რა ქონება დააგროვა კოტე კუბლაშვილმა 10 წლის განმავლობაში: შევარდნაძის ღარიბი ჩინოვნიკიდან პირველ მოსამართლემდე

რა ქონება დააგროვა კოტე კუბლაშვილმა 10 წლის განმავლობაში: შევარდნაძის ღარიბი ჩინოვნიკიდან პირველ მოსამართლემდე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ვადის გასვლის შემდეგ მის პოსტზე ნინო გვენეტაძე დაინიშნა. კოტე კუბლაშვილის სასამართლოს ხშირად აკრიტიკებდნენ უსამართლო განაჩენების გამოტანის გამო, თუმცა იგი აღნიშნულ პოზიციას 10 წლის განმავლობაში იკავებდა და ძალიან სოლიდურ ხელფასსაც იღებდა. Ambebi.ge დაინტერესდა, რა ქონება დააგროვა კუბლაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობისას.

კოტე კუბლაშვილი ტყიბულში დაიბადა და გაიზარდა. დაამთავრა თბილისის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იყო ზაარლანდის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. არის ჰანოვერის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი.

ახალგაზრდა რეფორმატორი კუბლაშვილი, 2000 წელს, შევარდნაძის ხელისუფლებაში ერთ-ერთი ღარიბი ჩინოვნიკია. მას, თანამდებობაზე დანიშვნის დროს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჰქონდა 15 ათას დოლარად შეფასებული, 53 კვმ. ფართობის ბინა, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, 1992 წელს მშობლების დანაზოგი 20 ათასი რუბლით შეიძინა. მისი მეუღლის, მარინა მესხის დეკლარირებულ ქონებას კი 2 500 დოლარად შეფასებული პერსონალური კომპიუტერი "ტოშიბა" წარმოადგენდა. მხოლოდ ამ ქონების შეტანა მოახერხა პირველ დეკლარაციაში კუბლაშვილების ოჯახმა. თუმცა მის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია გაცილებით უფრო შთამბეჭდავია.

აღსანიშნავია, რომ ქონების ძირითადი ნაწილის მფლობელია მისი მეუღლე, მარინა მესხი. კუბლაშვილების ოჯახი თბილისში ორ სახლს ფლობს. ერთ-ერთი სახლი, რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს, სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის საკუთრებაა, მისი ფართი 55 კვ.მეტრია.

მისი მეუღლის სახელზე ფიქსირდება პეკინის 26/30-ში მდებარე, 190 კვ.მეტრი ფართის მქონე საცხოვრებელი სახლი. ამბობენ, რომ ეს სახლი კოტე კუბლაშვილის ოჯახს მისმა ცოლისდამ აჩუქა. მარინა მესხი მიწის ნაკვეთებს ფლობს თბილისის ზღვაზე, ოზურგეთში და მცხეთაში. მას მცხეთაშიც აქვს სახლი.

2014 წელს შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ კოტე კუბლაშვილს "რესპუბლიკა ბანკის" საკრედიტო ბარათზე 14 200 ლარი (კრედიტი +) ჰქონდა. 15 350 დოლარი კრედიტი (+) არის მითითებული, მისი ქალიშვილის ანა მარიამი კუბლაშვილის სადეპოზიტო ანგარიშზე.

გრაფაში თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს, მითითებულია, რომ კოტე კუბლაშვილს ანგარიშზე აქვს 10 000 ლარი.

კონსტანტინე კუბლაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობისას 2013 წელს მიღებული აქვს 127 300 ლარი, ხოლო მის მეუღლეს, რომელიც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორია, ამ თანამდებობიდან ხელფასის სახით აღებული აქვს 49 400, ხოლო თსუ იურიდიული ფაკულტეტზე მუშაობის სანაცვლოდ - 3 000 ლარი.

კუბლაშვილის მეუღლემ 2 250 ლარი სწავლაში გადაიხადა. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ეს თანხა 2013 წელს დოქტორანტურის გადასახადია. მარინა მესხმა 7 200 ლარი რემონტში დახარჯა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა