დღის ფოტო და დღის მოვლენა: დღე პირველი, დღე უკანასკნელი

დღის ფოტო და დღის მოვლენა: დღე პირველი, დღე უკანასკნელი

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე წარუდგინა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს მადლობა გადაუხადა.

ქვეყნის პირველმა პირმა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის წარდგენაზე ინსტიტუტების მდგრადობისა და მემკვიდრეობითობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"დღეს ჩვენ კიდევ ერთ სერიოზულ საკითხს – ინსტიტუტების მდგრადობას და მემკვიდრეობითობას ვუსვამთ ხაზს. ბატონი კოტეც დღეს ჩვენთან ერთად არის და ამით ნათლად ვაჩვენებთ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს, ვაგრძელებთ ინსტიტუციურ მემკვიდრეობას და საქართველოში ის, რაც მოხდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, როდესაც მოხდა მშვიდობიანი ცვლა პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ეს არ იწვევს რყევებს. ჩვენ ყველა ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს და სამშობლოს ვემსახურებით ამ ინსტიტუტების მეშვეობით. ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა შეხედულებები, მაგრამ მთავარია ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი სამშობლო, აქედან გამომდინარე, ვაძლიერებთ მის ინსტიტუტებს. ინსტიტუტების გაძლიერება ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. მე მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ კოტეს მობრძანებისთვის; მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს თაობათა ცვლა, ერთი თავმჯდომარე მიდის, მეორე მოდის, მაგრამ ინსტიტუტი რჩება და ეს არის უმნიშვნელოვანესი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ქვეყანას აქვს რეალური შანსი რომ მიიღოს მართლაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება და ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ , - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამშრომლებთან წარდგენისას უზენაეს სასამართლოში განაცხადა.

გვენეტაძემ თანამშრომლებს მიმართა, რომ მათი ძალისხმევით და მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის იდეა.

"ყველა თქვენგანი თავს უნდა გრძნობდეს დამოუკიდებლად, რათა ხელისუფლების განცხადებებმა ან არასწორად ფორმირებულმა საზოგადოებრივმა აზრმა არ მოახდინოს თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენა. სასამართლო დამოუკიდებლობა და საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება არის ის უმთავრესი მიზანი, რომლისთვისაც თქვენ იღწვოდით და ჩემთან ერთად, ერთიანი ძალისხმევით მოგვიწევს ამაზე ფიქრი. ქვეყანას აქვს რეალური შანსი, რომ მიიღოს მართლაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება და ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს კედლები მისთვის უცხო არ არის.

"მე გავიარე სამოსამართლეო უფლებამოსილების პერიოდი, ასევე განვლე ბრძოლის გზა, რომელმაც თქვენთან დამაბრუნა. თქვენი პატივისცემით და თქვენდამი დიდი სიყვარულით დიდ მადლობას მოვახსენებ ბატონ კოტეს წარმარტებული სურვილებისთვის, შევეცდები ხალხის ნდობა, საზოგადოების მოლოდინი სიმართლის დასადგენად, სამართლიანობის დასამკვიდრებლად, თქვენთან ერთად განვახორციელო", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-ს მასალების მიხედვით

ირაკლი გედენიძის ფოტო

იხილეთ ასევე: მნიშნველოვანი ეპიზოდები ნინო გვენეტაძის ცხოვრებიდან - ქვეყნის პირველი მოსამართლის კანდიდატის პროფესიული წარსული

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა