არ არსებობს ევროპული კურსის თავისი ყველა ხარვეზის მიუხედავად და ვირეშმაკობით და აქეთ-იქეთ თამაშით, საქართველომ, შეიძლება მხოლოდ წააგოს.

სიმართლე არის ის და ამას ვერანაირი ფილმები და ბავშვების კინოთეატრებში ტარება ვერ შეცვლის, რომ ივანიშვილამდე, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველო არა თუ არ ინგრეოდა, არამედ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. დღეს კი საქართველო ინგრევა და ეს ნგრევა უნდა შეჩერდეს და ყველაზე უტყუარი სიმართლე არის ის, რომ საქართველოს ნამდვილად შეუძლია წინსვლა, რადგან ბევრად მეტი გამოცდილება გვაქვს ვიდრე ადრე", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

სააკაშვილი: საქართველოს უფსკრულისკენ ერთი რუსი ოლიგარქი მიაქანებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს უფსკრულისკენ ერთი რუსი ოლიგარქი მიაქანებს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა "თავისუფლების მოედანზე" "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე ბრიუსელიდან ჩართვისას განაცხადა.

"საქართველო უფსკრულისკენ მიექანება. ამას გრძნობს ყველა ქალაქის თუ სოფლის მკვიდრი, გრძნობს ყველა და ნახულობს ყველა. უფსკრულისკენ ჩვენ მიგვაქანებს რუსი ოლიგარქი, რომელიც წამოსკუპებულა სასახლეში დამცინავად დაგყურებთ ზემოდან ქვემოთ და გეუბნებათ, რომ ყველაფერი კარგად არის და მარტო თქვენ არ გყოფნით განვითარება ჭკუა და გონება, რომ შეაფასოთ რამხელა სიკეთეში ცხოვრობთ, როგორ კომფორტულად და კარგად არის მოწყობილი თქვენი ცხოვრება და ის აპირებს გასწავლოთ სწორად დანახვა ყველაფერისა, ისე როგორც მას უნდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ივანიშვილი იძახის, რომ საქართველოს საზოგადოება უმწიფარია და მან უნდა ასწავლოს სწორი ანალიზი.

"ამისთვის მზად არის ტელეგადაცემა გააკეთოს და დაგარიგოთ ჭკუა. კრიმინალს რომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ, ეს აგიხსნათ. ბანკირები, რომ უნდა დაიქირაო უკვე კარგად გადაგვიღეჭა. უკვე დადგა რიგები ჩვენს საბაჟოებზე, ასევე ბევრ სახელმწიფო უწყებებში. ის რომ ლარი სინამდვილეში ჯანსაღად იქცევა და ამას ხალხი ვერ ხვდება, ესეც გადაგიღეჭათ. თუკი მისი გადაცემა არ გეყოთ ამის გასაგებად ის მზად არის 200 მილიონი ფილმი გადაიღოს იმისთვის, რომ ყოველ საღამოს აგიხსნათ რა საამურია ცხოვრება და რა კატასტროფა იყო წინა წლების მმართველობა, წინა წლების ვარდების რევოლუციის შემდგომი მთავრობა და ის ენერგია. თუ თქვენი ნებით არ უყურებთ ამ ფილმს, მაშინ მზად არის ბავშვები ძალით ჩასვან ავტობუსებში და აყურებინონ სიცრუეზე აგებული კადრების ის ტყუილები, რომლითაც ის საზოგადოებას კვებდავდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშილმა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-ს მასალების მიხედვით.

მეტი ინფორმაციისთვის

თვალი ადევნეთ აქციასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო დეტალს თეგზე #21 მარტის აქცია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა