როგორ აფასებს მთავრობა IRI-ის კვლევის მისთვის სავალალო შედეგებს და სადამდე დაეცა "ოცნების" რეიტინგი

როგორ აფასებს მთავრობა IRI-ის კვლევის მისთვის სავალალო შედეგებს და სადამდე დაეცა "ოცნების" რეიტინგი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელის, ირაკლი სესიაშვილისთვის IRI-ის კვლევის შედეგები სანდო არ არის. დეპუტატის შეფასებით, კვლევა რეალობას არ ასახავს.

"არასდროს არც IRI-ის და არც NDI-ის კვლევაზე კომენტარი არ გამიკეთებია. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებს დიდ პატივს ვცემ, კვლევების შემსრულებელი ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ კვლევის პროცესს, გვაქვს პრეტენზიები, მათი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების თუ შეხედულებების გამო. ეს კვლევა არ არის რეალობის ამსახველი", - აცხადებს სესიაშვილი.

ვიცე პრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საჭიროა IRI-ს ოფიციალურ მონაცემებს დაველოდოთ და კომენტარი მონაცემებზე მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთდეს.

კალაძის თქმით, ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ მას კარგი ანალიზი დასჭირდება. ამის შესახებ კახა კალაძემ ნავთობის, გაზის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის საერთაშორისო კონფერენციის გახსნამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

"დაველოდოთ ოფიციალურ მონაცემებს. ამის შემდეგ მას კარგი ანალიზი დასჭირდება და შემდეგ შესაძლებელი იქნება კომენტარის გაკეთება", - განაცხადა კახა კალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის შეფასებით, IRI-ის კვლევის შედეგები დამაფიქრებელია.

ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კვლევა ლარის გაუფასურების პერიოდშია ჩატარებული.

"ორგანიზაციებმა, რომლებიც IRI-ის და NDI-ის კვლევებში მონაწილეობენ, საზოგადოების დიდი სიმპატია და ნდობა ვერ დაიმსახურეს, თუმცა რაც გამოქვეყნდა, გვექნება საშუალება იმისა, შევაფასოთ. აქ მარტო ნდობის თემა არ არის, საჭიროა ჩაღრმავებული ანალიზი. პირველადი მონაცემები, რომელსაც გუშინ გავეცანი, დაფიქრების საფუძველს იძლევა. "ქართული ოცნება" წინ არის, რაც მოსალოდნელი იყო. ნდობა მის მიმართ მაღალია და იმ პრობლემების შეფასება, რაც გუშინ წარმოადგინეს, საინტერესოა. კვლევები დაემთხვა ლარის მძლავრი რყევის პერიოდს და რასაკვირველია, ამან გავლენა მოახდინა. საუბარია ეკონომიკურ თემებზე, სოციალურ საკითხებზე-კვლევა ცუდ ფონზე ჩატარდა" - აცხადებს გია ვოლსკი.

ნამდვილი კვლევა არჩევნებია, - ასე ეხმაურება ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" წარმომადგენელი ლევან ბერძენიშვილი IRI-ის კვლევის შედეგებს.

"ყველა კვლევას თავისი კოეფიციენტი აქვს. რაც იქ წერია, ის შედეგი არჩევნებზე არ დაფიქსირდება, ნამდვილი კვლევა არჩევნებია, მაგრამ ტენდენციებს, რა თქმა უნდა, კვლევა აჩვენებს", - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი, რომელიც კვლევის შედეგებს პირადად ჯერ არ გასცნობია.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ნაწილი გახდა ცნობილი. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევის კითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას, პარტიათა ჩამონათვალი ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" 36%, "ნაციონალური მოძრაობა" 14%, "თავისუფალი დემოკრატები" 10%, "ლეიბორისტული პარტია" 6%, "დემოკრატიული მოძრაობა" 5%, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 5%. საინტერესოა, რომ იგივე IRI-ს კვლევის მიხედვით, 2012 წელს "ქართულ ოცნებას" 63, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 13% უჭერდა მხარს.

გარდა ამისა, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ[მეტი]. ორივეს ნდობის 62 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. ირაკლი ალასანიას გამოკითხულთა 57 პროცენტი ენდობა[მეტი]. IRI - საზოგადოების 55% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის [მეტი].

კვლევის შედეგების გამოქვეყნებას IRI 27 მარტისთვის გეგმავს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-ს მასალების გამოყენებით

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა