თეა წულუკიანი - რიგის სამიტზე ველოდებით, რომ ბრიუსელი საბოლოო მიზნისკენ გზას გაგვიხსნის

თეა წულუკიანი - რიგის სამიტზე ველოდებით, რომ ბრიუსელი საბოლოო მიზნისკენ გზას გაგვიხსნის

რიგის სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ ბრიუსელი გზას გაგვიხსნის საბოლოო მიზნისკენ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ბრიუსელიდან ჩართვისას რიგის სამიტთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ საბოლოო მიზანი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაა.

წულუკიანის განცხადებით, მედიამ და საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მთავრობამ ძალიან ბევრი მასშტაბური და ზოგიერთი მტკივნეული რეფორმაც ჩაატარა ერთადერთი მიზნისთვის, რათა "რიგის სამიტზე ჩვენ მივიღოთ დადებითი შუალედური გადაწყვეტილება, რომელსაც ზოგიერთი ტექნიკურ გადაწყვეტილებასაც უწოდებს საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე".

"ეს ორი სხვადასახვა ტიპის გადაწყვეტილებაა, თუმცა შუალედური გადაწყვეტილების გარეშე, რომელსაც ჩვენ რიგის სამიტზე მოველით, რა თქმა უნდა, ვერ დადგება საბოლოო გადაწყვეტილება. რა განსახვავებაა ამ ორს შორის, მე სწორედ შუალედური დადებითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით კიდევ ერთხელ ვათანხმები სხვადასხვა ანალიტიკურ შედეგებს, დასკვნებს, მათ შორის, ჩემს ბელგიელ კოლეგასთან და სულ ახლახან შეხვედრა მქონდა ევროკომისარ ავრამოპულოსის აპარატთან, რომელიც არის შინაგან საქმეთა ევროკომისარი ევროკავშირში. ჩვენ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რადგან ეს არ არის რიგის სამიტის ფუნქცია, რომ წელს მაისში გვითხრას საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც ხელში აქვს უსაფრთხო დოკუმენტები - ბიომეტრიული პასპორტი, თუ ელექტრონული პირადობის მოწმობა, რომ მათ შეეძლებათ, რიგის სამიტის მეორე დღესვე ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ იმგზავრონ. ეს არის მომდევნო საბოლოო გადაწყვეტილება, რაც არის საბოლოო მიზანი, მაგრამ რიგის სამიტზე ჩვენ ველოდებით შუალედურ დადებით გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირი იტყვის: დიახ, საქართველომ ჩაატარა რეფორმები, ის, რაც იყო მოთხოვნილი, როგორც ამას კულუარულად და სალაპარაკო ენაზე საშინაო დავალებები ეწოდება, როგორც ეს თავის დროზე მოლდოვამ გააკეთა და მისი მოქალაქეები ევროკავშირში უკვე უვიზოდ დადიან. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ რიგის სამიტზე იტყვიან, რომ რეფორმები შესრულებულია, რომ საკანონმდებლო რეფორმების იმპლემენტაცია წარმატებულად მიმდინარეობს და რომ გზა ხსნილია უკვე ევროკომისიისა და ევროსაბჭოს გადასახედიდან, რომ ინდივიდუალურმა სახელმწიფოებმა - საფრანგეთმა, ჰოლანდიამ, გერმანიამ, პორტუგალიამ და სხვა ევროკავშირის წევრებმა ნელ-ნელა საქართველოს საზღვრები გაუხსნან და მოხსნან ვიზის რეჟიმი, ანუ ჩვენი მიმოსვლა უვიზო გახდეს, რაც უნდა იყოს საბოლოო მიზანი, ხოლო რიგის სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ ბრიუსელი გზას გაგვიხსნის ამ საბოლოო მიზნისკენ", - განაცხადა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა